კინო გოგი გეგეჭკორი:" მე არც შეურაცხყოფა მიმიყენებია ადამიანისთვის, არც მიჩხუბია, - არასდროს!" 2018, 23 თებერვალი, 14:06 95 წლის წინ, 1923 წლის 23 თებერვალს ქალაქ თბილისში დაიბადა გამოჩენილი ქართველი თეატრის და კინოს მსახიობი გოგი(გიორგი გეგეჭკორი), მსახიობმა თავის ხანგრძლივი კარიერის მანძილზე თეატრის სცენაზე ითამაშა 120-მდე როლი, მათ შორის მგელი(ჭინჭრაქა), ჰამლეტი(ჰამლეტი), პლატონი(სამანიშვილის დედინაცვალი)ტიგრან გულოიანი(თეთრი ბაირაღები) და მრავალი სხვა.
მისი კინოდებიუტი 1954 წელს შედგა ფილმში "ჭრიჭინა", სადაც მსახიობმა ლევანის როლი შეასრულა, მას შემდეგ მსახიობმა 30- ზე მეტ ფილმში ითამაშა, მათ შორის "წარსული ზაფხული", "ჩარი-რამა", ვერის უბნის მელოდიები", "ნატვრის ხე", "დათა თუთაშხია", "კაცია-ადამიანი" და სხვა.
გიორგი გეგეჭკორი არის სახელმწიფო და კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი. ***დაიბადა პოეტის და მუსიკოსის ვლადიმერ გეგეჭკორის და პედაგოგ თამარ გელოვანის ოჯახში, ბაბუამისი კი მარტვილის მონასტრის უკანასკნელი დეკანოზი იყო. ***რუსთაველის თეატრში აკაკი ხორავას მეოხებით მოხვდა, პირველი როლი იყო გლუმოვი- ოსტროვსკის პიესაში "ზოგჯერ ბრძენიც შეცდება". *** მსახიობს უზომო პოპულარობა მოუტანა დადგმამ "ბედი მგოსნისა" სადაც მან ნიკოლოზ ბარათაშვილის როლი შეასრულა, მსახიობს გოგონებისგან მიდიოდა აუარებელი წერილები, თაყვანისცემლები თეატრთან ელოდებოდნენ, თითქმის 300-ჯერ დაიდგა სცენაზე ეს სპექტაკლი, რომელიც მუდამ ანშლაგით მიდიოდა. ***ერთხელ მისმა მეუღლემ, ცნობილმა თეატრმცოდნემ ნათელა ურუშაძემ მეუღელზე ასე იხუმრა:"ბარათაშვილს და დონ-კიხოტს გავყევი ცოლად და ხელში შემრჩა მეგრელი მგელი, (ჭინჭრაქა)ალქაჯი და რეციდივისტი ტიგრანა გულიოანიო" *** გოგი გეგეჭკორმა და ნათელა ურუშაძემ 1953 წლის მარტში იქორწინეს. ეს ის პერიოდია, როდესაც სტალინი ახალი გარდაცვლილი იყო, ამიტომაც მხოლოდ ხელი მოაწერეს მმაჩის ბიუროში, ქორწილი კი აღარ გადაიხადეს. არ გასულა რამდენიმე დღე და თეატრალურ ინსტიტუტში საჩივრის წერილი მისულა. იმ დროს ნათელა ურუშაძე უკვე ინსტიტუტში მუშაობდა, პრორექტორი კი აკაკი ფაღავა გახლდათ. ბატონმა აკაკიმ წინ დაუდო ნათელას წერილი, სადაც ერთი "ძალიან აღშფოთებული" ადამიანი წერდა შემდეგს: სამარცხვინო რამ ხდება თქვენს სასწავლებელში. მაშინ, როცა მთელი საბჭოთა ქვეყანა გლოვობს დიდი ბელადის გარდაცვალებას, თქვენი თანამშრომელი ბედნიერდებაო ***მიხეილ თუმანიშვილი: "თუ გიყვართ თქვენ სიცილი. გინდათ, გულიანად იცინოთ. თუ გსურთ, დატკბეთ კომედიის მსახიობის ბრწყინვალე ოსტატობით, მაშინ დაუყოვნებლივ შეეცადეთ, იშოვოთ ბილეთი რუსთაველის თეატრის სპექტაკლზე "ამბავი სიყვარულისა" და ნახეთ გიორგი გეგეჭკორი, რომელიც ექვთიმე ქათამაძის როლს ასრულებს." *** ქართული თეატრის ჯენტლმენი- ხშირად ვიმეორებ ამ სიტყვებს გოგი გეგეჭკორის მისამართით-ზოგჯერ მეჩვენება, რომ მთელი საქართველო არტისტობს- საერთოდ ქართველი მუდამ არტისტობს. ჩემზე ადრე ეს ახმეტელმა თქვა. მასზე საუკუნეებით ადრე კი უცხოელებმა- ქართველები ყოველთვის სხვის საჩვენებლად თამაშობენო. ჯენტლმენობა კი სულ სხვაა. ბუნებამ უნდა მოგცეს იგი.(ვასილ კიკნაძე) ***"წიგნი ფიცისას" ვიღებდით, მე ანტონ კათალიკოსის როლს ვთამაშობდი, გადაღებები პეტერბურგში, ნევის სანაპიროზე მიმდინარეობდა, "მოტორ" დაიძახეს და გადაღებებიც დაიწყო, ამ დროს წინ გადაგვიდგა მანქანა და იქიდან გადმოვიდა ახალდაქორწინებული წყვილი, "დაგვლოცე მამაო" მითხრეს, მე გიგა ლოდქიფანიძეს გადავხედე, მან თავი დამიქნია, "ღმერთმა დაგლოცოთ შვილებო" ვუთხარი, ისინი ხელზე მეამბორნენ, ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ(გოგი გეგეჭკორი) ***ახლა ვფიქრობ და ჩემ თავს ვეკითხები: როგორ გაიარე ცხოვრება, რა დატოვე და რით მიდიხარ იქ, იმ ქვეყნად? ჩემ თავს რომ ვუსაყვედურო, მართალი არ ვიქნები! რუსთაველის თეატრში თუ სხვაგან, მე არ დამიზოგია არც დრო და არც თავი. მე არც შეურაცხყოფა მიმიყენებია ადამიანისთვის, არც მიჩხუბია — არასდროს! ადამიანის გადარწმუნება კი მიყვარს, მაგრამ კონფლიქტის გარეშე ვიცხოვრე და ჩემ პროფესიაში ეს იშვიათი შემთხვევაა — ამ მხრივ ბედნიერი კაცი ვარ.(გოგი გეგეჭკორის 2000 წლის ინტერვიუდან) ***გოგი გეგეჭკორი გარდაიცვალა 2003 წლის 11 მარტს, ამავე წელს შესრულებული როლი ფილმში "ექვსი და შვიდი" უკანასკნელი აღმოჩნდა, დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. 177 7-ს მოსწონს
|