x
image
მანჩო 777
ჩაიდანი, მაკრატელი, სათაგური და სხვა გენიალური გამოგონებები, რომლებიც გაუმჯობესებას არ საჭიროებენ
შრომის იარაღების და საყოფაცხოვრებო მოხმარებისათვის განკუთვნილი საგნების გამუდმებული სრულყოფა და გაუმჯობესება ჩვენ ცხოვრებას მარტივსა და უფრო სასიამოვნოს ხდის, თუმცა არსებობს საგნები, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების (ზოგი მათგანი კი ათასწლეულების) წინ შეიქმნა, დღესაც შენარჩუნებული აქვს პირვანდელი სახე და გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში ისე, რომ არანაირი სრულყოფა არ განუცდია.

არ გჯერათ? მაშინ თქვენი თვალით ნახეთ.



image



მაშ ასე, თქვენს წინაშეა საგნები, რომლებიც ათეული და ასეული წლების წინ შეიქმნა და არანაირი სრულყოფა და გაუმჯობესება არ დასჭირვებია.




ჩაიდანი



image


არქეოლოგები თვლიან, რომ პირველი ჩაიდანი გამოგონებული იქნა ჩინური დინასტიის იუანის მმართველობის დროს, რომელიც დაიწყო 1279 წელს. სულ პირველად ჩაიდნებს ამზადებდნენ თიხისაგან და რა თქმა უნდა, მან გარკვეული სახეცვლილება განიცადა საუკუნეების განმავლობაში, თუმცა ამ ნივთის მოქმედების პრინციპი პირველყოფილი სახითაა შენარჩუნებული. თავდაპირველად ჩაიდნები გაანგარიშებული იყო ერთი ულუფა ჩაის მოსამზადებლად - ჩაიდნის ცხვირს ის დანიშნულება ჰქონდა, რომ ადამიანი პირდაპირ აქედან ისრუტავდა ცხელ სასმელს. დღეს თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული ჩაიდანი-იქნება ეს ფაიფური, ემალი, ალუმინი, მინა, ტიტანი და ასე განსაჯეთ, ქაღალდიც კი, მაგრამ მათი სრულყოფილი და უბრალო დიზაინი, რომელიც სახელურის, ტუჩის და სახურავისაგან შედგება, უცვლელი დარჩა ასეული წლების შემდეგაც კი.



ბუშტებიანი შესაფუთი



image


1950-იანი წლების დასასრულს დიზაინერებს ალფრედ ფილდინგს და მარკ ჩავანესს აზრად მოუვიდათ ბრწყინვალე იდეა, რომელიც იდეალურად შესაბამებოდა კოსმოსური ერის შენობების ესთეტიკურ დიზაინს-ეს იყო მოცულობითი ცელოფანის ტაქტილური შპალერი. სამწუხაროდ, პლასტიკის ბუშტებისაგან დამზადებული ფარდები და შპალერი არც თუ მოსაწონი და მისაღები გამოდგა და ფართო გავრცელება ვერ ჰპოვა, თუმცა ნოვატორებმა ფარ-ხმალი არ დაყარეს და ახლად შექმნილ მასალას სულ სხვა დანიშნულება მოუძებნეს: 1964 წელს გამომგონებლებმა დააპატენტეს "ლამინირებული საფენი მასალის წარმოების მეთოდი". სწორედ ამის შემდეგ გახდა ბუშტებიანი ცელოფანი იდეალური შესაფუთი მასალა განსაკუთრებით ნატიფი და მსხვრევადი ნივთების ტრანსპორტირებისათვის. ამ შეფუთვამ ფართო გამოყენება ჰპოვა სიიაფის და მოხერხებულობის გამო და დღესაც პირვანდელი სახითაა შენარჩუნებული.



სათაგური



image


ღმერთმა ნუ ქნას, რომ თქვენ სახლში თაგვებმა დაიდონ ბინა. მათი იქედან გაძევება არც ისე იოლი საქმე იქნება. თუ პატარა ბავშვები გყავთ და თაგვის საწამლავის დადების გეშინიათ, არც კატაა, რომ ეს აბეზარი წრუწუნები დაიჭიროს, მაშინ იდეალური გამოსავალი სათაგურია. ძველ დროში თაგვები და ვირთხები მოსახლეობისათვის ნამდვილ პარაზიტებს წარმოადგენდა: გარდა იმისა, რომ ეს მღრღნელები ანადგურებდნენ სანოვაგესა და მარცვეულს, მათ შეეძლოთ ათასგვარი ინფექციური დაავადების გადატანა: ტიფიდან დაწყებული შავი ჭირით დამთავრებული. საბედნიეროდ, 1894 წელს უილიამ ჰუკერმა სათაგური გამოიგონა, 1903 წელს კი ჯონ მასტმა მასში შეიტანა კონსტრუქტორული ცვლილებები, გახადა რა უფრო უვნებელი სატყუარას ჩადების პროცესი. სათაგურის ეს კონსტრუქცია და დიზაინი დღესაც უცვლელი სახით გამოიყენება.



