საზოგადოება დეკანოზი თეოდორე გიგნაძე - "ჩემი ძალა კონკრეტულ ტაძარში არ არის, ღმერთთან ურთიერთობაშია " 2012, 19 ივნისი, 12:11 დეკანოზი თეოდორე გიგნაძე საკმოდ იშვიათ და ბედნიერ გამონაკლისს წარმოადგენს დღევანდელ სასულიერო პირებს შორის. ვისაც მოსმენილი აქვს მისი ქადაგება ან უნახავს სატელევიზიო გამოსვლა, ვფიქრობ იგივე შთაბეჭდილება შეექმნება რაც მე - ამ ადამიანის სიტყვები მისი ღრმა რწმენიდან მოდის. ნამდვილად ვერ გამოვდგები თეოლოგიური ჭეშმარიტების დამდგენად, თუმცა, როგორც ყველა მორწმუნეს, ჩემისთანა ცოდვილსაც აქვს უფლება შეაფასოს ნათქვამი სიტყვა და მისი შესაბამისობა წმინდა წერილთან. ჟურნალმა "ტაბულამ" გამოქვეყნა ინტერვიუ დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან, რომელიც მრავალმხრივაა საინტერესო. თავად "ტაბულა" ლიბერალური იდეოლოგიის პროპაგანდისტადაა ცნობილი, მაგრამ მკითხველისათვის თეოდორე გიგნაძეს პასუხები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჟურნალისტის ინტრიგაჩაქსოვილი კითხვები. გავყვეთ. ID ბარათების შესახებ "როცა ამ ბარათებზე მეკითხებიან, მე ვპასუხობ – პავლე მოციქული მასწავლის, რომ დედამიწაზე არ არსებობს ძალა, არათუ ბარათი, რომელიც ჩემსა და უფალს შორის დადგება." 100 %-ით ვეთანხმები. როგორ შეიძლება ამ საკითხზე ასეთი აჟიოტაჟის ატეხვა? ყველას ექნება გაგონილი აპოკალიპსური წინასწარმეტყველებანი, რომლებსაც "უფლის ჩაგონებით" ავრცელებენ ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლები. ამ წინასწარმეტყველების მიხედვით, შტრიხ-კოდი ეშმაკისეულია, ელექტრონული ბარათიც და ამ ყველაფრის მიღება ანტიქრისტეს უკვლავს გზას. აბა უბრალოდ წარმოიდგინეთ - ვიღაც ღვთისმოსავი, რომელიც მთელი ცხოვრება ცდილობს სახარებისეული მცნებებით იცხოვროს, ანტიქრისტეს მიმდევრად შეიძლება მხოლოდ იმიტომ იქცეს, რომ სახელმწიფომ ახალი ტიპის პირადობები დანერგა, ანდა სულაც გასტრონომში ერთი ბოთლი ზეთი იყიდა სამარხვო საჭმლის მოსამზადებლად. შეიძლება რომ ღმერთმა ასეთი რაღაც, რაც აშკარად ადამიანის კონტროლის მიღმაა, ცოდვად ჩათვალოს? მე უფალს უფრო სამართლიანად მივიჩნევ, ვიდრე ამ იდეების მქადაგებლები. ეკლესიის სტატუსი არა, მამა თეოდორეს უშუალოდ ამის თაობაზე არაფერი უთქვამს, მაგრამ აი მისი ციტატა: "ადამიანის თავისუფლების ხარისხი და სწრაფვა ღვთისაკენ ვერ შეიზღუდება ნორმატიული აქტებით. პავლე მოციქული ამბობს, ჩემი ჯაჭვებით უფრო თავისუფალი ვიყავიო. ხომ საოცარი სიტყვებია? ამიტომ არ აქვს ამას სულიერი თვალსაზრისით მნიშვნელობა. იმ ავადსახსენებელ კომუნისტურ წლებსა და ქრისტიანობის პირველ სამი საუკუნეში რამდენი წმინდანი შეემატა ეკლესიას? ხედავთ როგორ ძლიერდება ამ დროს თავისუფლების ხარისხი?" რა თქმა უნდა ასეცაა. წარმოგიდგენიათ ქრისტეს მოციქულები რომელიმე მეფესთან იმის მოთხოვნით მისულები, რომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად უნდა გამოცხადდესო? ქრისტიანობას უპირატესობა კონკრეტულმა ადამიანმა უნდა მიანიჭოს საკუთარ გულში და არა სახელმწიფოსაგან მიეცეს რაღაც პრეფერენციები. ამგვარად გავრცელებულ რწმენას აქვს მადლი უფლის თვალში, როგორც სახარება გვასწავლის. სხვა ეკლესიებისათვის ტაძრების დაბრუნება "როგორც მართლმადიდებელს, არ მეშინია, რომ მონოფიზიტებს, კათოლიკეებს თავიანთი სალოცავები ჰქონდეთ. მიმაჩნია, რაც შენია, შენი უნდა იყოს. ჩემი ძალა კონკრეტულ ტაძარში არ არის, ცოცხალ ურთიერთობაში, ღმერთთან ურთიერთობაშია." ოქრო სიტყვებია. ღმერთმანი, არ ველოდი ეკლესიის წარმომადგენელი თუ ამას იტყოდა შარშანდელი ისტერიის შემდეგ, როდესაც ზოგიერთი უღირსი მღვდელი იწყევლებოდა (!!!!!), არ გაბედოთ საპატრიარქოს ქონებასთან შეხებაო. რაღა თქმა უნდა, რომ ეკლესია უპირველესად სწორედ მართლმორწმუნეებია დ მხოლოდ ამის შემდეგ შენობა-ნაგებობები. ცალსახად მინდა დავაფიქსირო, რომ ყოველივე ზემოთ თქმული არ ნიშნავს ქართული ეკლესიების "უპრაგონოდ" გასხვისებას. პირიქით, სახელმწიფომაც და ეკლესიამაც მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მიმართონ ქართული ისტორიული ძეგლების საქართველოს მფლობელობაში მოსაზიდად. უნდა იღებდეს თუ არა ეკლესია სახელმწიფო დაფინანსებას "ღვთის წინაშე გეუბნები – უსუსურია მღვდელი, რომელსაც კეისრის დახმარება სჭირდება. ეს არის სამარცხვინო და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება." კომენტარის გარეშე. უბრალოდ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს აღფრთოვანებას ჭეშმარიტი მღვდელმსახურის ნათქვამისადმი. უნდა ვიომოთ თუ არა დავით გარეჯისათვის კითხვა ეხება მამა ილარიონის განცხადებას, თუ საჭირო გახდა, კიდეც უნდა ვიომოთო. თეოდორე გიგნაძე ასე ეხმაურება ამას: "ჯერ კიდევ ილია ამბობდა, რომ ხმლით ომის დრო წავიდა. ჩვენი ომი უნდა იყოს გონებით და გულით და ცოდნით. რა ომზეა ლაპარაკი!" როგორც იტყვიან - რომელსა ასხდნეს ყურნი, ისმინოს!! ჩემთვის ეს ინტერვიუ სასიამოვნო გამონაკლისი გახდა ბოლო დროის რელიგიურ თემატიკაზე წაკითხული მასალებიდან. ყველას გირჩევდით, გაეცნოთ სრულ ტექსტს ქვემოთ მოცემულ ბმულზე: http://www.tabula.ge/article-23048.html 362 9-ს მოსწონს
|