კახეთი 7 სულიანი ოჯახი ზემო მაღაროში დახმარების გარეშე და ხელისუფლების პასუხი 2017, 23 დეკემბერი, 13:24 სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში მცხოვრები 7 სულიანი ოჯახი, რომელთაგან ორი პირველი ჯგუფის ინვალიდია, დახმარებას ითხოვს. უკვე მერამდენე წელია ლეკიაშვილების ოჯახი საარსებო შემწეობის მიღებას უშედეგოდ ცდილობს. ისინი ვერც ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული სოციალური პროგრამებით სარგებლობენ. ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი 4 წლისაა და ცერებრალური დამბლით დაიბადა, თუმცა ქულების დათვლის სისტემაზე არც ამას უმოქმედია. სიდუხჭირის მიუხედავად ოჯახი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში ვერც მანამდე მოხვდა და ვერც შემწეობის გაცემის წესების გამარტივების შემდეგ. მრავალსულიან ოჯახში არავინ მუშაობს, მათი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, რომელიც კომუნალურ გადასახადებშიც არ ჰყოფნით. ბავშვებს სკოლის გაცდენა იმ მიზეზით უწევთ, რომ ფეხსაცმელი არ აქვთ. სიღნაღის საკრებულოს წევრი ნელი გურაშვილი ლეკიაშვილების ოჯახის პრობლემებს კარგად იცნობს. დეპუტატი ვარაუდობს, რომ ოჯახის მაღალი ქულები წვრილფეხა საქონელმა განაპირობა, რომელიც მათ გასულ წლებში ჰყავდათ. გურაშვილი ამბობს, რომ ოჯახის დახმარება ვერც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხერხდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურის უფროსი ტატა გამყრელიძე გვეუბნება, რომ ოჯახს დიდი ოდენობით სქონელი ჰყავდა, ასევე მათ დაუფიქსირდათ უცხოური ავტომანქანა. მისივე თქმით, ოჯახში ორი საპენსიო ასაკის პირი ცხოვრობს და პენსიას უნარშეზღუდული ბავშვიც იღებს. მშობლები კი შრომისუნარიანები არიან და ამ მიზეზით ვერ იღებენ დახმარებას. თუმცა, ჩვენს მიერ დაზუსტებული ინფორმაციით, ოჯახში არა სამი, არამედ ორი პენსიონერია - ბებია და შვილიშვილი. ასევე, დაზუსტებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ოჯახს აღარც ავტომობილი ჰყავს და აღარც ცხვარი. ამას საკრებულოს დეპუტატიც ადასტურებს. როგორც გაირკვა, ოჯახმა ძველი ავტომობილი გაჭირვების გამო თათარ მწყემსზე გაყიდა, თუმცა რამდენიმე თვეა მყიდველი გაუჩინარდა და თანხა ამ დრომდე არ მიუღიათ. ერთადერთ გამოსავლად ოჯახს ის რჩება, რომ სააგენტოს განცხადებით კიდევ მიმართოს და ხელახლა გადამოწმება მოითხოვოს. თუმცა, რამდენად სწორად ასახავენ აგენტები მათ მდგომარეობას, ეს კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა. ვიდეო>> 71 2-ს მოსწონს
|