მავთულხლართი



image



XIX საუკუნეში ოკლაჰომას პრერიებში ძალზე ძნელი იყო საქონლის სამწყემსი ადგილების შემოღობვა. ეს ადგილები მწირია ხე-ტყით, ამიტომ ხის ღობეების გაკეთება ფაქტიურად შეუძლებელი იყო. 1870-იან წლებში ოთხმა ადგილობრივმა ყმაწვილმა მოიფიქრა ღობის დიზაინი, რომელიც შედგებოდა მიწაში შორიშორს ჩარჭობილი ხის ბოძებისა და მათ შორის გაბმული ეკლიანი მავთულებისაგან. სწორედ იმ პერიოდში იქნა დაპატენტებული მავთულხლართი და დღემდე გამოიყენება უცვლელი სახით.



ქაღალდის სამაგრი



image



წვრილი მავთულისაგან შექმნილი კონსტრუქცია, რომელმაც XIX საუკუნის ბოლოს საპატენტო ორგანიზაციები აავსო, სხვადასხვა ზომის და ფორმის იყო: ფრთების, კრენდელის, სამკუთხედის... თუმცა მათი დანიშნულება ერთი და იგივე იყო: ქაღალდის რამდენიმე ფურცლის ერთად დაჭერა. ამ სამაგრების ყველა მოდელი დაპატენტებული იქნა, გარდა ერთისა: ეს არის სწორედ ის სამაგრები, რომელსაც კაცობრიობა უკვე 100 წელია იყენებს. სტანდარტული, წაგრძელებული ფორმის სამაგრებმა ყველა სხვას "გადაუჯოკრეს" და ისინი ისტორიის სანაგვეზე მოისროლეს.



სარწეველა-სავარძელი



image



სარწეველა-სავარძელი არც ისე დიდი ხნისაა, როგორც თქვენ გგონიათ. პირველად ის XVIII საუკუნის ბოლოს გამოჩნდა აშშ-ში და დღემდე სარგებლობს დიდი პოპულარობით ადამიანებში, რომლებიც ზურგის ან საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებით იტანჯებიან. სარწეველაში ჯდომა სულაც არ ნიშნავს გასართობად და ნერვების დასაწყნარებლად ქანაობას, სავარძელი ავტომატურად აფიქსირებს წონასწორობის ცენტრს, რათა მასში მჯდომმა ადამიანმა ყოველთვის შეინარჩუნოს მოხერხებული პოზა.



მაკრატელი


image



ჩვენი ყოვედღიური ცხოვრება წარმოუდგენელია ამ ნივთის გარეშე. დღეს მაკრატელს მრავალმხრივი გამოყენება აქვს. საკანცელარიო, საკერავი, ქირურგიული-რა სახის მაკრატელი აღარ არსებობს, თუმცა მათი მოქმედების პრინციპი ერთი და იგივეა. ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ ეს ნივთი ლეონარდო და ვინჩიმ გამოიგონა, თუმცა ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს ნიმუშები, რომელიც ქრისტეს შობამდე 1500 წლით თარიღდება და გაცილებით დიდი ხნის წინაა გაკეთებული, ვიდრე და ვინჩის ჩანახატები! ვარაუდობენ, რომ მაკრატელი ეგვიპტელებმა გამოიგონეს, თუმცა ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. მისი კონსტრუქცია და მოქმედების პრინციპი დღემდე არ შეცვლილა.



ბორბალი


image



კაცობრიობის უდიდეს გამოგონებათა ჩამონათვალში ღირსეულ ადგილს იკავებს ბორბალი, რომელიც გამოიგონეს შუმერებმა ჩვ.წ–მდე IV ათასწლეულში. ფიზიკას რომ ვკითხოთ, ბორბალი არის საოცარი გამოგონება, რომლის დახმარებით სრიალის ხახუნი გორვის ხახუნით იცვლება და ამიტომ ტვირთის გადასაადგილებლად ნაკლები ძალაა საჭირო. მე რომ მკითხოთ, რომ არა ბორბალი, დღეს არც მატარებელი იარსებებდა, არც ველოსიპედი, არც სკეიტბორდი, არც წისქვილი, არც ჩარხი, არც კბილანები, არც პროპელერი, არც ორთქლის ძრავა და არც მრავალი სხვა რამ. ასე რომ, მადლობა შუმერებს, რომლებმაც დიდი ბიძგი მისცეს მეცნიერების და ტექნიკის განვითარებას.


1
263
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
263
  
2018, 7 თებერვალი, 10:36
ყველაზე გენიალური მაინც ეს ბოლო გამოგონებაა..მარტივი და გენიალური
0 1 1