პირსისხლიანი დიქტატორი თუ უძლიერესი მხედართმთავარი? - დღეს სტალინის დაბადების დღეა
დღეს 21 დეკემბერია. ამ დღეს დაიბადა ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ქართველი-იოსებ ჯუღაშვილი, იგივე სტალინი. ის იყო ადამიანი, ვინც მეორე მსოფლიო ომი მოიგო; კაცი, რომელიც გერმანელ ტყვეებს საქართველოში ჰესებს აშენებინებდა (მაგ: ჩითახევჰესი), ვისი ბრძანებითაც ''გიორგი სააკაძე'' გადაიღეს, რათა საბჭოთა ჯარისკაცებისათის მებრძოლი, გმირული სული შთაებერათ; ადამიანი, ვისი ბრძანებითაც აბორტი და ჰომოსექსუალიზმი (მამათმავლობა) აიკრძალა 1933 - 34 წლებში.
გახსოვდეთ, მსოფლიოში ერთადერთი ქართველი გენერალსიმუსი სტალინი იყო, რომელსაც 10 მილიონიანი არმია ებარა და რომელსაც მტრებიც პატივისცემით ახასიათებდნენ....
ახლა მედლის მეორე მხარესაც შევხედოთ: სტალინი-ეს იყო მრავალმხრივ წინააღმდეგობრივი ადამიანი, იდუმალი და ამოუცნობი ისტორიული მოღვაწე, რომლის სახელსაც მრავალ ბოროტებას მიაწერენ. ეს ის კაცია, ვისი ბრძანებითაც მოკლეს ჯავახიშვილი, ვისი ბრძანებითაც მოკლეს ტიციანი, ვინც პაოლო იაშვილს თავის მოკვლის გარდა სხვა არჩევანი არ დაუტოვა. ეს იყო ადამიანი, რომელმაც შიმშილით ამოხადა სული მილიონობით საბჭოთა მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს ინტელიგენცია გაანადგურა; კაცი, რომელმაც აკრძალა სარწმუნოება და ეკლესიები აქცია იარაღის "საწყობებად". ეს იყო ადამიანი, რომლის ინიციატივით შეიქმნა "გულაგი"- სიკვდილის ბანაკები, სადაც მილიონობით მეცნიერს, ხელოვანს თუ საზოგადო მოღვაწეს შიმშილით, სიცივით და წამებით ამოხდა სული.
სტალინის შესახებ საქართველოში ალბათ ყველამ ყველაფერი იცის: ბიოგრაფია, კარიერა, მიღწევები, ომის პერიოდი, კულტი და აღსასრული, რომლის უამრავი ვერსია არსებობს. ამიტომ დღევანდელ სტატიაში ცნობილ ფაქტებზე ყურადღებას აღარ გავამახვილებ, მხოლოდ ერთ ნაწყვეტს მოვიყვან საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური წევრის, ჭეშმარიტი მამულიშვილის ბატონ მიხეილ მჭედლიშვილის შესანიშნავი ნაშრომიდან „საქართველო ბოროტების იმპერიის 500- წლოვან მარწუხებში". ნაწყვეტი 1924 წლის აჯანყებას ეხება, განსჯა კი თქვენთვის მომინდვია, მკითხველო!
„ თუ ვისი ინიციატივით დაიღვარა მაშინ ათასობით შესანიშნავი ქართველის სისხლი, ამის შესახებაც უაღრესად საინტერესო ცნობებს გვაწვდის იმ დროს კომუნისტურ ხელისუფლებასთან ახლოს მდგომი და ბოლოს რეპრესირებული ბატონი ალექსანდრე (საშა) პაპავა: „იმ ზაფხულს სტალინი კისლოვოდსკში ისვენებდა. მისი ხშირი სტუმრები იყვნენ ს. ორჯონიკიძე, მ. ორახელაშვილი, შ. ელიავა, ბ. კვირკველია… დაცვას ხელმღვანელობდა ლ. ბერია, რომელიც მაშინ საქართველოს პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილე გახლდათ (ასე ერქვა მაშინ ჩეკას); უფროსი კი, ძველი ბოლშევიკი ეპიფანე კვანტალიანი იყო. სტალინი, გასაგები მიზეზების გამო, თვალყურს ადევნებდა საქართველოში მიმდინარე პროცესებს. როცა ყველა სადავე ჩეკას ხელში იყო, კვანტალიანმა სტალინისა და რესპუბლიკის ხელმძღვანელთა წინაშე დასვა საკითხი პრევენტიული ზომების მიღების შესახებ, რაც აჯანყებას ჩაშლიდა. მისი წინადადება უარყვეს, გამოსვლები კი მოხდა. მაშინვე გავრცელდა ხმა, ასეთი იყო სტალინის ნებაო.
