სისხლის სამართალი ღვინის ჭიქაში ჩაყრილი „პაგონები“ და სამი მსხვერპლი - უბედური შემთხვევის დეტალები 2017, 13 დეკემბერი, 23:05 სოფელ კაჭრეთში, გურჯაანი-თბილისის ცენტრალურ ავტო-მაგისტრალზე მომხდარ მასშტაბურ ავტო-ავარიას ქალაქ დედოფლისწყაროში მცხოვრები ბებია ნანა არაბულისა და მისი 6 წლის შვილიშვილის ნათია ჩოფიკაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჟიგულის მარკის ტაქსის მძღოლი უბედური შემთხვევის თვითმხილველია. ის გაჩერებაზე 2011 წლის 28 ივნისს დილიდან იდგა, რის გამოც ირწმუნება, რომ მოვლენათა განვითარება თავიდანვე დეტალურად დაინახა. სკანდალურ დეტალებს ის ადგილობრივ გაზეთ „ქიზიყთან“ საუბარში იხსენებს. „კაჭრეთის რესტორანში 4-5 მესაზღვრე ქეიფობდა. როგორც მათი საუბრიდან ჩანდა ისინი სასაზღვრო სამმართველოში დაწინაურებას აღნიშნავდნენ. სპეციალური ფორმებიც ეცვათ. მალევე, როცა შეზარხოშდნენ „პაგონებზე“ ვარსკვლავები მოიხსნეს ჭიქაში ჩაყარეს და ღვინოს ასე სვამდნენ. ძალიან ბევრი დალიეს, რის გამოც მაგრად გამოთვრნენ. მალევე ერთმანეთს დაერივნენ. ერთ-ერთს ეუბნებობნენ - უნდა მოგკლათო!... როგორც ჩანს ამ ბიჭს შეეშინდა და სუფრიდან გამოიპარა. ტაქსებთან მოვიდა, სიტუაცია აგვიხსნა - მემუქრებიანო თქვა და ერთ-ერთი ტაქსით დედოფლისწყაროსკენ გაეშურა. უტაქტოდ და უხამსად იქცეოდნენ, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს ასე მოქცევა ნამდვილად არ შეეფერება, მითუმეტეს, როცა ფორმა გაცვია და „პაგონებს“ ატარებ... მალევე თანამესუფრეებიც გამოვიდნენ და რომ გაიგეს ის ბიჭი წასული იყო, ისინიც მანქანით მთვრალები დიდი სისწრაფით მას გაეკიდნენ. ისევ იმუქრებოდნენ და ამასობაში ეს ავარიაც მოხდა. 4 მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. მერე გავიგეთ, რომ ადგილზე ბავშვი დაიღუპა და მისი ბებია მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ფაქტიურად, ისინი რომ დაირივნენ და მთვრალები გაეკიდნენ ავარია ამან გამოიწვია. როგორც ამბობენ, ბავშვს ბაღი დაუმთავრებია, სკოლაში მისასვლელად ემზადებოდა და ამის აღსანიშნავად ბებიას ის თბილისის ზოოპარკის დასათვალიერებლად მიჰყავდა. შეჯახებაც ამ დროს მოხდა. როგორც ამბობენ, ეს ერთ-ერთი მესაზღვრე დედოფლისწყაროში იმავე კორპუსში ცხოვრობდა, სადაც ბებია-შვილიშვილი. ანუ, გარდაცვლილების მეზობელი იყო და შარშიც მან გახვია“, - ყვება ტაქსის მძღოლი. საუბარში იქვე მდგომი ქალბატონიც ჩაერთო, რომელიც ლაგოდეხში გამგზავრებას ცდილობდა. მან აღნიშნა, რომ შაბათს, 2 ივლისს დედოფლისწყაროში სწორედ ბებია-შვილიშვილის დაკრძალვაზე იმყოფებოდა. ისიც ადასტურებს, რომ ამ ვერსიაზე გაცილებით ბევრი საუბრობს. ერთ-ერთი მესაზღვრე პირად საუბრებში ამბობს, რომ იმ დღეს მისი თანამშრომლები საქეიფოდ წასვლას მასაც სთხოვდნენ, მაგრამ სხვა საქმეების გამო მან რესტორანში გაყოლა ვერ მოახერხა და უბედურ შემთხვევას ასე გადაურჩა. შეჯახების შედეგად კიდევ 9 მგზავრი დაშავდა, რომელთაგან 1 მძღოლის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე იყო. ის კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ სასწრაფოდ თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა. 28 ივნისს კაჭრეთში ცენტრალურ გზატკეცილზე მომხდართან ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ბებია და შვილიშვილი მანამდე დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებაში