პროზა რობერტ გელბრეითის ფსევდონიმით დაწერილი ჯოან როულინგის კიდევ ერთი დეტექტივი “აბრეშუმის ჭია” ქართულ ენაზე 2017, 21 ნოემბერი, 15:59 4 დეკემბერი - დეტექტივების მოყვარულებისთვის დიდი დღეა. სწორედ 4 დეკემბერიდან მკითხველს საშუალება ექნება, ქართულ ენაზე წაიკითხოს რობორტ გელბრეითის მეორე წიგნი ”აბრეშუმის ჭია”.
ქართველი მკითხველისთვის გელბრეითი უკვე კარგად ცნობილი ავტორია და ფართო საზოგადოებისთვის ის ფაქტიც ცნობილია, რომ მწერალი დეტექტიურ სერიას ფსევდონიმით წერს. რობერტ გელბრეითი ლეგენდარული ”ჰარი პოტერის” ავტორის ჯოან როულინგის ფსევდონიმია. ნაწარმოების გამოსვლიდან ერთი წლის განმავლობაში არავინ იცოდა, რომ გელბრეითი რეალურად ჯოან როულინგია. გელბრეითი და დეტექტიური სერია უკვე მეტად პოპულარული იყო, როცა ცნობილი გახდა, რომ როულინგმა სრულიად სხვა ჟანრში სცადა ძალები და ეს საკმაოდ წარმატებით გამოუვიდა. ქართულ ენაზე რობერტ გელბრეითის წიგნებს გამომცემლობა ”პალიტრა L” გამოსცემს. აღსანიშნავია ისიც, რომ როდესაც ეს ნაწარმოები ქართულ ენაზე გამოიცა, მკითხველის დიდმა ნაწილმა ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ რეალურად ჯოან როულინგის დეტექტივს ყიდულობდნენ. ბევრისთვის სურპრიზი იყო წიგნის ყდის ქვეშ ავტორის შესახებ მინაწერი, რომ რობერტ გელბრეითი ჯოან როულინგის ფსევდონომია. 4 დეკემბრიდან სწორედ ამ ავტორის მეორე წიგნი გახდება ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი. ”აბრეშუმის ჭიას” ქართულ საზოგადოებაში საკმაოდ დიდ გამოხმაურებას უწინასწარმეტყველებენ სწორედ ისე, როგორც ეს პირველი წიგნის ”გუგულის ძახილის” შემთხვევაში მოხდა. მეორე წიგნში, საიდუმლოებებით მოცულ თრილერში, კერძო დეტექტივი, კორმორან სთრაიქი ბრუნდება. როდესაც ოუენ ქუანი დაიკარგება, ცოლი მის მოსაძებნად კერძო დეტექტივს დაიქირავებს. თავდაპირველად მისის ქუანი ფიქრობს, რომ მისი ქმარი მხოლოდ რამდენიმე დღით წავიდა. ეს ხომ აქამდეც არაერთხელ გაუკეთებია. მაგრამ ახლა დიდი ხნით და საეჭვოდ გაუჩინარდა. ამიტომაც მის დასაბრუნებლად კერძო დეტექტივს დაიქირავებს. ქუანს იპოვნიან. თუმცა მკვდარს... მხეცურად ნაწამებს... ვინ მოკლა ოუენ ქუანი? რა იყო მკვლელის მთავარი მოტივი? სწორედ ამ სასტიკი მკვლელობის გამოძიებას იწყებს კორმორან სთრაიქი. კორმორან სთრაიქის ისტორია კი პირველ წიგნში ”გუგულის ძახილში” იწყება. რაც შეეხება ამავე სერიის მესამე ნაწილს, ”პალიტრა L” უკვე მუშაობს მის თარგმნაზე და ახლო მომავალში ქართულ ენაზე ისიც ხელმისაწვდომი გახდება. 35 1-ს მოსწონს
|