x
image
მანჩო 777
ის იყო "ფიფქიას", "მიკი მაუსის", "დონალდისა", "ბემბისა" და "ალადინის" მამიკო - დღეს უოლტ დისნეის დაბადების დღეა
1901 წლის 5 დეკემბერს ამერიკელი განგსტერების საშინელ ქალაქ ჩიკაგოში დაიბადა ყინულზე ლამაზად მოსრიალე ბემბის, სასაცილო მიკი მაუსისა და მხიარული კურდღელის-ოსვალდის მამიკო - უოლტ დისნეი… ის იყო ადამიანი, ვინც ანიმაციის საშუალებით ჯადოსნური სამყარო შექმნა. მისი გმირები ნამდვილ ლეგენდებად იქცნენ, ხოლო მათი ავტორი სიცოცხლეშივე გახდა არამიწიერი, საოცარი არსება, რომელმაც შეძლო და მსოფლიო კინოს ისტორია 360 გრადუსით შემოაბრუნა. სწორედ უოლტ დისნეიმ აქცია მულტიპლიკაცია ნამდვილ ხელოვნებად. ის გახდა მამა მთელი მხატვრული მიმდინარეობისა; ეს იყო ადამიანი, რომელმაც ყველას შეუცვალა წარმოდგენა ანიმაციურ ფილმებზე და აქცია ისინი ხელოვნების ნამდვილ ნიმუშებად.


image

დისნეის წინაპრები ირლანდიელი ემიგრანტები იყვნენ. უოლტის მამა, ელაიას დისნეი, ოჯახთან ერთად გაემგზავრა ამერიკაში, რადგანაც მამამისმა სხვადასხვა სახის ბიზნესს მოჰკიდა ხელი. ფლორიდაში, სადაც მოგვიანებით დისნეილენდი აშენდა, ელაიასი ფოსტალიონად მუშაობდა. 1800-იანი წლების ბოლოს იგი, მეუღლეს ფლორა კოლთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ჩიკაგოში. სწორედ იქ დაიბადა უოლტი 1801 წლის 5 დეკემბერს.

მოგეხსენებათ, ჩიკაგო განგსტერების, კრიმინალების და ბანდების ქალაქი იყო, ამიტომ 1906 წლის აპრილში ძალადობის ფაქტებით შეწუხებული დისნეის ოჯახი გადავიდა მისურის შტატში, ქალაქ მარსელინში, აქ გამოაჩნდა პირველად უოლტს ხატვის ნიჭი. ერთ-ერთი მეზობელი, დოკ შერვუდი, დაინტერესდა მისი ნიჭით და თანხაც კი გადაუხადა თავისი ცხენის დახატვაში. ქალაქში ასევე გადიოდა რკინიგზა და უოლტი დიდი ინტერესით უსმენდა ხოლმე მის ხმაურს. მოგვიანებით მან საკუთარი ბავშვობის მოგონებების ობიექტები გამოიყენა დისნეილენდის მშენებლობისას.


მარსელინში ოთხწლიანი ცხოვრების შემდეგ დისნეის ოჯახი 1911 წელს საცხოვრებლად გადავიდა კანზასის შტატში. იქ სკოლაში უოლტმა თავისი სეხნია, უოლტ პფაიფერი გაიცნო. პფაიფერების ოჯახის წევრები თეატრალურ საზოგადოებასთან დაახლოებულები იყვნენ. სწორედ მათ გააცნეს უოლტს პირველად ვოდევილები და კინოფილმები. მოგვიანებით იგი ხშირად სტუმრობდა მათ, ხოლო უოლტ პფაიფერთან ერთად სასკოლო სპექტაკლებიც კი დადგა.


