x
image
მანანა თურმანიძე
გესლიან ნიადაგზე ია–ვარდი არ ამოვა
image
პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ–ერთი სავარაუდო მკვლელი პროკურორის ვაჟია და ის მიმალვაშია. არაერთი და არაერთგვაროვანი გამოხმაურებები ვრცელდება, ცხადია ყველა შეძრულია ამ ტრაგედიის გამო, მაგრამ ერთმა განსაკუთრებულად მიიპყრო ჩემი ყურადღება. სკულპტორი ირაკლი ჟვანია "ფეისბუკში" ვრცელ პოსტს აქვეყნებს: „...თბილისი მუდამ ითმენს მკვლელებს და ნაძირლებს... გუშინ რაც მოხდა, ამის გაგრძელება იცით რა იქნება? იმ ნაძირალა მკვლელს, თუ დაიჭირეს, ჩაუწყობენ ვადის შემცირებას, მერე ციხეში შევა "კაი ბიჭის" სახელით, იქაც იბლატავებს, მისი ძმაკაცები პადაგრევებს შეუგზავნიან, შავი რეიბანებით ბირჟას გაამაგრებენ და აბა ვინმემ გაბედოს და უთხრას რომ "მკვლელი ხარ შენი დედა..." გავა ათი ან მეტი წელი, გამოვა ის მაიმუნი ციხიდან, ძმები უყიდიან "პორშ კაიენს" და ნაშასთან ერთად შარდენზე ლაუნჯში წამოწვება...“

მართლაც გაუგებარია ასე რატომ „სწყალობს“ ჩვენი საზოგადოება კრიმინალს, მაგრამ ჯიუტი ფაქტია, რომ არც უმაგისობაა. ალბათ იმიტომ, რომ კრიმინალური მენტალიტეტი და ე.წ. „კაი ბიჭობა“ ნამდვილად იყო წახალისებული საბჭოთა რეჟიმის დროს და ამ „მსოფლმხედველობას“ ღრმა ფესვები აქვს გადგმული ჩვენს აზროვნებაში.


ერთი სამწუხარო ისტორია გამახსენა ამ პოსტმა. წლების წინ, სსრკ ეპოქაში, ჩვენი მეგობარი, უწესიერესი, დედისერთა ბიჭი მოკლეს, არაფრის გამო. უბრალოდ აწყნარებდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მის მომავალ მკვლელს, რომელსაც პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა და შეურაცხყოფას აყენებდა გარშემომყოფებს. მკვლელი საკმაოდ გავლენიანი ფიგურა იყო და სასამართლოს სხდომებზე თავადაც და მისი ოჯახიც ისე იქცეოდნენ, თითქოს თვითონ იყვნენ დაზარალებულები. გამწარებული მამა მით უფრო აღშფოთდა, რომ ფული შესთავაზეს „გასაჩუმებლად“. ფული და გავლენა არც მას აკლდა და დასაფლავებისას, მისი ერთადერთი შვილის საფლავთან დაიფიცა, რომ მალე „უკან მიაყოლებდა“ მკვლელს.


ამ შემთხვევიდან ერთი წლის თავზე კოლონიაში, იძულებითი შრომითი სამუშაოების შესრულების დროს, უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა მკვლელი. დაზუსტებით ვერავინ იტყვის რა მოხდა, მაგრამ ეს ფაქტი აშკარად მეტყველებს იმდროინდელი სისტემის კორუმპირებულობაზე. ასეთი მრავალი ფაქტი არსებობს უფრო ახლო წარსულშიც.

Image result for მგლების ხროვა

იმედია დღევანდელი სისტემა არ დატოვებს ნიშას ამგვარი შურისმაძიებლური „მართლმსაჯულებისთვის“. სამართალი უნდა აღსრულდეს სამართლიანად, რათა ხალხში არ იყოს გამეფებული განუკითხაობის შიში და ვენდეტის საჭიროება. ბოლოსდაბოლოს, იქნებ დადგეს ის დროც, როდესაც მიდგომა – „ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა“ წარსულს ჩაბარდება.



რა მაგალითებზე ვზრდით ახალგაზრდობას, რა ეთიკურ ნორმებს უწესებს ჩვენი საზოგადოება, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მათ პიროვნულ ჩამოყალიბებაში. ის, რაც მისაღებია ჩვენთვის, ავტომატურად მისაღები ხდება ჩვენი შვილებისთვისაც. ნუ აღვზრდით ბავშვებს მგლებად, თორემ ერთ მშვენიერ დღეს მართლაც მგლების ხროვად გადავიქცევით. თუმცა, ჯერჯერობით არც მორიელებს ჩამოვუვარდებით, შესანიშნავად გამოგვდის ერთმანეთის მისამართით გესლის ნთხევა. სამწუხაროა, რადგან გესლიან ნიადაგზე ია–ვარდი არ ამოვა.

Image result for მორიელი საქართველოში

ვინ დაგვწყევლა, რა გვჭირსო, ბევრი კითხულობს დღეს. მართლაც რა გვჭირს, დღე არ გავა, რომ რაღაც საშინელება არ გავიგოთ. თუმცა, მგონი ჩვენ თვითონ ვართ შემოქმედნი ამ ტრაგედიების. ჩვენი უარყოფითი ენერგეტიკით ისე გაჯერდა და დაიმუხტა გარემო, რომ მეშინია დენმა არ დაგვარტყას. ან კი, მეტი რაღა უნდა დაგვარტყას, თავში გვირახუნებს და გონს მაინც ვერ მოვსულვართ. ვფიქრობ გამოსავალი არსებობს, ალბათ ისევ ადამიანებად უნდა ვიქცეთ, რომ ადამიანების აღზრდა შევძლოთ. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, უკვე სუნთქვა ჭირს, ისე გაბლანტდა და დაიზაფრა ატმოსფერო სიძულვილისგან. იქნებ დროა შევჩერდეთ ხალხნო, გვეყოფა, რაღაც უნდა შევცვალოთ საკუთარ თავში. ვფიქრობ ეს რაღაც სიყვარულის დეფიციტია. არადა, ქრისტიანობა გვასწავლის: "გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც გავიწროებთ და გდევნით"!

0
6
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0