საზოგადოება შევარდნაძის პროვოკაცია ივანიშვილის წინააღმდეგ 2012, 27 ივლისი, 11:58 საუბარია დაუვიწყარ ედუარდ ამბროსოვიჩზე. შევარდნაძეზე, რომელმაც თავის დროზე საბჭოთა კავშირის მასშტაბით დააპიარა საქართველოს კორუმპირებულობის ამბავი, ხოლო როდესაც თავად მოვიდა ცეკას პირველ მდივნად, ქრთამის "სტავკები" გააორმაგა,
რომელმაც თვითმფრინავის გამტაცებლებთან ერთად "საქმეში გაიყვანა" და დახვრიტა სრულიად უდანაშაულო მღვდელი ჩიხლაძე, რომელმაც ორგანიზება გაუკეთა სისხლიან გადატრიალებას ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ და მოაწყო რეგულარული ეგზეკუციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და ა.შ. და ა.შ. შევარდნაძის "დამსახურებები" ყველას კარგად ახსოვს. თუმცა ზვიად გამსახურდიას გადაგდების შემდეგ გამოგვიცხადა, რომ მოვინათლე და ედუარდი კი არა გიორგი ვარო, სინამდვილეში იგივე ედიკა დარჩა, კომუნისტური იდეოლოგიით გამსჭვალული და შურისმაძიებელი ბუნების მქონე. ახლა ფაქტი, რის გამოც სტატიის დაწერა გადავწყვიტე. გაზეთ "ასავალ-დასავალი"-სათვის მიცემულ ინტერვიუში ბატონმა ედიკამ ერი დამოძღვრა "თუ ვინმეს კიდევ სჯერა შევარდნაძის სიტყვის, ჩემი რჩევა იქნება, ყველამ ხელი შეუწყოს ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლას. ეს არის გადარჩენისა და წინსვლის ერთადერთი გზა." ივანიშვილმა თავის არაერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ის აფინანსებდა ვარდების რევოლუციას, რადგან თვლიდა, რომ შექმნილი სიტუაცია აუტანელი იყო. ანუ, შევარდნაძე თავის დროზე ჩამოაგდეს მათ შორის იმიტომაც, რომ მის წინააღმდეგ ივანიშვილიც გამოდიოდა. შევარდნაძეს ვინც კი იცნობს, ხაზგასმით აღნიშნავს რომ ესაა ადამიანი, რომელსაც წყენის დავიწყება არ შეუძლია და ბოლომდე ეცდება სამაგიერო გადაუხადოს მის წინააღმდეგ ნებისმიერ გამომსვლელს. გამონაკლისი ვერ იქნებიან ვერც მიშა და ვერც ბიძინა. ორივეს წინააღმდეგ ცეკას ყოფილ პირველ მდივან ედუარდ-გიორგის საკმაოდ სერიოზული პრეტენზიები აქვს. ერთი ისიც ვიკითხოთ, არის რაიმე პლუსი ივანიშვილისათვის შევარდნაძის ზემოთ მოყვანილი განცხადება? განა ხალხს რაიმე პოზიტივი ახსოვს შევარდნაძესთან ასოცირებული? თუ შევარდნაძე მხარს უჭერს, ე.ი. ხალხის აზრით შევარდნაძე გულისხმობს, რომ ივანიშვილი იქნება მისთვის (ედიკასათვის) მისაღები პოლიტიკის გამტარებელი. და ედიკასათვის მისაღები პოლიტიკა ყველამ ვიწვნიეთ, რაც შეიძლება იყოს - კორუფცია, ძალადობა, კრიმინალის თარეში. მაშასადამე ეს ის შემთხვევაა, როდესაც ივანიშვილმა უნდა თქვას: "ღმერთო დამიფარე ასეთი მეგობრებისაგან, ხოლო მტრებს როგორმე თავად მივხედავო". შევარდნაძის მიერ გამოცხადებული მხარდაჭერა უხერხულ მდგომარეობაში აგდებს ივანიშვილს და კოზირს აძლევს მის მოწინააღმდეგეებს. და ედიკას ინტერესი რაღაა? რა და - დაუჭამიათ ერთმანეთი მის ყოფილ მოწინააღმდეგეებს. ცეცხლზე ნავთს დაასხავს, დაპირისპირებას გააძლიერებს და მერე მწუხარე სახით იტყვის, რომ ამ ორიდან სამწუხაროდ არაფერი გამოვიდა, იქნებ ლევან პირველზე (მაგალითისათვის) გვეფიქრაო. გაწამებული ხალხიც უფრო დამჯერე შეიძლება გახდეს. სხვა ყველაფერთან ერთად ედუარდ-გიორგიმ ყოველთვის ძალიან კარგად იცოდა ხალხის რეალური დამოკიდებულება მის მიმართ. ამიტომაც მუდმივად აძლიერებდა რეპრესიულ აპარატს. ახლაც მშვენივრად მოეხსენა, რომ მასთან დაკავშირებული სიკეთე ძნელად რომ ვინმეს გაახსენდეს, ბოროტება კი - უამრავს. ახლაც კარგად მოეხსენება, როგორი იქნება ხალხის რეაქცია მის სიტყვებზე. ამიტომ მეგობრებო, ვფიქრობ რომ ბიძინასათვის ერთადერთი სწორი გზა შექმნილ სიტუაციაში არის შევარდნაძისა და მისი ნარჩენებისაგან საჯარო და რადიკალური გამიჯვნა. ეს ბუნებრივად იქნება იმის დასტური, რომ მისი პოლიტიკური ხედვა ედუარდ-გიორგის მიდგომებისაგან პრინციპულად განსხვავებულია და ივანიშვილის გამარჯვების შემთხვევაში შევარდნაძის "მესამედ მოსვლა" აღარ ემუქრება საქართველოს br / 2662 15-ს მოსწონს |
თუ იტყვის, ბუნებრივია ჩვენც გვექნება საფუძველი ვიფიქროთ, რომ რაღაც გადაფასება მოხდა ამ ადამიანში.