x
image
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
ბარბარობას ამ რიტუალს თუ შეასრულებთ, აუცილებლად გათხოვდებით
image

17 დეკემბერს ქრისტიანული ეკლესია წმიდა ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

ეს დღე – ბარბარობა – დროთა განმავლობაში საეკლესიო კალენდრიდან ხალხურ ყოფაში გადავიდა და მას ბევრი ისეთი რიტუალი დაუკავშირდა, რომელიც ხალხმა ასეული წლების განმავლობაში გამოცდილების შედეგად ჩამოაყალიბა და მათი შესრულება ტრადიციად აქცია.


ზოგიერთ მათგანს რელიგიური საფუძველი უდევს, რაც წმიდა ბარბარეს სნეულთა სასწაულებრივ განკურნების უნართანაა დაკავშირებული, დანარჩენი კი ხალხის წარმოდგენებსა და ემპირიულ ცოდნას ეყრდნობა.




როზეტა გუჯეჯიანი (ეთნოლოგი, პროფესორი): ბარბარობა ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელიც საეკლესიო კალენდრიდან ხალხურ ყოფაშია გადასული და, შესაბამისად, ძალიან ბევრი ხალხური ასპექტიც ახლავს. თარიღი, მოგეხსენებათ, არის ძველი სტილით 4, ახალი სტილით კი 17 დეკემბერი ეს მარხვის პერიოდია და, შესაბამისად, ყოველი ატრიბუტიკა, რომელიც ამ დღესასწაულს უკავშირდება, სამარხვოა. ბარბარობისთვის ნიშანდობლივია ოჯახის უფროსი მანდილოსნის მიერ ნიგვზის ან ლობიოსგულიანი ზედაპირიზე ჯვარდასახული ტაბლის, ანუ სარიტუალო პურის გამოცხობა. ხალხის რწმენით, ბარბარობას უგულო სარიტუალო პურების გამოცხობამ მთელი წლის განმავლობაში ოჯახის სიცარიელე იცის. სანამ მის ჭამას დაიწყებდნენ, დიასახლისი ასე ლოცულობდა: ღმერთო, გაგვიკეთე ნათეს-ნამუშევარი, გვამყოფე ტანმრთელად, გულმხიარულად. ღმერთი იყო, რაც ძალა იყო. გვიშველე, ნუ წაგვახდენ, ნუ დაგვამშევ, ნათეს-ნამუშევარს ნუ წაგვიხდენ“. ტრადიციულად პურის საუკეთესო თავთავებს გადაარჩევდნენ, ცალკე დაფქვავდნენ და კიდობანში შეინახავდნენ. ხალხის რწმენით, ის წმიდა ფქვილი იყო, ამიტომ მას დედათა წესის მქონე ან ახლად მოლოგინებული ქალი ახლოს ვერ გაეკარებოდა.



წმიდა ბარბარე მეოთხე საუკუნის დასაწყისში ეწამა. ის იყო ახალგაზრდა, განსწავლული, ულამაზესი ქალი, რომელიც ქრისტიანად იმ პერიოდში მოინათლა, როცა ეს რელიგია იდევნებოდა, რის გამოც ის საკუთარმა მამამ აწამა – მას თავი მოჰკვეთეს. მაგრამ სიცოცხლის განმავლობაშივე წმიდა ბარბარემ სასწაულმოქმედი მკურნალის სახე შეიძინა. გადმოცემით, იმ ადგილას, სადაც წმიდა ბარბარემ ფეხი დაადგა, ამოხეთქა წმიდა წყარომ, რომელსაც ადამიანის განკურნება და თვალის ჩინის დაბრუნება შეეძლო.


წმიდა ბარბარეს სახელობის ეკლესიების დიდი რაოდენობით სვანეთი და თბილისი გამოირჩევა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ბარბარობის დღესასწაულზე სხვადასხვა სნეულებისგან განსაკურნებლად დედლის ან მამლის შეწირვა ხდებოდა.


მაგალითად, ქართლ-კახეთში ბარბარეს თვალის ტკივილის მოსარჩენად და სახადით დასნეულებულის განსაკურნებლად მამლის შეწირვას აღუთქვამდნენ და ცოცხალ მამლებს მისი სახელობის ეკლესიასთან უშვებდნენ;


იმერეთში სახადით დაავადებულს მამალს თავზე შემოავლებდნენ, შემდეგ მას თავს, ფეხებსა და ფრთებს წითლად შეუღებავდნენ და ბარბარეს „შვილებად” მიჩნეული „ბატონების“ სახელზე გაუშვებდნენ;


რაჭასა და იმერეთში წითელათი ან „ყვავილბატონებით“ დასნეულებულს დედალს მიუყვანდნენ, რომელსაც წინასწარ წითლად შეღებავდნენ და წითელი ნაჭრებით შეამკობდნენ;


ლენტეხში ერთმანეთზე გადაბმულ ორ მრგვალ კვერს სწირავდნენ ქალღმერთს და თან შესთხოვდნენ, თვალის სინათლე არ მოგვაკლდესო. შეწირვა სახლში მზის მხარეს, ოჯახის უფროსი მანდილოსნის მიერ სრულდებოდა. ლოცვისა და შესაწირის შეწირვის დროს შემწირველის გარდა თვალები ყველას დახუჭული ჰქონდა. გურული ექიმი ქალი ათივე თითზე მიიკრავდა ანთებულ სანთელს და ილოცავდა: "წმიდა ბარბალეო, ჩემი აქიმობა ამ წელიწადში გამიმართლე, დუუცვეთელი ქენი და წაღმა დამიგვირგვინე“.

0
38
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0