image

მომავალი რეჟისორის ოჯახი ძალიან ღარიბი იყო, ამიტომ უოლტს ბავშვობიდანვე უწევდა საარსებო საშუალების მოპოვებისათვის ეშრომა. 14 წლის დისნეი გაზეთების დამტარებლად მუშაობდა. 16 წლისამ სკოლას თავი დაანება და არმიაში მოინდომა წასვლა, თუმცა არასრულწლოვანების გამო არ მიიღეს, ამიტომ მან და მისმა მეგობრებმა ალტერნატიული გზა აირჩიეს და ''წითელ ჯვარში" დაიწყეს მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ მინიმალური ასაკი „წითელ ჯვარში“ ჩასარიცხად 17 წელი უნდა ყოფილიყო, უოლტის დედამ შეცვალა დაბადების მოწმობა, რომელშიც დაწერა, თითქოს უოლტი 1900 წელს დაიბადა. "წითელმა ჯვარმა" იგი საფრანგეთში გააგზავნა ერთი წლით. მთელი წლის განმავლობაში იგი მანქანის მძღოლად მუშაობდა და საყვარელ საქმიანობასაც ეწეოდა - ხატავდა სასაცილო პერსონაჟების მანქანებზე.


კანზასში დაბრუნებული უოლტი პირველად დაინტერესდა კინემატოგრაფიით, რადგან ის მშვენივრად ხატავდა, კინორეკლამების სტუდიაში აიყვანეს მხატვრად. ყმაწვილი ძალიან გაიტაცა ამ საქმემ, მთელი დღეები იჯდა და ხატავდა, ატარებდა ექსპერიმენტებს საღებავებითა და ხატვის სხვადასხვა ტექნიკით. სწორედ ამ ექსპერიმენტებმა უბიძგა მას ანიმაციის სამყაროსაკენ. უოლტმა გეზი ჰოლივუდისაკენ აიღო...


image

ლოს-ანჯელესში ჩასულ დისნეის ჯიბეში მხოლოდ 40 დოლარი და ერთი დაუსრულებელი ანიმაციური ფილმის სიუჟეტი ჰქონდა. მაშინ მან პირველად გაიფიქრა, რომ ვერ შეძლებდა ანიმაციის სფეროში მუშაობას. დისნეის თქმით, თავდაპირველად მას სურდა ფილმების რეჟისორად მუშაობა. მან ყველა სტუდია შემოიარა და თავისი თავი შესთავაზა, მაგრამ ყველამ უარი განაცხადა მის სამუშაოდ აყვანაზე.

უოლტი დანებებას მაინც არ აპირებდა: რადგანაც კინოფილმების გადაღება არ ანდეს, იგი დაუბრუნდა ანიმაციას. პირველი სტუდია მან მოაწყო ბიძამისის- რობერტის ფარდულში, რომელსაც სახელად «Laugh-O-Gram» დაარქვა. დაუსრულებელი ფილმი კი გაუგზავნა ნიუ - იორკელ მარგარეტ უინკლერს. პროექტით დაინტერესდნენ და დისნეიმ დაიწყო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური სერიების "ალისას საოცრებათა სამყარო" გადაღება, სადაც ანიმაციის გარდა აგრეთვე მონაწილეობდნენ რეალური ადამიანებიც.



პარალელურად უოლტი უვლიდა თავის ძმას როის, რომელსაც წარსულში ტუბერკულოზი ჰქონდა. დისნეიმ იგი ჩართო მომავალი სტუდიის ჩამოყალიბების პროცესში, ასაბუთებდა რა ამას იმით, რომ როის გარეშე ფინანსურ მხარეს ვერ მოერევა. ჰოლივუდში, სილვერ ლეიკთან 1939 წლამდე განლაგდა დისნეის ძმების ახალი სტუდია.

