საზოგადოება ბუზი და ფუტკარი ორივე მწერია, მაგრამ, ერთი ნეხვს ამჩნევს და მეორე ყვავილებს! 2017, 28 ნოემბერი, 13:03 სოციალურ ქსელებში დიდი ემოციები მოჰყვა ახალგაზრდა კაცის ვიდეო–მიმართვას, რომელშიც ის ქართველების ლანძღვით და წყევლით ცდილობს მისი უკმაყოფილების გამოხატვას. მას არ მოსწონს ემიგრაციაში წასული დედიკოების შვილები, რომლებიც სააკუთარი დედის გინებას კადრულობენ და დეგრადირებულ ქართველთა სხვა მახინჯი მხარეები, რომლებიც არც ჩვენ მოგვწონს. თავდაპირველად პასუხის გაცემა დროის უქმად ფლანგვად მივიჩნიე, თუმცა საპასუხო რეაქციებს რომ გადავავლე თვალი, საჭიროდ ჩავთვალე, იმედია წაიკითხავს. პირველყოვლისა მინდა გკითხო, შვილო, ორიგინალურობა მოგინდა თუ მართლა ასე გაგაბოროტა ცხოვრებამ?! ორივე შემთხვევაში ვწუხვარ შენს გამო! თუმცა, ფსიქოლოგთან კონსულტაციების კურსმა შეიძლება მარტივად გადაგიჭრას პრობლემები, იმედია ფსიქიატრიამდე არ მივა საქმე, თუმცა არც ეგ არის სამყაროს დასასრული. რაც შეეხება შენი ვიდეო–მიმართვის იდეას, არ ახალია, ძველია, თუმცა დაგეთანხმები, აქტუალურია დღესაც. მე–19–ე საუკუნეში ილია ჭავჭავაძემ ეს გულისტკივილი ქართველი ერის მანკიერ მხარეებზე, უკვე შესანიშნავად, მხატვრული ფორმებით გადმოგვცა მისი კლასიკად ქცეული ნაწარმოებების მეშვეობით, როგორიც არის: „კაცია ადამიანი“, „ბედნიერი ერი“ და სხვა. მას ამ იდეის განსავითარებლად და გამოსახატად არსენალში ჰქონდა ნიჭი და განათლება. პირველი უფლისგან ენიჭება ადამიანს და ამიტომაც ჰქვია ნიჭი, მეორე კი შრომის, მონდომების და მოწადინების შედეგია. აქედან გამომდინარე, ორიგინალურობა არ გამოგივიდა, სულ რაღაც ორიოდ საუკუნით დაგაგვიანდა. თუმცა, აქ საქმე მხოლოდ იდეაში არ არის, მთავარი გამოხატვის ფორმაა. რასაკვირველია, ყველა ილია და აკაკი ვერ იქნება, ერი რომ დამოძღვროს, მაგრამ წყევლა–კრულვის გარდა არსებობს აზრის გამოხატვის სხვა, უფრო კონსტრუქციული და მისაღები გზებიც. სწორედ ამიტომ, გირჩევ მეტი დრო დაუთმო განათლებას, საკუთარ თავზე მუშაობას, რომ წყევლისთვის და მსგავსი დესტრუქციული ქმედებებისთვის, რომლებიც არაფრის მომცემია, დრო ნაკლებად დაგრჩეს. მინდა გითხრა, რომ ადამიანს მართლაც შეუძლია შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ, მაგრამ უმჯობესია საკუთარი თავის შეცვლით დაიწყოს. საქართველოს ჰყავს ისტორიული თუ თანამედროვე გმირები, რომელთა გამოც ვამაყობთ, მათ თავი შესწირეს საქართველოს კეთილდღეობას. ჩვენ მსოფლიო მიგვიჩნევს რეგიონში ერთ–ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად სახელმწიფოდ, რომელიც რთული გეო– პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად ახერხებს საკმაოდ სწრაფი ნაბიჯებით წინსვლას. ჩვენ გვაქვს გამოწვევები, რომლებსაც მეგობრების დახმარებით მეტ–ნაკლებად წარმატებულად ვუმკლავდებით. ასე რომ, საცოდავი ერი ნამდვილად არ ვართ, თუმცა საცოდავიც არაერთი გვყავს და საამაყოც. ბუზი და ფუტკარი ორივე მწერია, მაგრამ, ერთი ნეხვს ამჩნევს და მეორე ყვავილებს. მათ შორის განსხვავება უზომოდ დიდია, ბუზი უსარგებლო მწერია, მხოლოდ სიბინძურეს ავრცელებს, ფუტკარი კი მშრომელი და მოფუსფუსეა, ის ძალიან სასარგებლო პროდუქტებს, თაფლს და სანთელს გვაძლევს. „ბუზმა მხოლოდ სანარცხეები იცის, ხოლო ფუტკარმა ის, რომ აქვე ახლოს შროშანი პყვავის, იქით კი – ოდნავ მოშორებით – გეოცინდები“. მამა პაისი მთაწმინდელი, სულიერი ბრძოლა. უფალმა დალოცოს და გააძლიეროს მრავალტანჯული ქართველი ერი, რომელმაც არაერთი უძლიერესი იმპერიის შემოტევებს გაუძლო, შეინარჩუნა სულიერება, სახელმწიფოებრიობა, მსოფლიოს აჩუქა მისი უნიკალური კულტურა, აჩვენა სამაგალითო სულის მხნეობა და შეუპოვრობა, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა. ამქვეყნად არ არსებობს ერი, რომელშიც მხოლოდ გმირები და გენიოსები არიან, ყველა ერს ჰყავს თავისი ფუტკრებიც და ბუზებიც. 63 1-ს მოსწონს
|