საზოგადოება 67 წლის ასაკში ცნობილი მსახიობი დიმა ჯაიანი გარდაიცვალა 2017, 10 დეკემბერი, 22:40 ცნობილი მსახიობი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.ინფორმაცია ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფეისბუქ-გვერდზე გავრცელდა. დიმიტრი ჯაიანი 1950 წლის 20 აგვისტოს დაიბადა ქალაქ სენაკში.1973 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობით.ცნობილი მსახიობი იყო საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შერვაშიძის პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენისა და უკრაინის პრესტიჟის ორდენის კავალერი, მაყურებლის სიმპათიის პრიზის მფლობელი, ქალაქ სენაკის საპატიო მოქალაქე, სოხუმის თეატრის მსახიობი, დირექტორი და მთავარი რეჟისორი. 2013 წლიდან ბატონი დიმიტრი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი. მეგობრები და ახლობლები მას ემოციურ, თავდაუზოგავ და თავისი საქმის პროფესიონალ მსახიობად ახასიათებენ. როგორც ადამიანს კი ასე მოიხსენიებენ: ყურადღებიანი, მზრუნველი, წესრიგისა და სიმართლის მოყვარული, კარგი ორგანიზატორი, შესანიშნავი თამადა და ა.შ. დიმიტრი ჯაიანი სიმსივნით იყო დაავადებული.ეს დიაგნოზი მას ცოტა ხნის წინ დაუსვეს და თურქეთში იმყოფებოდა ოპერაციის გასაკეთებლად, თუმცა ოპერაციამდე გულის შეტევით გარდაიცვალა 8 დეკემბრის საღამოს.მისი ცხედარი 9 დეკემბერს ჩამოასვენეს თბილისში. ხვალ, 11 დეკემბერს სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება რუსთაველის თეატრში.ზეგ, 12 დეკემბერს, 14:00 საათზე კი დიმიტრი ჯაიანს რუსთაველის თეატრიდან გამოასვენებენ. 133 1-ს მოსწონს
|