1925 წელს დისნეიმ სტუდიაში მოიყვანა ლილიან ბაუნდსი, რომელსაც ფერი უნდა ჩაესხა ნახატებში და ცელულოიდზე. დისნეის შეუყვარდა იგი და ისინი დაქორწინდნენ. ლილიანი მოგვიანებით მდივნის როლსაც ასრულებდა უოლტის სტუდიაში. 1933 წელს მათ გაუჩნდათ ქალიშვილი, დაიანა მერი... წყვილს კიდევ უნდოდათ შვილების გაჩენა, მაგრამ მათი მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა. 1937 წელს მათ იშვილეს პატარა გოგონა და დაარქვეს შერონ მეი დისნეი...


დღეს მათი პირველი ქალიშვილი, დაიანა მეი დისნეი - 7 შვილის დედა და «The Walt Disney Company» -ს ერთერთი ხელმძღვანელია. ის იგონებს, რომ უოლტი შესანიშნავი მამა იყო, ხშირად სეირნობდა თავის ქალიშვილებთან და სწორედ ამ სეირნობების დროს გაუჩნდა იდეა - შექმნას ისეთი ადგილი, სადაც სეირნობა მოეწონებოდათ ბავშვებსაც და დიდებსაც...

გამოცდილების უქონლობის და არაპოპულარობის გამო სტუდია მალე გაკოტრდა. ამ წარუმატებლობამ მძიმედ იმოქმედა დისნეიზე. თუმცა დიდი ანიმატორი არ აპირებდა დასახული მიზნიდან გადახვევას. შეაგროვა რა ცოტაოდენი თანხა, ის სამუშაოდ ლოს-ანჟელესში გადავიდა, სადაც თავის ძმასთან ერთად დააარსა პატარა კომპანია The Walt Disney Company, რომელიც თავდაპორველად მხოლოდ მცირე ანიმაციურ სტუდიას წარმოადგენდა.

პირველი ანიმაციური ფილმი, რომელმაც წარმატება მოუტანა დისნეის, იყო 1927 წელს გამოსული "კურდღელი ოსვალდი", წარმატება ამ სერიალს მალევე მოჰყვა, თუმცა შეიქმნა პრობლემები - თავდაპირველად ოსვალდი შექმნა იუბ აივერკსმა, დისნეის სტუდიის თანამშრომელმა. დიდი სკანდალი, რომელიც პერსონაჟის მითვისებასთან დაკავშირებით აგორდა, გაგრძელდა წლები და საბოლოოდ 2006 წელს დისნეის კომპანიამ დაიბრუნა საავტორო უფლებები ამ პერსონაჟზე. თუმცა, ოსვალდის დაკარგვამ გამოიწვია ის, რომ დისნეი დაუფიქრდა მომავალს და ახალი პერსონაჟი მოიგონა...

ეს იყო მიკი მაუსი-მხიარული, სასაცილო თაგუნა, რომელმაც მყისიერად დაიპყრო მაყურებელთა გულები. მისი სასაცილო ყურები დისნეის კინოსტუდის მთავარ სიმბოლოდ იქცა და სწორედ მან მოუტანა მის შემქმნელს პირველი ოსკარი.



მიკის პირველი ანიმაციური ფილმი იყო "შეშლილი თვითმფრინავი", მუნჯი ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ნამუშევარი. იგივე განმეორდა "მორბენალ გაუჩოში", ხოლო მესამე ფილმი, "გემი უილი" უკვე გახმოვანებული იყო დისნეის სტუდიის მიერ. იგი აგრეთვე აღსანიშნავი იყო იმით, რომ პირველად ანიმაციის ისტორიაში გამოსახულება შეერწყა მუსიკის რითმს.

წლების განმავლობაში დისნეი თავად ახმოვანებდა მიკის. მიკი იქცა სტუდიის ყველაზე ცნობილ გმირად, ხოლო 1930 წელს მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ანიმაციურ პერსონაჟად.

კიდევ უფრო დიდი წარმატება დისნემ მოიპოვა 1933 წელს "სამი გოჭით". მასში შეტანილი იყო სიმღერა, რომელსაც ხალხი უწოდებდა „დიდი დეპრესიის წამალს“.



