პროზა ურუგვაელი მწერლის, მარიო ბენედეტის რომანების პირველი ქართული გამოცემის წარდგენა „სტამბის წიგნებში“ გაიმართება 2019, 6 თებერვალი, 15:48 12 თებერვალს, 19:00 საათზე მაღაზიაში „Stamba's Books _ სტამბის წიგნები“ (კოსტავას #14) გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ახალი თარგმანის, ურუგვაელი მწერლის, მარიო ბენედეტის რომანების _ „სულის მოთქმა“ და „მადლობა ცეცხლისთვის“ წარდგენა გაიმართება. წიგნს წარადგენენ მთარგმნელი, ელზა ახვლედიანი და რედაქტორი, მაია ალუდაური. ლიტერატორი, ზაალ ჩხეიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას მწერლისა და მისი შემოქმედების შესახებ. თანამედროვე რეალიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლისა და არაერთი ლიტერატურული პრემიის მფლობელი რომანისტის, ესეისტისა და პოეტის, მარიო ბენედეტის რომანები ქართულ ენაზე პირველად გამოიცა. წიგნი გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ გამოსცა სერიაში „ლიტერე ინვენტე“. „მარიო ბენედეტი სამხრეთ-ამერიკული ლიტერატურის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. ყველაზე საკითხავი მწერალი, არა მხოლოდ ესპანურენოვან მკითხველში, არამედ მთელ ევროპაში, შეიძლება ითქვას. ვფიქრობთ, რომ მისი წიგნი ძალიან კარგი შენაძენი იქნება ჩვენი მკითხველისთვის.“ _ ამბობს წიგნის რედაქტორი, მაია ალუდაური. მარიო ბენედეტის რომანები „სულის მოთქმა“ და „მადლობა ცეცხლისთვის“ ესპანურიდან თარგმნა ელზა ახვლედიანმა. ღონისძიებაზე წიგნი -20%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება. 9 3-ს მოსწონს
|