Tesla-ს მზის პანელები სახურავისათვის
2017 წელს ილონ მასკმა წარმოადგინა მზის ბატარეების 4 ტიპი, რომლებიც გამოიყენება, როგორც სახლის სახურავები და რომლებიც გამოიმუშავებენ მზის ენერგიას. "მზის სახურავების" ფასი საკმაოდ კონკურენტუნარიანი აღმოჩნდა, ასე რომ, მასკი 2018 წლიდან ასეთი სახურავების ნამდვილ ბუმს წინასწარმეტყველებს.
Adobe Cloak
გასულ წელს ჩატარებულ Adobe MAX 2017-ის კონფერენციაზე Adobe-მ წარმოადგინა მთელი რიგი პროგრამული სიახლეები, მათგან ყველაზე წარმატებული გამოდგა Adobe Cloak (სიტყვასიტყვით-მოსასხამი, ლაბადა). ეს პროგრამა საშუალებას იძლევა კვალის გარეშე წაიშალოს ვიდეოგამოსახულებიდან ზედმეტი ელემენეტები. სულ მალე ეს პროგრამა თავისუფალ გაყიდვაში გამოჩნდება.
შავი საღებავი Black 2.0
2017 წელს მხატვარმა სტიუარტ სეპლმა ბაზარზე გამოუშვა შავი საღებავი Black 2.0, რომელიც არის ყველაზე შავი, სწორი, პრიალა აკრილის საღებავი მსოფლიოში. ასე, რომ მკვეთრი, ღრმა შავი ფერის მოყვარულებს ეს საღებავი თავისუფლად შეუძლიათ შეუკვეთონ მხატვრის პირად საიტზე.
ჭკვიანი საათი ბრაილის შრიფტით
ბრაილის შრიფტიანი საათები შეიქმნა და პირველად ტესტირებას გადის სამხრეთ კორეაში. საათი Dot მხედველობადაქვეითებულ ადამიანებს საშუალებას აძლევს არამარტო დრო გაიგონ, არამედ წაიკითხონ ტექსტური შეტყობინებები.
საკვებად ვარგისი წყლის ბუშტები
საკვებად ვარგისი წყლის ბუშტები, სახელწოდებით Ooho - შეფუთვის ორიგინალური სახეა, რომელიც გარემოსათვის მავნე პლასტმასის ბოთლების შემცვლელია. წყალმცენარეების ექსტრაქტისაგან დამზადებულ ჭურჭელში შეიძლება ჩაისხას წყალი, ხილის წვენები და სხვა მსგავსი სითხეები. დაცლის შემდეგ ბუშტების გამოყენება თამამად შეიძლება საკვებად, მაგრამ თუ მათი გემო არ მოგეწონებათ, არც ეგაა პრობლემა: გადაგდებიდან 4-6 კვირის შემდეგ ისინი ბოლომდე დნებიან და წყლად იქცევიან. ნოვაციის ავტორმა - კომპანია Skipping Rocks Lab -ემ უკვე აიღო სოლიდური პრიზი გარემოს დაცვის განხრით.
დრონი-ფუტკარი Plan Bee
სტუდენტმა-დიზაინერმა ანა ჰეიდელვანგმა შექმნა უნიკალური მოწყობილობა-პეპელას ზომის მინიატურული დრონი, რომელიც ერთი ყვავილიდან მეორეზე გადადის და ახდენს მცენარეების დამტვერვას. ეს ინოვაცია ძალიან სასარგებლოა სოფლის მეურნეობისათვის. ანამ თავისი გამოგონება უკვე დააპატენტა და იმედი აქვს, რომ ის წარმოებაში ჩაეშვება მომდევნო წლიდან.
ჯულიან მელჩიორის ცოცხალი ჭაღი
ბიოტექნოლოგმა და სამრეწველო დიზაინერმა ჯულიან მელჩიორიმ გასულ წელს წარმოადგინა გასაოცარი, უნიკალური ცოცხალი ჭაღი "სუნთქვა". ის შედგება ცოცხალი წყალმცენარეებით ავსებული 70 ფურცლისაგან, რომლებიც ჟანგბადს გამოყოფენ და ჰაერს ასუფთავებენ. ჭაღი წარმოდგენილი იქნა ლონდონის დიზაინის ფესტივალზე და დაიმსახურა ჯილდო "წლის ახალგაზრდა ტალანტი".
''ქალაქის ხე''
კომპანია Green City Solutions-ის მიერ შემუშავებული ეგრეთ წოდებული "ქალაქის ხე" -ეს არის მწვანე სწორკუთხა კედელი, ზომით 3х4 მეტრი. სხვადასხვა ჯიშის ხავსისაგან შექმნილი კედელი ასუფთავებს ჰაერს და უთანაბრდება 275 ზრდასრულ ხეს, ანადგურებს დღეში 250 გრამ მტვერს, აზოტის დიოქსიდს და გამონაბოლქვ აირებს, ხოლო მზის პანელებთან ერთად კომპლექსში მას შეუძლია შეაგროვოს წვიმის წყალი და აკონტროლოს ნიადაგის მდგომარეობა. ''ქალაქის ხე" უკვე მსოფლიოს 25 დიდ ქალაქშია დამონტაჟებული, მათგან ყველაზე მეტი ინდოეთშია.
ხმაურის მარეგულირებელი ყურის საცობები Knops
ყურსაცობები Knops გარეგნულად ძალიან ჰგავს ყურსასმენებს, თუმცა მათგან განსხვავებით, ისინი ხმას კი არ გადასცემენ, არამედ პირიქით-ახშობენ. მარეგულირებელი ღილაკის საშუალებით შეგიძლიათ აირჩიოთ ხმაურის ის ნორმა, რომელიც მისაღებია თქვენთვის-სრული ხმოვანი პალიტრიდან დაწყებული ასევე სრული სიჩუმით დამთავრებული. სტარტაპი Knops გამოგონების დღიდანვე ჩაეშვა საცდელ წარმოებაში და პირველმა ბედნიერმა მფლობელებმა უკვე გამოსცადეს მათი გამოყენების შედეგად მიღებული სიამოვნება (მე თუ მკითხავთ, ძალიან საჭირო ნივთია, განსაკუთრებით ახალი წლის ღამეებში, როცა შუა ძილში ხარ და შენ ბახუსმორეულ მეზობელს ღამის ოთხ საათზე მოუნდება ფეიერვერკების გაშვება და ეგრეთწოდებული " ბომბაჩკების'' აფეთქება). პირადად მე სიამოვნებით შევიძენდი ამ ყურსაცობებს... რა თქმა უნდა, მისაღებ ფასად.
ტექნოლოგიები განუწყვეტლივ ვითარდება, ტექნიკური პროგრესი არნახული სიჩქარით მიექანება წინ და ცხადია, გამომგონებლები, დიზაინერები და მეცნიერები სულ უფრო და უფრო გასაოცარ ნივთებს, ტექნოლოგიებსა და მოწყობილობებს შემოგვთავაზებენ, რომლებიც ჩვენ ცხოვრებას უფრო მარტივს, სახალისოს და საინტერესოს გახდიან.