სოფლების: ზემო ქედის, არხილოსკალოსა და ქვემო ქედის მაცხოვრებლებმა დედოფლისწყაროს თვითმმართველობის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაზე დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილიც გამოვიდა, რასაც ხმაური მოჰყვა.
დედოფლისწყაროში სამი სოფლის მოსახლეობა ერთი თვეა მიწების დაბრუნების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს. ადგილობრივები 2010 წელს წართმეული მიწების დაბრუნებას ითხოვენ. ნაციონალურმა მოძრაობამ შირაქის ველზე 3 600 ჰექტარი მიწა მოსახლეობას ჩამოართვა და კომპანია „ჯეო აგროს“ მიჰყიდა. კომპანიამ კი სესხის სანაცვლოდ მიწა დააგირავა.
მიწის ნაკვეთი ამჟამად საქართველოს ბანკის საკუთრებაა. ორი დღის წინ გამართული მასშტაბური აქციების შემდეგ საქართველოს ბანკი დედოფლისწყაროელების მოთხოვნას დათანხმდა. ბანკი ადგილობრივებს გრძელვადიანი განვადების ხელშეკრულების პირობებს უპროცენტოდ გაუფორმებს. ამჯერად კი ირკვევა, რომ მოსახლეობას არც ეს პირობები აკმაყოფილებს და ხელისუფლებისგან სხვა შეღავათების ამოქმედებას ითხოვენ.
აქციას შეუერთდა პატრიოტთა ალიანსის დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციაც. სოფელ არხილოსკალოს მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში შალვა ხორნაული ამბობს, რომ მიწის დაკარგვის შემდეგ მოსახლეობა შემოსავლის გარეშე დარჩა.
პარლამენტის წევრი ირაკლი შიოლაშვილი მიიჩნევს, რომ აქციის ლოკაცია არასწორად იქნა შერჩეული. სიღნაღი–დედოფლისწყაროს მაჟორიტარის თქმით, რეგიონის ხელისუფლება ბანკსა და მოსახლეობას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში აქტიურად მონაწილეობდა, ამიტომ მათთვის გაუგებარია, რატომ იმართება საპროტესტო აქცია თვითმმართველობის შენობასთან მაშინ, როცა ხელისუფლება ადგილობრივების პათოსს სრულად იზიარებს.