ფსიქოლოგია მამის წერილი პატარა ქალიშვილს (მისი მომავალი ქმრის შესახებ) 2018, 29 იანვარი, 17:45 პატარავ, ცოტა ხნის წინ, შენს დედიკოსთან ერთად, რაღაცას ვეძებდი Google-ში. შემთხვევით გამოჩნდა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული შეკითხვების ჩამონათვალი, რომლის სათავეში იყო კითხვა: „როგორ შევინარჩუნოთ მამაკაცი“. გაოცებულმა გადავხედე რამდენიმე სტატიას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ქალი ყოველთვის სექსუალურად; როდის სჯობს, მიუტანოს მამაკაცს ლუდი, როდის – სენდვიჩი და როგორ გახადოს იგი ჭკვიანი და მაგარი. გავბრაზდი. ჩემო პატარავ, ეს არასწორი მიდგომაა – შენ არასდროს გექნება ასეთი ამოცანა „შეინარჩუნო მამაკაცი“. შენი ერთადერთი ამოცანაა, გახსოვდეს, რომ კარგი ადამიანის სიყვარულს იმსახურებ. ეს რწმენა გულის სიღრმეში გქონდეს, იქ, სადაც ვერ შეაღწევს ჩავარდნები, დანაკარგი და ეგოიზმი, რომლებსაც ცხოვრების გზაზე ვხვდებით. (თუკი გემახსოვრება, რომ არამხოლოდ შენ, არამედ ნებისმიერი ადამიანი იმსახურებს პატივისცემას და სიყვარულს, ცხოვრების ომი მოგებულად ჩათვალე. თუმცა, ეს სხვა წერილის თემაა). თუ დაიჯერებ, რომ ღირებული ხარ, მოხიბლავ ბიჭს, რომელიც დაგაფასებს და რომელსაც მოუნდება, მთელი თავისი ცხოვრება შენს უფრო და უფრო ძლიერად შეყვარებას მიუძღვნას. პატარავ, მინდა, მოგითხრო ბიჭზე, რომელსაც შენარჩუნება არ დასჭირდება, რადგან თავად მოისურვებს, იყოს შენთან. არ მაინტერესებს, იცის თუ არა გოლფის თამაში, მთავარია, – შეეძლოს თამაში ბავშვებთან, რომლებსაც მას აჩუქებ და შეამჩნიოს, სიხარულის ან სიბრაზის დროს, როგორ გგვანან ისინი შენ. არ მაინტერესებს, რამდენად მამაკაცურია ის, მთავარია, – ეყოს ძალა, მოგცეს შენი გულის გამომჟღავნების საშუალება. ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს, ვის მისცემს ხმას არჩევნებში, თუკი ის პატივს გცემს სახლში და დაგაფასებს საკუთარ გულში. არ მაინტერესებს მისი კანის ფერი, თუკი თქვენს ერთობლივ ცხოვრებას მოთმინებით და ურთიერთთავგანწირვით შეფერავს, დაგიცავს, მოგიფრთხილდება. სულერთია, რა რელიგიის მიხედვით იქნება აღზრდილი ოჯახში ან საერთოდ იქნება თუ არა რელიგიური, მთავარია, – გაითავისოს, რომ ამ ცხოვრებაში არსებობს სიწმინდეები და იცოდეს, რომ შენთან ყოველი წუთი ძალიან წმინდაა. მუდამ შენზე შეყვარებული მამაკაცი, მამა“
აღნიშნული წერილი კელი ფლანეგენმა თავის ქალიშვილს მიუძღვნა.
კელი ლიცენზირებული ფსიქოლოგია კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით და ორი წიგნის : " საყვარელი" და "ქორწინების მანიფესტი" ავტორი გახლავთ.
685 6-ს მოსწონს
|