1934 წელს უოლტმა დაიწყო ფიქრი სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმზე. ამის მთავარ მიზეზებად ორი ფაქტორი იქცა - მიკი მაუსის სერიები, რომლებიც ზედიზედ იყო ნაჩვენები კინოთეატრებში, თავის დროზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა.უოლტი დააფიქრა თავად გადაბმული ჩვენების ფენომენმა. მაგრამ მეორე მიზეზი ისიც იყო, რომ ამ დროისათვის სხვა ანიმაციური გმირის, პოპაის თავგადასავლებმა (მაქს ფლეიშერის წარმოების) უფრო დიდი პოპულარობა მოიპოვეს. რა თქმა უნდა, დისნეის შეეძლო კვლავ ძველი გზით მოძრაობა, მაგრამ მან არჩია სრულმეტრაჟიანი ნამუშევრის შექმნა.

საზოგადოებამ დისნეის ამ ინიციატივას მხოლოდ ”დისნეის კაპრიზი” უწოდა. ყველა დარწმუნებული იყო, რომ უოლტის სტუდიას ეს პროექტი ბოლოს მოუღებდა. ლილიანი და როიც კი დაეჭვდნენ და უოლტს სთხოვდნენ პროექტის შეჩერებას, მაგრამ იგი კვლავ ჯიუტად ფიქრობდა მომავალ ფილმზე. უოლტმა მანამდე არნახული ნაბიჯიც გადადგა - შუინარის სამხატვრო უნივერსიტეტის პროფესორი დონ გრეჰემი იქირავა, რათა მას სტუდიაში ტრენინგები ჩაეტარებინა. ”სულელური სიმფონიების” ახალი სერიები მან გამოიყენა რეალისტური ანიმაციის, სპეციალური ეფექტების და მრავალხედიანი კამერის ექსპერიმენტებისათვის.



ეს ტრენინგები და საკუთარი თავის დახვეწა სტუდიის ნამუშევრების ხარისხის გასაუმჯობესებლად ჩატარდა. დისნეის საკუთარი გეგმები ჰქონდა სტუდიის ფილმებთან დაკავშირებით და კარგად იცოდა, რა აკლია მის ნამუშევრებს.

''ფიქფია და შვილი ჯუჯა" მზადდებოდა სამი წლის განმავლობაში. ამ დროისათვის სტუდიის ფინანსური მდგომარეობა არასახარბიელო გახდა. ფილმის დაფინანსება მოხერხდა მხოლოდ მის შემდეგ, რაც უოლტმა მისი დაუსრულებელი ვერსია ამერიკის ბანკს უჩვენა. მან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ფილმის დასრულებისათვის აუცილებელი თანხები მიღებული იქნა.

საბოლოო შედეგის პრემიერა გაიმართა კარტიეს მრგვალ თეატრში, 1937 წლის 21 დეკემბერს. ფილმის დასასრულს მაყურებელმა დისნეის ახალი ქმნილება ხანგრძლივი ოვაციებით დააჯილდოვა. ”ფიფქია”, ყველაფერთან ერთად, იყო პირველი სრულმეტრაჟიანი და ფერადი ანიმაციური ფილმი. 1938 წელს ფილმი გავიდა კინოთეატრების ეკრანებზე.

"ფიფქია და შვიდი ჯუჯა" იქცა 1938 წლის ყველაზე წარმატებულ სრულმეტრაჟიან ფილმად და კინოთეატრებში ჩვენებით 8 მილიონ დოლარზე მეტი მოუტანა დისნეის სტუდიას. მან აგრეთვე მიიღო "ოსკარიოსკარი" - ერთი ჩვეულებრივი და სიმბოლურად, შვიდი მცირე ზომის ქანდაკება. შემოსავალმა დისნეის საშუალება მისცა, ბერბენკში (კალიფორნია) აეშენებინა სტუდიის ახალი ოფისი. მისი ექსპლუატაცია 1939 წლის 24 დეკემბერს დაიწყო.



