x
აკაკი წერეთლის ირონიული წერილი - "როდის გადამიკრავს კახური ღვინო ისე, რომ ჩვენის წინაპრების შესანდობარი არ ყოფილიყოს?"
აკაკი წერეთელი

დიდი ქართველი პოეტი, აკაკი წერეთელი, თავის ნაკლებად ცნობილ ირონიულ წერილში "პატრიოტის აღსარება", საუბრობს მის დამოკიდებულებაზე სამშობლოსადმი და ღვინისადმი, რაც მას სამშობლოსთან განსაკუთრებით აკავშირებს. გთავაზობთ მცირე ამონარიდს ამ შესანიშნავი წერილიდან, რომელიდანაც აკაკის წერეთლის მხრიდან მრავალ მანკიერებაზე პოზიცია ყველაზე ნათლად ჩანს.

"ვინ სთქვა, რომ მე, პატრიოტი არა ვარ? მიუქარავს!.. ეტყობა, ან სადილობამდის მოთრეულა ჩემთან და ან ნასადილევს მოხეტებულა... უდროოდ უვლია!.. აბა, თქვენი ჭირიმე, სადილობამდის, როცა მუცელი ცარიელია, ვისა სცალიან საპატრიოტოდ და ან ნასადილევს, კუჭდამძიმებულზე, რაღა დროს პატრიოტობაა?!

აკაკი წერეთელი


არა... იმ დროს მობრძანდეს, როდესაც მე, მამა-პაპურად ფეხმორთხმულს, წინ მიფენია ქართული სუფრა მაისის სასადილო სამკაულებით: ცხელ-ცხელი პურები, ცივი ღვინო, აქა-იქ ახირებულად მიყრილ-მოყრილი მწვანილი, ახალი თევზი, მოთალი, ზედ ტარხუნით თავწახურული, საიდამაც ის შეჩვენებული ძროხის მოსაკითხი ისე გამოიყურება, თითქოს პირს სიცილით ეუბნებოდეს: „გამიღე კარები, კბილები მიჩვენეო“ და იმავ დროს მოშუღლული ტარხუნაც ზევიდან დასჩურჩულებდეს: „სად მიდიხარ? ვერ გაგიშვებ! იქაც ქვეშ უნდა მოგიქციო და თავზე დაგაწვეო! სადაც ჩახვალ, მეც მაშინვე იქა ვარო“ და სხვა. აი დრო, როდესაც ჩემს გულში იღვიძებს პატრიოტული გრძნობა და ჩემი ნაციონალური მადა კუჭში იდგამს სამეფო ტახტსა! მაშინ მეც თავი მომწონს ქართველობით!..

განა შემიძლია შუშხუნა მწვადის ყურება ისე, რომ პირი პატრიოტული ნერწყვით არ მევსებოდეს? როდის გადამიკრავს კახური ღვინო ისე, რომ ჩვენის წინაპრების შესანდობარი არ ყოფილიყოს? ჯერ კიდევ შუა სმაშიაც არა ვარ ხოლმე, რომ ჩემი ქვეყნის მტრები თვალწინ მელანდებიან და მაშინ მეც თავი ვეღარ შემიმაგრებია, გაბრაზებული ზევით ჭერს ქუდსაც ვკრავ ხოლმე და ძირს სუფრაზე წითელ ღვინოს ვანთხევ.

განაგრძეთ კითხვა

0
230
2-ს მოსწონს
ავტორი:Georgian News
Georgian News
230
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0