მოვლენები ტანსაცმლის ცნობილმა ბრენდმა H&M-მა ცხრამეტი ტონა მზა პროდუქცია დაწვა. აი, რა იყო ამის მიზეზი 2018, 10 იანვარი, 16:10 შვედური ტელეკომპანია SVT-ის ჟურნალისტებმა გამოარკვიეს, რომ ტანსაცმლის მწარმოებელმა ცნობილმა კომპანიამ H&M-მა გასული წლის განმავლობაში 19 ტონა მზა პროდუქცია დაწვა. ბრენდი ყოველწლიურად ათობით ტონა ტანსაცმელს წვავს ქალაქის გათბობის სისტემებში.
ჟურნალისტებმა გააკეთეს დასკვნა, რომ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში კომპანიამ ათობით ტონა სრულიად ახალი ტანსაცმელი დაწვა. სავარაუდოდ, დაიწვა 50 ათასი ჯინსი და 20 ათასამდე სხვადასხვა სახის ზამთრის ტანსაცმელი (ქურთუკები, სვიტერები, შარფები). ანალოგიური პროცედურები, შვედეთის გარდა, ტარდება დანიაშიც, სადაც გასულ წელს 9, 6 ტონა მზა ტანსაცმელი დაწვეს. თუმცა კომპანიის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკაში ამაზე არაფერია ნათქვამი. ჟურნალისტების ცნობით, კომპანიამ ტანსაცმელი დაწვა შვედეთის ქალაქ ვესტეროსში მდებარე თბოელექტროსადგურში. ამ ახალმა ამბავმა სკანდინავიელებში დიდი აღშფოთება გამოიწვია. ინტერნეტ-მომხმარებლებმა განაცხადეს, რომ ამის გაკეთება საჭირო არ იყო და რომ კარგი იქნებოდა, თუ ამ ტანსაცმელს გაჭირვებულ ადამიანებს დაურიგებდნენ. H&M-ის წარმომადგენელმა სესილია ბრანსტერმა განაცხადა, რომ ტანსაცმელი დაწვეს ტრანსპორტირების დროს მიყენებული დაზიანებების გამო. მათი დიდი ნაწილი წყლით და ნესტით იყო გაფუჭებული, ხოლო ზოგი ნივთი შეიცავდა დიდი რაოდენობით ქიმიკატებს. კომპონიის პრეს-მდივანმა კაროლინა სკოტმა აღნიშნა, რომ თუ ტანსაცმელში ბევრ ქიმიკატია და მისი გაყიდვა არ შეიძლება-ესე იგი, წარმოების პროცესში შეცდომებია დაშვებული. ეკოლოგები თვლიან, რომ ასეთი პროდუქციის დაწვა ზიანს არ აყენებს გარემოს, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებმა მაინც დასდეს პირობა, რომ მომავალ წლებში ეცდებიან მაქსიმალურად შეამცირონ დამწვარი ტანსაცმლის რაოდენობა. p.s. მოგეხსენებთ, ტანსაცმლის შვედური ბრენდი H&M საქართველოში, თბილისში გასული წლის ნოემბერში დიდი აჟიოტაჟისა და ხმაურიანი წინასარეკლამო კამპანიის შემდეგ გაიხსნა. რუსთაველის გამზირის N2/4-ში მდებარე „გალერია თბილისში“ ბრენდი სამ სართულსა და 3000 კვადრატულ მეტრზე ქალის, მამაკაცისა და ბავშვებისთვის განკუთვნილი სამოსით, ფეხსაცმლით, აქსესუარებითა და სხვადასხვა საინტერესო ნივთით განლაგდა. მაღაზიის გახსნის პირველ დღეებში ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ ხალხს საათობით უწევდა რიგში დგომა შიგ შესასვლელად, თუმცა პირველი ვნებათაღელვა ჩაცხრა და თბილისელებს ხელში შერჩათ საშუალო დონის, არც ისე იაფფასიანი პროდუქცია. ახლა კი, თუ შვედ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, აქ შეძენილი ტანსაცმელი ეკოლოგიურად არც თუ ისე უსაფრთხო ყოფილა. აქამდე იმაზე ვწუწუნებდით, ამდენი ქიმიისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტების გადამკიდე, რა მივირთვათო, ახლა კი ამას დაემატა კითხვა: რა ჩავიცვათ? 1216 16-ს მოსწონს
|