მოვლენები როგორ იყიდა კომპანია ''Аdidas'' - მა სამი ხაზის უფლება 2018, 21 თებერვალი, 17:48 1916 წელს ჰელსინკის ცენტრში გაჩნდა პატარა სახელოსნო აბრით Ab Sportartiklar Oy. აქ იყიდებოდა თხილამურები, თხილამურის ჯოხები და ფინური არყის ხისაგან დამზადებული სხვა სპორტული ინვენტარი. მათი სიმსუბუქე და მოქნილობა სპორტსმენებს უპირატესობას ანიჭებდა არამარტო ფინეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთ გამართულ ტურნირებზეც. 1917 წელს ფინელმა მოთხილამურემ ჰანეს კოლეიმანენმა სახელოსნოში დამზადებული ეკიპირებით აშშ-ში გამართული დიდი ტურნირი მოიგო.
Ab Sportartiklar Oy-ის მიერ დამზადებულ პროდუქციაზე მოთხოვნილება დღითიდღე იზრდებოდა. 1920 წელს ბრენდმა სახელი შეიცვალა და ყველასათვის კარგად გასაგები Karhu დაირქვა ( Karhu-ფინურ ენაზე დათვს ნიშნავს): კომპანიის პირველ ლოგოტიპზე თხილამურებზე მდგარი დიდი შავი დათვი ეხატა. სულ მალე Karhu ფინეთის ნაკრების ოფიციალური აღმჭურველი გახდა ოლიმპიადებზე. ფინელმა მორბენალმა პაავო ნურმიმ კომპანიის მიერ შეკერილი სპორტული ფეხსაცმლით რვა ოლიმპიური მედალი მოიპოვა (1920 წელს ანტვერპენში და 1924 წელს პარიზში გამართულ ოლიმპიადებზე); გარდა ამისა, 1932 წლის ლოს-ანჟელესის ოლიმპიადაზე ორი ოქროს მედალი მოიპოვეს Karhu -ს თანამშრომლებმა: მატი იარვინენმა შუბის სროლაში და ლაური ლეხტინენმა 5000 მეტრზე სირბილში - კომპანიაში იმ დროს მუშაობდა სპეციალური სისტემა, რომლის მიხედვითაც შესვენების დროს თანამშრომლებს სპორტის სხვადასხვა სახეობებში ავარჯიშებდნენ. მეორე მსოფლიოს ომის დროს Karhu ფინეთის არმიისათვის აწარმოებდა კამუფლიაჟურ ფორმებს, კარვებს, სამხედრო ჩექმებს, ზურგჩანთებს და თხილამურებს. 1952 წელი Karhu - სათვის ზეწარმატებული გამოდგა. ფინელებმა ჰელსინკში გამართულ ოლიმპიადაზე 15 ოქროს მედალი მოიპოვეს. ბრენდი მთელ მსოფლიოში ცნობილი და პოპულარული გახდა. მათ მიერ შეკერილი სპორტული ფეხსაცმელები აი, ასე გამოიყურებოდა (რამე ხომ არ გაგახსენდათ ამ ბოტასის შეხედვისას?) მაგრამ იყო ერთი ადამიანი, ვინც განსაკუთრებული ინტერესით ადევნებდა თვალს ფინური კომპანიის წარმატებას - ეს კაცი ადი დასლერი გახლდათ-კომპანია adidas-ის დამაარსებელი და სულის ჩამდგმელი. 1936 წლს ბერლინში ჩატარდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოლიმპიადა ოლიმპიადების ისტორიაში. მისი მთავარი გმირი ჯესი ოუენსი გახდა- შავკანიანი მორბენალი, რომელმაც ადოლფ ჰიტლერის თვალწინ 4 ოქროს მედალი ააცალა გერმანელებს და ვულგარულად რომ ვთქვათ, თავზე დაახურა დიდ ფიურერს, რომელიც არიული რასის უპირატესობას ქადაგებდა. ერთადერთი გერმანელი, რომელიც ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს ჩემპიონს და აღფრთოვანებული იყო მისი წარმატებით - იყო ადი დასლერი, კმაყოფილი იმით, რომ ოუენსს მისი კომპანიის მიერ შეკერილი სპორტული ფეხსაცმელი ეცვა. მაგრამ დასლერი ამავე დროს დაფიქრებული იყო ერთი რამით: adidas-ის ფეხსაცმელები ცუდი შესამჩნევი იყო ტრიბუნებიდან, ამიტომ ჩემპიონებს თუნდაც მისი ფირმის შეკერილი ფეხსაცმელი ცმოდათ, ამას ვერავინ გაიგებდა- ეს კი ცუდი რეკლამა იყო ბრენდისათვის. დასლერის ფეხსაცმელებს არ ჰქონდა რაიმე განმასხვავებელი, შესამჩნევი ნიშანი, რითაც მას შორიდანაც გამოარჩევდით სხვა ბრენდის ფეხსაცმელებიდან. ერთხელ, როცა ადი დასლერი თავის ქარხანაში მივიდა, დიდხანს უყურა ნახევრად შეკერილ ფეხსაცმელებს და მიხვდა, რა აკლდა მათ- კონტრასტული ფერის კანტები, რითაც ის იოლი გასარჩევი იქნებოდა შორი მანძილიდანაც. ზოლების იდეალური რაოდენობა სამია- გაიფიქრა დასლერმა; მაგრამ სამხაზიან დიზაინს იმ დროისათვის ზეპოპულარული კომპანია Karhu უკვე წლებია იყენებდა... და აი, 1952 წლის ფინელებისათვის სუპერწარმატებული ოლიმპიადის შემდეგ დასლერმა კომპანია Karhu-ს წარმომადგენლები ფრანკფურტში გამართულ სპორტულ ბაზრობაზე მიიწვია. სწორედ აქ შესთავაზა მან ფინელებს მიეყიდათ მისთვის სამი ხაზის გამოყენების უფლება. საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ფინელები ძალიან მალე დათანხმდნენ, თანაც სასაცილო კომპენსაციის-ორი ბოთლი ვისკის და მიზერული თანხის ფასად, რომელიც დაახლოებით 1600 ევროს ექვივალენტურია. ერთი შეხედვით, საკმაოდ უცნაური ისტორიაა და გამოგონილს უფრო ჰგავს, მაგრამ Karhu-ს ოფიციალურ საიტზე, აგრეთვე adidas-სა და Puma - ზე დაწერილ ცნობილ წიგნში Pitch Invasion მოთხრობილია მის შესახებ. აი, ასე გადაწყვიტა ადი დასლერმა ერთხელ და სამუდამოდ adidas-ის საქონლის იდენტიფიკაციის პრობლემები. ბრენდი Karhu დღესაც არსებობს. ის ისეთი პოპულარული აღარაა, როგორც XX საუკუნის დასაწყისში იყო, თუმცა ფინელები ამ სახელწოდებით ჯერ კიდევ უშვებენ ბოტასებს. დიახ, ფინელი სპორტსმენები დღეს უკვე აღარ იპყრობენ ოლიმპს Karhu -ს ფეხსაცმელებით, მაგრამ სამაგიეროდ, ამ ბრენდის ბოტასები ძალიან უყვარს კანიეს (კანიე უესტი-ცნობილი მომღერალი, პროდიუსერი და კომპოზიტორი) - ესე იგი, ყველაფერი არც ისე ცუდადაა მიუხედავად წლების წინ დადებული ისტორიაში ყველაზე უხეირო გარიგებისა. 244 7-ს მოსწონს
|