სისხლის სამართალი „პატრულის“ ჟურნალისტი, ბუტა რობაქიძის საქმის მოწმე: „ადგილზე თავდაპირველად არანაირი იარაღი არ დამინახავს“ 2018, 20 თებერვალი, 19:46 ჟურნალისტი, რომელიც ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე გადაცემა „პატრულისთვის“ სიუჟეტის გადასაღებად ყველაზე პირველად მივიდა საინტერესო დეტალებს იხსენებს. „შემთხვევის ადგილზე გადაღება ორ ეტაპად მოხდა. ჩემმა ოპერატორმა, ზურაბ ვაწაძემ გადაღება შემთხვევის ადგილზე მისვლის მომენტიდან დაიწყო და პირველი გადაღება მაქსიმუმ ათი წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, “ – ამის შესახებ გადაცემა „პარტულის“ ყოფილმა ჟურნალისტმა და ბუტა რობაქიძის საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, გოჩა მუკბანიანმა განაცხადა.
„პირველი გადაღება მეტხანს არ გაგრძელებულა. როცა შემთხვევის ადგილზე ბაშალეიშვილთან ერთად, მისი მანქანით მივედით, ასეთი პროცესი მიდიოდა. ორი პატრული, შემდეგ უკვე ბაშალეიშვილთან და ლობჟანიძესთან ერთად ოთხი თანამშრომელი ექვს მოქალაქეს აკავებდა. მათ შორის კამათი იყო, რასაც ოპერატორი, ზურაბ ვაწაძე კამერით იღებდა. საუბედუროდ, მოხდა გასროლა, რაც როგორც შემდეგ გაირკვა, ბაშალეიშვილის მხრიდან განხორციელდა. რადგან გადმოცემული იყო, რომ პატრული, ვინც ავტომანქანა გააჩერა, დამხმარე ეკიპაჟს ითხოვდა, რაციის ხმა მთელ ქალაქს ფარავდა. შესაბამისად, შემთხვევის ადგილზე ოცმეთაური, რაიონის სხვა პატრულეკიპაჟები და სხვა ადამიანებიც მალე მოგროვდა“, – განაცხადა გადაცემა „პარტულის“ ყოფილმა ჟურნალისტმა.
როგორც გოჩა მუკბანიანმა აღნიშნა, თავიდან შემთხვევის ადგილზე არანაირი იარაღი არ დაუნახავს და ფირი, რომელიც საზოგადოებამ იხილა, თავდაპირველი ჩანაწერი არ არის.
„მოვლენები ასე განვითარდა. უკვე დაჭრილია ადამიანი და გურამ დონაძე სასწრაფო წესით რაციაზე გვეძახის, გზის მეორე მხარეს გადავიდეთ. მე და ჩემი ოპერატორი გადავედით და მივედით ზურაბ მიქაძის მანქანასთან. საჭესთან მიქაძე იჯდა, გვერდით კი დონაძე, რომელმაც ოპერატორს ჰკითხა, რა გადაიღეო. ამის შემდეგ მათ კამერა გახსნეს და მონიტორის დათვალიერება დაიწყეს. ფირი რამდენიმეჯერ გადაახვიეს, სადაც ცალსახად, ძალიან მკაფიოდ ისმოდა მხოლოდ ერთი გასროლის ხმა. რეალურ ფირში, რომელიც ვაწაძემ თავდაპირველად გადაიღო, არავითარი ამსახველი კადრი იმისა, რომ ვიღაც ვიღაცას ესროდა, არ არსებობს. ამას მე და ვაწაძეც ვუყურებდით, რადგან გვაინტერესებდა, რაც გადავიღეთ“, – განაცხადა გოჩა მუკბანიანმა.
მისი თქმით, მიქაძე და დონაძე მანქანიდან გადავიდნენ და დაახლოებით 30–40 წუთის შემდეგ ვაწაძეს ხელმეორედ გადასაღებად დაუძახეს. „ვაწაძე მანქანიდან გადადის და გადაღებას იწყებს. მალევე მეც გადავდივარ და შემთხვევის ადგილზე აბსოლუტურად განსხვავებული სურათი მხვდება – მანქანის საბარგულზე ძალიან დიდი რაოდენობის ცეცხლსასროლი, მათ შორის, ავტომატური იარაღი, ხელყუმბარები ელაგა. უკვე გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის ფეხებთან კი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი იდო“, – განაცხადა მუკბანიანმა.
როგორც გადაცემა „პარტულის“ ყოფილმა ჟურნალისტმა აღნიშნა, ნანახის მიმართ სერიოზული კითხვა მაშინ გაჩნდა, როდესაც საათ-ნახევრის შემდეგ, საპატრულო პოლიციის მაშინდელი უფროსი ზურაბ მიქაძე ჩაწერა, რომელმაც თქვა, რომ მოქალაქეებსა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს შორის შეიარაღებული თავდასხმა მოხდა და პატრულმა მათი მიმართულებით გასროლა ამიტომ განახორციელა.
საინტერესო დეტალებზე ისაუბრეს ცოცხლად გადარჩენილმა დაკავებულებმა, რომლებიც ბუტას მეგობრები იყვნენ. მათა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ იარაღი გურამ დონაძის უშუალო მითითების მიხედვით დაალაგეს და გადაღება შემდეგ დაიწყეს.
ამავე თემაზე: ბუტას მეგობრები: იარაღის დაწყობა დონაძის მითითებით ხდებოდა, ტაქსისტებს აჩერებდნენ, მოწმედ დაგვადექიო“
37 2-ს მოსწონს 1-ს არა
|