კინო როგორ მოხვდა ნინო კასრაძე ალან რიკმანთან ერთად სცენაზე და როდის აერია მსახიობს სერიალი რეალურ ცხოვრებაში 2017, 9 დეკემბერი, 0:16 საკმარისია ახსენო სახელი ნინო კასრაძე, რომ უამრავ ადამიანს სახე უნათდება, თვალები ენთება და ახსენდება მის მიერ განსახიერებული ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული როლები..
პირველად ნინო კასრაძე მის მასტერკლასზე ვნახე, რომელიც სტუდენტებთან ჩაატარა. აუდიტორია სავსე იყო სტუდენტებით, რომლებიც სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთ გამორჩეულ პერსონაჟს - მაკას ელოდებოდნენ, ელოდებოდნენ ვარსკვლავს, რომელიც ყველაფერს ვარსკვლავურად მოყვებოდა, მოიტყუებოდა კიდეც, მაგრამ აპატიებდნენ, რადგან ეს ყოველივე ვარსკვლავური იქნებოდა, მაგრამ ყველაფერი ამის საპირისპირო დაგხვდა..
ახმაურებულ აუდიტორიას უცებ დუმილის ტალღამ გადაუარა, ყველამ კარისკენ გავიხედეთ და კარში საშუალო სიმაღლის, სადად ჩაცმული ნინო კასრაძე შევნიშნეთ, ყოველგვარი თვალშისაცემი სამკაულების გარეშე.. ძალიან უბრალოდ და თავისუფლად ლაპარაკობდა, საუბრობდა მისი პროფესიის სირთულეებზე და იმაზე ურჩევდა თუ არა ახალ თაობას ამ პროფესიის არჩევას..
დასმულ შეკითხვაზე - ბოლო პერიოდში სერიალთან ერთად არაერთ ფილმში გადაგიღეს, თუმცა ახალგაზრდობის პერიოდში ნაკლებად გიღებდნენ და ისეთი გამოკვეთილი როლები ვერ შეასრულეთ, ამის მიზეზად რას მიიჩნევთ -მეთქი. ძალიან უბრალოდ ყოველგვარი შელამაზების გარეშე თქვა, ალბათ, არ ვიყავი საინტერესო რომ გადავეღე, ალბათ, იმ როლებზე არ გამოვდგებოდი და ვერ მხედავდნენო, ის კი არ თქვა, რომ მაშინ ქართულ კინოს სტაგნაციის, კრიზისის პერიოდი ედგა და ამიტომ, მიზეზი მან საკუთარ თავში მონახა.. თუმცა მასზე ვერავინ იტყვის, რომ კარიერის რომელიმე ეტაპზე საინტერესო არ იყო..
ახალგაზრდობისას რამდენიმე ფილმში გადაიღეს, მათ შორისაა გიორგი შენგელაიას ფილმი "ორფეოსის სიკვდილი", სადაც პარტინიორობა ზურა ყიფშიძეს გაუწია. კადრი ფილმიდან "ორფეოსის სიკვდილი" 1996 წელი თვლის რომ თეატრი მისი სახლია, ის რუსთაველის თეატრის დიასახლისთა შორისაა, რომლებმაც განსაკუთრებული როლები ითამაშეს, მაყურებელს დღემდე ახსოვს და განსაკუთრებულად უყვარს სპექტაკლები სადაც ის თამაშობდა " სეჩუანელი კეთილი ადამიანი", " ჰამლეტი", "მაკბეტი", "დარისპანის გასაჭირი" "ქალი გველი" და სხვა. ბევრმა არ იცის რომ მსოფლიოში აღიარებული მსახიობი ალან რიკმანი ( რომელიც რობერტ სტურუას მეგობარი იყო და თამაშობდა მის მიერ დადგმულ "ჰამლეტში") როდესაც საქართველოში იმყოფებოდა ნინო კასრაძესთან ერთად ითამაშა ნაწყვეტი სპექტაკლიდან, საინტერესოა ის ფაქტი, რომ ალან რიკმანი ინგლისურად, ხოლო ნინო ქართულად თამაშობდა სპექტაკლში, თუმცა ეს რაღა თქმა უნდა დაბრკოლებას არ წარმოადგენდა, ისინი ხელოვნების ენით საუბრობდნენ, რომელიც ერთიანია. ფოტო იური მეჩიოთოვი ის რომ ნინო კასრაძე საყოველთაოდ ცნობილი გახდა, მისი სახელი არა მხოლოდ თეატრის მოყვარულებმა არამედ სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობამ გაიგო და შეიყვარა ტელევიზიას და სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებს" უკავშირდება. როგორც თავად ამბობს, სერიალს დაწყებიდან უყურებდა, სულ ფიქრობდა და უნდოდა ყოფილიყო მისი ასაკის ადამიანის ხაზი, რაც მისი და მისი თაობის სათქმელი იყო. ასეც მოხდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ნინო კასრაძემ სერიალში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ხაზი შექმნა ძლიერი ქალის სახელად მაკა ანჯაფარიძე. სანამ სერიალში მოხვდებოდა იმდენად ინტენსიურად უყურებდა და გულშემატკივრობდა პერსონაჟებს, რომ თურმე ერთხელ რეალურ ცხოვრებაშიც კი აერია. ".. ის თემები რომ იყო, როცა სერიალში დათომ ნინას უღალატა და მთელი ქვეყანა ამაზე საუბრობდა, მახსოვს ამ დროს შემხვდა შემთხვევით ნინას როლის შემსრულებელი ანა ტყებუჩავა, მოვიკითხე, მომიკითხა და მე ვეუბნები ასეთ რაღაცას, იცოდე, დათოს არ შეურიგდე მეთქი, რეალობაში ამერია სერიალი, ანა გაკვირვებული მიყურებდა, ალბათ ფიქრობდა, სხვა კიდევ შეიძლება დაიბნას დააერიოს, მაგრამ ეს ქალი ხომ მსახიობია ამას რაღა მოუვიდაო.." ის თავს ვარსკვლავად არ მიიჩნევს, ხშირად ხუმრობს, შერონ სტოუნიც ვარსკვლავია და მეცო?! და ამის პასუხად, როგორც წლების წინ ზურა ყიფშიძეზე "ვაშინგტონ პოსტი" წერდა, მელ გიბსონები და კევინ კოსტნერები მის გვერდით სახსენებელნიც არ არიანო, ჩვენ შეგვიძლია ეს ნინოზე ვთქვათ, ეს შერონ სტოუნები და მისნაირი ბრჭყვიალა "ვარსკვლავები", რომელზეც მთელი ფაბრიკა მუშაობს რათა ეკრანზე კარგად გამოჩდნენ და სასურველ შედეგს მიუახლოვდნენ, ასეთი მსახიობები ნინო კასრაძის გვერდით სახსენებლნიც არ არიან! 687 1-ს მოსწონს
|