"ფიფქია და შვილი ჯუჯა" არა მხოლოდ დისნეის წარმატების პიკი იყო, არამედ მისი სტუდიის შექმნილი ანიმაციური ფილმების ოქროს ხანის დასაწყისიც.

შემდეგი ფილმები იყო "პინოქიო", "ფატაზია", "ბემბი"... პარალელურად, მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერიებიც იქმნებოდა - მიკი მაუსი, დონალდ დაკი, გუფი და პლუტო.

1940-იანი წლებში ჩიკაგოში მგზავრობისას დისნეი ხატავდა გასართობი პარკის ჩანახატებს, სადაც იგი გეგმავდა საკუთარ თანამშრომლების ოჯახებთან ერთად დრო და დრო დასვენებას. ოუკლენდში (კალიფორნია) საბავშვო პარკის ვიზიტისას მას საკუთარი პარკის იდეა ეწვია. თავდაპირველად ეს უნდა ყოფილიყო სტუდიის სამხრეთით მდებარე მცირე ფართი. მაგრამ შემდგომში ეს კონცეფცია იქცა დისნეილენდად. უოლტი ამ საკითხზე ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა და საკუთარი კომპანიის ქვეგანაყოფიც კი შექმნა, სახელწოდებით WED Enterprises, რომელსაც უნდა ემუშავა პარკის დაგეგმვასა და აშენებაზე. ამ ჯგუფს შეუერთდა ანიმატორების მცირე ჯგუფიც.


image


საქმეში ისევ სურდათ ამერიკის ბანკის ჩართვა და დისნეიმ, ჰერბერტ რაიმანის დახმარებით შექმნა პარკის ზედხედი. ჰერბერტს მან ასე მიმართა: ”ჰერბი, მე უბრალოდ მსურს რომ ეს პარკი ისე გამოიყურებოდეს, როგორც სხვა არაფერი გამოიყურება ამ მსოფლიოში და მას უნდა უვლიდეს ირგვლივ მატარებელი”.

მატარებლის იდეა ამ პარკისათვის დისნეის სწორედ კეროლვუდის მინი-რკინიგზის შემდეგ ეწვია. იქ იგი ხშირად ატარებდა თავის შვილებსა და მეგობრებს.

1966 წელს დისნეის მოღვაწეობა დასასრულს მიუახლოვდა. სიგარეტის ინტენსიური მოწევის შედეგად მას ფილტვის კიბო გაუჩნდა. იგი დააწვინეს სტუდიასთან ახლოს განლაგებულ სამედიცინო ცენტრში. ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ მარცხენა ფილტვზე უოლტს დიდი სიმსივნე ჰქონდა. მათ უთხრეს მას, რომ სულ ცხოვრების ექვსი თვე დარჩა. ქიმიოთერაპიის პროცედურების შემდეგ დისნეი და მისი მეუღლე ისვენებდნენ კალიფორნიაში, შემდეგ კი შინ დაბრუნდნენ. 1966 წლის 30 ნოემბერს დისნეი დაეცა საკუთარ სახლში, მაგრამ იგი გონს მოიყვანეს პარამედიკოსებმა. უოლტი წაყვანილი იქნა საავადმყოფოში, იგი გარდაიცვალა 1966 წლის 15 დეკემბერს, დილის 9:30-ზე.

მისი კრემაცია ჩატარდა იმავე წლის 17 დეკემბერს. უოლტ დისენის ფერფლი განისვენებს გლენდეილში განლაგებულ პარკში (კალიფორნია). როი დისნეიმ განაგრძო ფლორიდის პროექტზე მუშაობა, რომელსაც ამიერიდან ეწოდა Walt Disney World Resort.