რამდენიმე წლის შემდეგ, ჯერ ბ. კვირკველიამ, შემდეგ მ. ორახელაშვილმა, აი, რა მიამბეს. ამასთან, მათი ნაამბობი სიტყვა-სიტყვით დაემთხვა ერთმანეთს: „კვანტალიანის ინფორმაციას ყველა სულგანაბული უსმენდა. მხოლოდ ორჯონიკიძე იჩენდა მოუსვენრობას. ინფორმაციის შემდეგ სიჩუმე ჩამოვარდა. აშკარად იგრძნობოდა, რომ წინადადებამ, აჯანყების თავიდან აცილების შესაძლებლობის შესახებ, საყოველთაო მოწონება დაიმსახურა, მაგრამ ყველანი დუმდნენ და სტალინს მისჩერებოდნენ.
ბოლოს სტალინმა ამოიღო ენა და შეგვეკითხა, რა აზრისა ხართო. ყველამ თანხმობა განვაცხადეთ. სტალინი ადგა, გაიარ-გამოიარა, ჩიბუხი დატენა, ერთიც გააბოლა და სარკასტული ღიმილით მოგვმართა:
„თქვენ თუ ასეთი ბრიყვები იყავით, ვერ წარმოვიდგენდი. როგორ შეიძლება ასეთი დიდებული შემთხვევის ხელიდან გაშვება. საქართველომ უსისხლოდ მიიღო რევოლუცია. ახლა საბაბი გვეძლევა მას სისხლი ვადინოთ და თქვენ ასეთ სულმდაბლობას და ლაჩრობას იჩენთო. დაე, გამოვიდნენ, რაც უფრო მასობრივი იქნება გამოსვლები, მით უკეთესი, არავინ დაზოგოთო“. თანაც მოითხოვა, რომ გამოსვლის დღეებში არც ერთი ჩვენგანი საქართველოში არ ყოფილიყო. მან თვით დაასახელა ორი ახალგაზრდა ჯალათი, რომელთაც უნდა ეხელმძღვანელათ დამსჯელი ოპერაციისათვის. ერთი მათგანი
ლ. ბერია იყო, მეორე სახ. კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
ლ. ღოღობერიძე. სტალინმა არჩევანი იმით ახსნა, რომ ისინი არავითარი ყალბი ტრადიციებით არ არიან დამძიმებული. უფროსებს ნახევრად მენშევიკები გვიწოდა…
ამას მოჰყვა შემზარავი ამბები: ზესტაფონის ჩიხში ყოვლად უდანაშაულო 600-800 ადამიანის ტყვიამფრქვევით დახვრეტა; ძირითადად ამოწყვიტეს დასავლეთ საქართველოს ინტელიგენცია, მრავალი ოჯახი ააწიოკეს მხოლოდ იმიტომ, რომ თავადაზნაურულ წოდებას ეკუთვნოდნენ. შემდეგ მასობრივი რეპრესიები, გადასახლებები და სხვადასხვა. ჯერაც დაუდგენელია მსხვერპლის საერთო რაოდენობა. ჩემი ვარაუდით, 15-ათასს აღწევს, აქედან დახვრეტილები არანაკლები 5-6 ათასისა
(იხ. გაზეთი „მამული“, №1, 1990 წ. 29 ნოემბერი, ალ. პაპავა, სტალინი და საქართველო).