ცხოვრობდნენ, ისინი ქალაქ დედოფლისწყაროში, რუსთაველის ქუჩაზე, რუსულ სკოლასთან მდებარე კორპუსებში საცხოვრებლად შემთხვევამდე სულ რამდენიმე ხნის გადასულები იყვნენ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, დედოფლისწყაროს სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომელს ავტოავარიაში ადამიანი რამდენიმე თვით ადრეც შემოაკვდა. სოფელ არბოშიკში მცხოვრები 27 წლის გოჩა მაძღარაშვილი 2010 წელს სოფელ გამარჯვებაში ცენტრალურ მაგისტრალზე მიცუბიშის მარკის ჯიპით სიღნაღის რაიონის სოფელ ზემო ბოდბეში მცხოვრებ 19 წლის ბექა ჯანიაშვილს დაეჯახა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა. როგორც გარდაცვლილის მეგობრებმა გვითხრეს, ბექა ბენზინის საყიდლად ფეხით მიდიოდა, რა დროსაც მას სწრაფად მოძრავი ავტომობილი დაეჯახა. მალევე სასაზღვრო პოლიციის დედოფლისწყაროს სამმართველოს კაპრალს გოჩა მაძღარაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერეს. როგორც სიღნაღის პროკურატურაში განაცხადეს, მაძღარაშვილს ბრალი სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დასდეს. ამას გარდა, დედოფლისწყაროს სასაზღვრო სამმართველოს ერთ-ერთ საგუშაგოზე ერთ-ერთმა მესაზღვრემ თავისივე თანამშრომელს „პოსტზე“ მორიგეობისას ჯერ სახელფასო ბარათი და პირადობის მოწმობა მოჰპარა, შემდეგ მისი კუთვნილი მობილური ტელეფონიდან სახელფასო ბარათის პინ-კოდი მალულად ამოიწერა. სულ მალე კი მისი ხელფასი 1 400 ლარის ოდენობით „საქართველოს ბანკის“ სიღნაღის ფილიალიდან მალულად მოხსნა და თანხის მითვისება სცადა. ბარათის მფლობელს ეგონა, რომ კარტა უბრალოდ დაეკარგა და მისი გაყინვა მოითხოვა. მხოლოდ ამ დროს გაარკვია, რომ მის ბარათზე არცერთი თეთრი აღარ იყო და ხელფასი მიითვისეს. ეჭვებიც მას შემდეგ გაჩნდა... როგორც ინფორმირებული წყარო „ქიზიყი.ჯის“ უყვება, ბანკის ადმინისტრაციამ ბარათის მფლობელს ჩანაწერი აჩვენა და ის კადრები წარუდგინა, რა დროსაც მისი ბარათიდან ხელფასის მოხსნას ცდილობდნენ. ამ დროს მფლობელმა მძარცველში საკუთარი თანამშრომელი ამოიცნო. სულ მალე სკანდალი გარჩევაში გადავიდა, ბოროტმოქმედმა პირობა დადო, რომ თანხას მალე აუნაზღაურებდა. მან დაპირებული თანხა ოდნავი დაგვიანებით, მაგრამ მაინც სრულად დააბრუნა და იქვე დასძინა, სამსახურში გამოსვლას ვეღარ გავბედავ და უნდა წავიდეო... მალევე მან გათავისუფლების შესახებ განცხადება მართლაც დაწერა, თუმცა წასვლის რეალური მიზეზი დამალა... ის განცხადებაში მიუთითებდა, რომ ოჯახური პირობების გამო მუშაობის გაგრძელებას ვეღარ მოახერხებდა. მისი წასვლის მიზეზებზე „ქიზიყი.ჯი“ დედოფლისწყაროს სასაზღვრო სამმართველოს ხელმძღვანელს დემურ კეკენაძეს ესაუბრა. ის აცხადებს, რომ ამ სკანდალის შესახებ მისთვის არაფერია ცნობილი და ეს პიროვნება სამსახურიდან საკუთარი სურვილით წავიდა. შესაძლოა, ხელმძღვანელობამ ასე დაწვრილებით მომხდარი მართლაც არ იცოდეს და რეალური მიზეზები თავდაპირველად სწორედ „ქიზიყის“ მეშვეობით შეიტყოს. აქვე დავძენთ, რომ ჩვენთვის ორივე პიროვნების გვარი და სახელი ცნობილია, თუმცა ეთიკის ნორმების გათვალისწინებით, მათი დასახელებისგან თავს ვიკავებთ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სამართალდამცავი ორგანოებისთვის დაზარალებულს არ მიუმართავს და შესაბამისად მომხდარზე არც გამოძიება დაწყებულა. 2200 3-ს მოსწონს
|