x
image
მანანა თურმანიძე
საფრანგეთი უსაფრთხოების ზომებს უპრეცედენტოდ ამკაცრებს
image

ორშაბათს საფრანგეთმა პატივი მიაგო პარიზში ტერორისტული თავდასხმების მსხვერპლთა ხსოვნას. როგორც გვახსოვს 2015 წლის კოორდინირებული ტერორისტული თავდასხმების სერიამ ბოროტების სამსხვერპლოზე მიიტანა მისი ნადავლი – 130 გარდაცვლილი და 600-ზე მეტი დაჭრილი, ასევე დატოვა ეროვნული ტრავმა, რომელმაც შეცვალა ქვეყნის და მთლიანად მსოფლიოს დამოკიდებულება უსაფრთხოების, ლიბერალიზმისა და სამოქალაქო თავისუფლებების მიმართ. თუკი მანამდე ცივილური მსოფლიო ლიბერალურად და ლოიალურად იყო განწყობილი ლტოლვილების და მიგრანტების მიმართ, 2015 წლიდან გაჩნდა ეროვნული უსაფრთხოების პრობლემა და დღის წესრიგში დადგა ლიბერალური საემიგრაციო პოლიტიკის გადახედვის საკითხი. კულუარული ინფორმაციებით, სწორედ ამ მოვლენებმა დააჩქარა ბრეგზიტი, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მოთხოვნა, რომელიც ამ საკითხზე ჩატარებულ რეფერენდუმს მოჰყვა.


საფრანგეთის მთავრობამ ა.წ. 3 ოქტომბერს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით, 2015 წლის ტერორისტული თავდასხმების შედეგად პარლამენტმა მკაცრი კონტრ–ტერორისტული კანონპროექტი შეიმუშავა, საგანგებო გადაუდებელი ზომებით. უსაფრთხოების გაძლიერების და ტერორიზმთან ბრძოლის მიზნით მოხდა ძალოვანების ძალაუფლების გაფართოება, რითაც კრიტიკოსების აზრით სამოქალაქო თავისუფლებები შეიზღუდება. ახალი კანონმდებლობა, რომელიც საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატაში ფართო ზღვარით არის დამტკიცებული, აწესრიგებს ზომებს, როგორიცაა ჩხრეკა, ჩამორთმევა და შინაპატიმრობა, სასამართლო განხილვის გარეშე. ეს არის უპრეცედენტო ნაბიჯები, რომლებიც განიხილება როგორც გამონაკლისი და ეფექტური კომპრომისი უსაფრთხოებასა და პირად თავისუფლებას შორის. კანონპროექტი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მთავარი საკანონმდებლო ინიციატივაა უსაფრთხოების კუთხით, რომელიც საშუალებას მისცემს მთავრობას გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა და უზრუნველყოს საზოგადოების დარწმუნება, რომ სახელმწიფო მეტ სიფხიზლეს იჩენს და საჭიროების შემთხვევაში ეფექტურ რეაგირებას მოახდენს.

image


ცივილური სამყარო დამწუხრებულია იმ საშინელებებით, რაც ჩაიდინეს აგრესიული ფსიქოზით შეპყრობილმა ადამიანებმა. ისტორიულად, როდესაც მსოფლიოს მოიცავს მასობრივი ფსიქოზი, როგორც წესი, ყველაფერი მთავრდება დიდი ომებით და კატაკლიზმებით. აქსიომაა, ვინც ქარს დათესავს, ქარიშხალს მოიმკის! ალბათ, უფრო დიდი ბოროტების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მათი დროული გამოვლენა და განიარაღება, ვინც მსოფლიოს მშვიდობას საფრთხეს უქმნის. შეიძლება გაჩნდეს კითხვა, მაშ რა განსხვავებაა ჩვენსა და ტერორისტებს შორის, მათაც ხომ მიაჩნიათ, რომ ბოროტებას ებრძვიან? ეს უკანასკნელი ნამდვილად არ არის ბოროტება, ეს მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის ბრძოლაა.