სიმღერების ავტორი რობერტ ბ. შერმანი იხსენებს დისნეის უკანასკნელ დღეს სტუდიაში: „იგი ამოვიდა ანიმაციური სტუდიის მესამე სართულზე. გაესაუბრა ყველას, ვინც იმხანად მუშაობდა ახალ ფილმზე. მან გვითხრა, რა მოსწონს და რა - არა, რა უნდა შეიცვალოს. როდესაც დაასრულა, მოგვიბრუნდა, გაგვიღიმა და გვითხრა - „კარგად იმუშავეთ, ბიჭებო“... და გავიდა სტუდიიდან. მაშინ ის უკანასკნელად ვნახეთ“.

წლების განმავლობაში ვრცელდებოდა ჭორი, თითქოს დისნეი დროებით გაყინეს და მისი გაყინული სხეული ინახება „კარიბის მეკობრეების“ ატრაქციონის ქვეშ, დისნეილენდში. თუმცა, ეს გამორიცხულია, რადგანაც გვამი ოფიციალურად დაუქვემდებარეს კრემაციას და პირველი ოფიციალური გაყინვა მოხდა ერთი თვის შემდეგ, ჯეიმზ ბედფორდის გაყინვით.

უკანასკნელი ფილმები, რომლებზეც მუშაობდა დისნეი, იყო "ჯუნგლების წიგნი" და "უბედნიერესი მილიონერი".



ამბობენ, რომ როდესაც უოლტ დისნეი გარდაიცვალა, მას ყველაზე ძალიან დასტიროდა მისი მოსამსახურე, რომელსაც დისნეი ყველა დღესასწაულზე, მისი დაბადების დღეების ჩათვლით, საკუთარი კომპანიის აქციებს ჩუქნიდა, რის შედეგადაც ის მილიონერი გახდა...
დიახ, ასეთი კარგი და კეთილი კაცი ბრძანდებოდა... ვერაფერმა ვერ გააფუჭა-ვერც დიდებამ, ვერც სახელმა და ვერც ფულმა...
ბევრმა არ იცის, რომ უოლტ დისნეიმ 1937 წელს მულტფილმ „ფიფქიასა და შვიდი ჯუჯასთვის“ 8 ოსკარი მიიღო..
ბევრს ისევ სჯერა ჯიუტად, რომ მისი ბოლო მისამართი არაა ლოს-ანჟელესის ჩრდილოეთ გარეუბნის, გლენდეილის კერძო სასაფლაო, სადაც დასაფლავებული არიან მაიკლ ჯექსონი და ელიზაბეტ ტეილორი და ვითომ, მათ სხეულებს ინარჩუნებენ რაღაცა განსაკუთრებულ ლაბორატორიებში, მომავალში ახალი სამყაროს დამკვიდრებისთვის...
ღმერთმა ქნას და დაგვიბრუნდნენ...
მე კი მახსენდება უოლტ დისნეის დიალოგი პატარა ბიჭთან...
ბიჭმა ჰკითხა დისნეის - „ეს თქვენ ხატავთ მიკი მაუსს“?
დისნეიმ უპასუხა - „მე არა“...
- თქვენ მულტფილმებისთვის „სიცილებსაც არ იგონებთ“?
დისნეიმ უთხრა - „არაო“...
- ბიჭმა კი უპასუხა - „თქვენ უსაქმური ყოფილხართ, მისტერ დისნეი“...
დისნეიმ ძალიან იხალისა ამ კითხვა-პასუხით...
ამ დროს კი უოლტ დისნეი აცხადებდა, რომ მას თავისი მიკი მაუსი უფრო უყვარდა, ვიდრე ყველა ქალი, ვინც ცხოვრებაში შეხვედრია, ერთად აღებული... ხუმრობდა, როგორც ყოველთვის... თუმცა, ვინ იცის?
გისურვებთ დისნეის ლამაზი სამყაროსავით ფერად, შინაარსიან და საინტერესო დღეს!!!


0
137
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0