კახეთი ნუკრიანში 84 წლის მარტოხელა ქალი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს (ვიდეო) 2017, 19 ნოემბერი, 13:18 სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში, ჭოტორის დასახლებაში 84 წლის მარო ელიზბარაშვილი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მარტო ცხოვრობს. რამდენიმე თვეა სოციალური მომსახურების სააგენტომ საარსებო შემწეობა შეუწყვიტა, რომელიც პენსიასთან ერთად მისთვის ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო. მარტოხელა მოხუცი ამბობს, რომ დახმარების მოხსნის მიზეზი მისთვის არ განუმარტავთ. ის ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს და გაუსაძლის ყოფაზე ამახვილებს ყურადღებას. რამდენიმე თვის პენსიით ზამთრის სეზონისთვის შეშა მოიმარაგა. ამბობს, რომ საკვებისა და მედიკამენტების შეძენას ვეღარ ახერხებს, ამიტომ მისი კვების რაციონში მხოლოდ ბოსტნეული შედის. მოხუცის მდგომარეობაზე საუბრობენ მისი მეზობლებიც. ციალა მაზიაშვილი ამბობს, რომ მარო ელიზბარაშვილის ყოფა უკიდურესად მძიმეა. სიღნაღის მერის წარმომადგენელი სოფელ ნუკრიანში რევაზ კრაწაშვილი ამბობს, რომ დახმარების მოხსნასა და დანიშვნის საქმეში ადგილობრივი ხელისუფლება ვერ ერევა. თუმცა, კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში მუნიციპალიტეტი ცდილობს სოციალურად დაუცველებს წელიწადში ერთხელ ერთჯერადი დახმარება ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც აღმოუჩინოს. სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მარო ელიზბარაშვილს შეუძლია ადგილობრივ სააგენტოს მიმართოს, ოჯახის ხელახლა გადამოწმება მოითხოვოს და ამ გზით დახმარება აღიდგინოს. 99 შეფასება არ არის
|