ქრისტიანული მორალით სხვისი ცოდვების განკითხვა და ბოროტებაზე ბოროტებით პასუხი, ანუ შურისძიება დანაშაულია. ამიტომ, ჩანასახშივე დანაშაულებრივია მათი განცხადება, რომ ცოდვის და გარყვნილების ქალაქზე იძიეს შური! ყველა ადამიანი ცოდვილია, ჩვენი რწმენის მიხედვით ადამიანი თავის ცოდვებს თავადვე უნდა ჩაუღრმავდეს, საკუთარის მონანიებით უნდა იყოს დაკავებული და არა სხვისი ცოდვების განკითხვით. ჩვეულებრივ მოკვდავს არ აქვს სხვისი ცოდვების განკითხვის უფლება, რადგან ერთმა ღმერთმა იცის ვინ უფრო ცოდვილია, განმკითხველი თუ განკითხული. თუმცა, განსხვავება განკითხვასა და მხილებას შორის არსებობს და ის გულისხმობს დიდი ბოროტების მხილებას, რათა თავიდან ავიცილოთ უფრო მეტი და უფრო საშიში ბოროტება. სწორედ ამ პრინციპით ასამართლებს მართლმსაჯულება ბოროტმოქმედებს.

image

ისინი, ვინც ცბიერებით, მოტყუებით იჭრებიან ცივილური სამყაროს საზღვრებში, თავს აჩვენებენ ლტოლვილებად, დევნილებად ან ჩაგრულებად და შემდეგ მათ, ვინც შეიწყალა და შეიფარა, ქურდულად, მიპარვით ზურგში დანას ჩასცემენ, მორალურად და ფსიქოლოგიურად დეგრადირებული დამნაშავეები არიან, მით უფრო, რომ ამას ვითომდა ღმერთის რწმენით და მისი სახელით სჩადიან. მათ სწამთ, რომ ღმერთი სისხლისღვრას და ადამიანების ხოცვა-ჟლეტვას შთააგონებს. მათი რწმენით, რაც უფრო მეტ განსხვავებული რწმენის ადამიანს დახოცავენ, მით უფრო სასურველ, პრივილეგირებულ ადგილს მოიპოვებენ იმქვეყნად. მგონი განსხვავება აშკარა უნდა იყოს ამ მკრეხელობას და ღვთის რწმენას შორის, ისევე, როგორც აშკარაა დიაგნოზი. ტერორიზმი რომ ბოროტება და ლაჩრობაა, თუკი ამის ახსნა სჭირდება ვინმეს, სასურველია IQ, ანუ ინტელექტის კოეფიციენტი გადაიმოწმონ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინტელექტის პრობლემა არ არსებობს, აუცილებლად უნდა მიაკითხონ სამკურნალოდ ფსიქიატრს, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ცხადია ასეთის არსებობის შემთხვევაში!


ღმერთი სიყვარულია, მისი მოქმედების არეალი კი გულმოწყალება, მიმტევებლობა, სათნოება, კეთილმოსურნეობა და ურთიერთპატივისცემაა. ვინც ამ არეალიდან გადის და საპირისპიროდ მოქმედებს, ის ბოროტს ემსახურება და აღარც ღმერთის დახმარების იმედი უნდა ჰქონდეს. რაც კაცობრიობა არსებობს, ბოროტებაც და სიკეთეც არსებობსმაგრამ პრობლემა მათ შორის ზღვრის გავლებაშია, რათა ჩვენს ცნობიერებაში ამ ურთიერთსაპირისპირო ცნებების აღრევა არ მოხდეს. უცნაურია, რომ ხშირად ვდგებით ამ დილემის წინაშე. და მაინც – სად გადის წყალგამყოფი ბოროტებასა და სიკეთეს შორის? ალბათ იქ, სადაც გვახსენდება ან გვავიწყდება, რომ ადამიანებს ისე უნდა მოვექცეთ, როგორც თავად გვსურს რომ გვეპყრობოდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბუმერანგის ეფექტი შეგვახსენებს თავს, ადრე თუ გვიან, რაიმე ფორმით, ყველაფერი აუცილებლად უკან გვიბრუნდება.


0
27
2-ს მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0