საზოგადოება Intermedia.ge-მ თვის საუკეთესო ავტორი გამოავლინა 2017, 8 დეკემბერი, 14:03 ინტერმედიას ყველა ავტორს შეუძლია მაქსიმალურად წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები და გახდეს თვის საუკეთესო ავტორი. მთავარი კრიტერიუმები, რითაც ყოველი თვის გამარჯვებული ვლინდება, არის საავტორო ვიდეოები და საავტორო სტატიები, განსაკუთრებით მასალები რეგიონებიდან. ნეომბერში საუკეთესო ავტორად დასახელდა გურამ კვანტალიანი, იგი გერმანული ენის ფილოლოგი და დიპლომატია, როგორც თავად ამბობს, სურვილის მიუხედავად, პროფესიით არასოდეს უმუშავია, არის დაოჯახებული და ჰყავს წლისა და ორი თვის ბიჭი. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს: - გურამ, ელოდით, რომ თვის საუკეთესო ავტორად დასახელდებოდით? - ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი, რადგან ილია მარტყოფლიშვილის სახით ღირსეული კონკურენტი მყავდა, თუმცა ყველანაირად ვეცადე საინტერესო სტატიები შემეთავაზებინა მკითხველისათვის. - მოგვიყევით თქვენი ისტორია, როგორ გახდით ინტერმედიას ავტორი? რამდენი ხანია, რაც აქვეყნებთ მასალებს?
- ინტერმედიას შესახებ მეგობარმა მითხრა 2013 წელს, მას შემდეგ ინტერმედიას ავტორი ვარ და შეძლებისდაგვარად ვცდილობ სტაბილურად გამოვაქვეყნო მასალები,
ძალიან კარგია, რომ ჩვეულებრივ მოქალაქეს აქვს საშუალება ჟურნალისტის ამპლუაში აღმოჩნდეს.
- თქვენი სტატიების უმეტესობა გორს ეხება, რატომ წერთ მაინც და მაინც ამ თემაზე?
- წლებია უკვე გორის რაიონს ნაკლები ყურადღება ექცევა, ბევრი მიზეზის გამო, გორის გლეხობა და ახალგაზრდობა ზარალდება, 2008 წლის ომი კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას და ყველაფერი ეს დიდ პრობლემად აქცევს გორის რაიონს. თითქმის ყოველ წელს გაიგებთ, რომ კახეთში ყურძნის ფასი დაბალია და აქციებია, იგივე მიზეზით დასავლეთში მანდარინთან დაკავშირებით უამრავი ინფორმაცია ვრცელდება, გორელებს არანაკლებ აწუხებთ მოყვანილი მოსავლის ფასი, ისევე როგორც კახეთსა და დასავლეთში. ამის მიუხედავად, გორის შესახებ ყოველთვის ნაკლები ინფორმაციაა..
მოკლედ, ეს პრობლემები მოსვენებას არ მაძლევს და მეც ვწერ...
- რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ ინტერმედიელი?
- ზოგჯერ ისეთ ინფორმაციას ნახავთ ინტერმედიაზე და ისეთი სტილით გადმოცემულს, რომ პროფესიონალ ჟურნალისტსაც კი შეშურდება.
ინტერმედია ყოვედღიური სიახლეების წყაროა და ამ საიტზე სტატიების წერა ერთგვარი აზარტიც გახლავთ, ჩემთვის - როგორც ავტორისათვის.
- რას ურჩევთ დანარჩენ ავტორებს?
- სხვა ავტორებს ვურჩევ, რომ იაქტიურონ და მრავალფეროვანნი იყვნენ. ინტერმედიას კი წარმატებებს ვუსურვებ, მისი წარმატება ხომ თითოეული ავტორის წარმატებაა !
გურამ კვანტალიანს ფულად პრემიასთან ერთად Inermedia.ge-ს ბრენდირებული ჭიქა და მაისური გადაეცა. ესაუბრა ანი სპარსიაშვილი 287 12-ს მოსწონს
|