კახეთი დედოფლისწყაროს „ახალი“ ძველი ხელისუფლება ჰყავს 2017, 22 ნოემბერი, 9:35
დედოფლისწყაროში ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა, რის შედეგადაც მუნიციპალიტეტს „ახალი“ ხელისუფლება ჰყავს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დედოფლისწყარო ერთადერთია, სადაც წამყვანი თანამდებობები იგივე პირებმა დაიკავეს, ვინც არჩევნებამდეც იგივე პოზიციებზე მუშაობდნენ. შესაბამისად, საჯარო მოხელეებს არც საკადრო ცვლილებების მოლოდინი აქვთ. იგივე რჩება საკრებულოს აპარატის შემადგენლობაც.
21 ხმით არცერთის წინააღმდეგ დეპუტატებმა, ფარული კენჭისყრით, საკრებულოს თავმჯდომარედ კვლავ ნუგზარ პაპიაშვილი აირჩიეს, მოადგილედ კი გოჩა სამუკაშვილი. წინა მოწვევის საკრებულოში ორივე მათგანი იგივე პოსტს იკავებდა. ცნობისთვის: არ შეცვლილა მერის კანდიდატურაც, ნიკოლოზ ჯანიაშვილი მანამდე დედოფლისწყაროს გამგებლის თანამდებობას იკავებდა. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ნინო მჭედლიშვილმა გახსნა, საზოგადოებას 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგები გააცნო და სიტყვა საკრებულოს უხუცეს წევრს, ჯემალ კოტაშვილს გადასცა. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო მუდმივმოქმედი კომისიების თავმჯდომარეების არჩევა და ბიუროს შექმნა. საკრებულოს წევრებმა ფარული კენჭისყრით იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ გიორგი გოგილაშვილი აირჩიეს; საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ ჯემალ კოტაშვილი; სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ მიხეილ ბახუტაშვილი; ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ გივი გიგაური, ხოლო სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარედ ნიკოლოზ ხუციშვილი. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა იურიდიული განათლება გიორგი გოგილაშვილს, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ 4 წლით აირჩიეს, რაზეც მან უპასუხა, რომ ამგვარი განათლება არ აქვს. ის პარალელურად წყალმომარაგების კომპანიის დედოფლისწყაროს სერვისცენტრის ხელმძღვანელია. არცერთი საკითხის განხილვისას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. მათ შორის, მხარი არც საკრებულოს თავმჯდომარეს დაუჭირეს. ისინი განმარტავენ, რომ ამ კანდიდატურებზე პასუხისმგებლობას არ იღებენ. 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოში 28 წევრია. აქედან, 13 წევრი მაჟორიტარული წესით, 15 კი პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი. მპგ “ქართულ ოცნებას“ 21 წარმომადგენელი ჰყავს, ნაციონალურ მოძრაობას - 3, “ევროპულ საქართველოსა“ და “პატრიოტთა ალიანსს“ კი 2-2 წარმომადგენელი. საკრებულოში ორი ფრაქცია - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ (თავმჯდომარე დავით ალუღიშვილი) და ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (თავმჯდომარე ლევან ბაღაშვილი) ჩამოყალიბდა. სხდომის დასარულს შეიქმნა საკრებულოს ბიურო შემდეგი შემადგენლობით: ნუგზარ პაპიაშვილი, გოჩა სამუკაშვილი, გიორგი გოგილაშვილი, ჯემალ კოტაშვილი, მიხეილ ბახუტაშვილი, გივი გიგაური, ნიკოლოზ ხუციშვილი, დავით ალუღიშვილი და ლევან ბაღაშვილი. 98 შეფასება არ არის |
კი ნაცქოცმოქკავშირი კომკავშირია ,კომპარტიის არიერგარდი !