ბატონ ალექსანდრეს, ეტყობა, გამორჩა – იმ ორ ჯალათთან ერთად, ქართველთა ჟლეტაში ლომის წილი მიუძღვის, აგრეთვე, საქართველოს იმდროინდელ პროკურორს – ტალახაძეს. კერძოდ, ის თაოსნობდა ზესტაფონის ჩიხში, ვაგონებში შემწყვდეული ხალხის ბარბაროსული მეთოდით ხოცვას. საქმე ის გახლავთ, რომ დახვრეტის მომლოდინე ხალხი ვაგონებიდან არ გამოდიოდა. მაშინ, ტალახაძემ ვაგონებს ტყვიამფრქვევები დაუდგა და ტყვიებით დაცხრილა. დახოცილთა სისხლი თურმე წკრიალით გასდიოდა ვაგონებს.
აჯანყების დაწყებამდე დააპატიმრეს
„სამხედრო ცენტრის“ მთელი შემადგენლობა და დახვრიტეს – მათ შორის ილიას დისშვილი,
გენერალი კოტე აფხაზი. მიაგნეს და დახვრიტეს „დამკომის“ ძირითადი შემადგენლობაც –
ნ. ხომერიკი, ვ. ჯუღელი და სხვები. რადგან საბაბი მიეცათ, აჯანყებულებზე მეტი მშვიდობიანი მოსახლეობა ამოხოცეს მხოლოდ ეჭვის ნიადაგზე, ანუ როგორც ითქვა, იმ ბრალდებით, რომ იყო თავადი, აზნაური ანდა მღვდელი. საერთოდ, დახვრიტეს ანდა საქართველოდან ციმბირში გადაასახლეს და იქ დაასამარეს ძირითადად ელიტარული საზოგადოება.
მათ შორის აღმოჩნდა ვაჟა-ფშაველას უნიჭიერესი შვილი ლევან რაზიკაშვილიც. მისთვის სიცოცხლის შენარჩუნების თხოვნით მისულ დელეგაციას – ეგ, ვაჟა-ფშაველას შვილია და ნუ დახვრეტთო, ორჯონიკიძეს ასე უპასუხია –
„ვაჟა ფშაველას შვილი კი არა, თვით ვაჟასაც დავხვრეტდით, ცოცხალი რომ იყოსო“.
დიახ, დახვრეტდნენ სტალინი, ორჯონიკიძე და სხვა მისთანა გარეწრები ვაჟა-ფშაველასაც, ილია ჭავჭავაძესაც (იგი რომ უფრო ადრე არ მოეკლათ სწორედ ამ ვანდალისტებს), აკაკი წერეთელსაც და ყველას, ვინც არ იზიარებდა მათს მანქურთულ იდეებს, და მართლაც, განა სწორედ ამ ნიშნის მიხედვით არ ამოწყვიტეს სტალინმა და მისმა დამქაშებმა შემდეგშიც ცნობილი ქართველი მწერლები, მეცნიერები და კულტურის მუშაკები?
სტალინისა და ბოლშევიკების ტირანიას საქართველოში ემსხვერპლა ასიათასობით ეროვნული ცნობიერების მქონე ადამიანი – მეცნიერების, ხელოვნების, საზოგადოების თვალსაჩინო და ამაგდარი მოღვაწე, ერის ინტელექტუალური პოტენციალი, საჯიშე გენოფონდი.
1921 წლიდან 1941 წლამდის საქართველოში დაიხვრიტა 60 ათასი ადამიანი, საქართველოდან კი გასახლებული იქნა 200 000-ზე მეტი კაცი.''
ტირანი და მისი მიმდევრები იმსახურებენ მხოლოდ ფურთხს.
უნიათო ნოე ჟორდანიას ადგილზე ნოე რამიშვილი, რომ ყოფილიყო მეთერთმეტე არმია უკანმოუხედავად მოკურცხლავდა უკანვე.
რამიშვილი რკინის ხელით აგვარებდა წესრიგს და მისი ისტორია, რომ იცოდა და და მისი ხასიათი ამიტომაც არ დაინდო სტალინმა, უნიათო ჟორდანიასგან განსხვავებით.
ვახტანგ გორგასლიდან მოყოლებული ახალი არაა ქართველი ქართველს, რომ არ ინდობს.