საზოგადოება „თბილისის წიგნის დღეები“ და ფასდაკლებები, რომლითაც ღონისძიებაზე ისარგებლებთ 2017, 10 ნოემბერი, 11:55 „თბილისის წიგნის დღეები“, რომელიც გუშინ გაიხსნა, მაღალი აქტივობითა და ხალხმრავლობით გამოირჩევა. ახალი წიგნები, საინტერესო პრეზენტაციები და რაც მთავარია, ფასდაკლებები - ეს არასრული ჩამონათვალია იმისა, რაც ექსპო-ჯორჯიაში წიგნის დღეებზე მისულ სტუმრებს ელოდებათ. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია გამომცემლობებისა და ავტორების პრეზენტაციები, წიგნის ხელოვნების ფესტივალი, ლექციები, მასტერკლასები, გამოფენები და გასართობ-ინტელექტუალური პროგრამები ბავშვებსა და მოზარდებისთვის. მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებების პარალელურად, ყველა სტუმარს საშუალება ექნება ისარგებლოს მნიშვნელოვანი ფასდაკლებით წიგნების ფართო ასორტიმენტზე. საქართველოს წიგნის გამომცემლები, გამავრცელებლები და ამ სექტორის ყველა წამყვანი კომპანიის აბსოლუტური უმრავლესობა მონაწილეობს წიგნის ბაზრობაში. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამომცემლობა ”პალიტრა L” ტრადიციულად მონაწილეობს ღონისძიებაში. როგორც კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი ნათია მეტრეველი აღნიშნავს, ფესტივალი ხალხმრავლობით გამოირჩევა და მათი წიგნებიც საკმაოდ მოთხოვნადია. ”ფესტივალი გუშინ გაიხსნა და იგი 12 ნოემბრამდე გაგრძელდება. საზოგადოების მხრიდან დაინტერესება საკმაოდ მაღალია. ბოლო დღეებში კიდევ უფრო დიდ აქტივობას ველოდებით. ჩვენი გამომცემლობა ძალიან მრავალფეროვანი კატალოგითაა წარმოდგენილი. დიდი ფასდაკლებით სასურველი წიგნის შეძენას ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანი შეძლებს. მაგალითად, 45%-იანი ფასდაკლება მოქმედებს სერიაზე ”50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ”. სერია ”ჩემი რჩეულის” წიგნების შეძენა კი 65%-იანი ფასდაკლებითაა შესაძლებელი. 40 %-იანი ფასდაკლებით იყიდით საბავშვო წიგნებს. ასევე, ფასდაკლება მოქმედებს წლის ბესტსელერ გამოცემებზე. ჩვენი ბოლო პროექტის ”მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმების” პრეზენტაციაც სწორედ წიგნის დღეებზე გაიმართა. გუშინვე გამოვიდა სერიის პირველი წიგნი "ლუვრი", რომელიც სპეციალურ ფასად, 15 ლარად გაიყიდა. სიახლის აღსანიშნავად მუზეუმის ტიპის სტენდიც მოვაწყვეთ.” - განმარტავს ნათია მეტრეველი. წიგნების შეძენის შესაძლებლობის პარალელურად, სტუმრებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ გამორჩეულ გამომცემლებს, დაესწრონ წიგნის პრეზენტაციებს, ისიამოვნონ ღონისძიების სრული კულტურული პროგრამით. ორგანიზატორებს არც ღონისძიების პატარა სტუმრები დარჩენიათ უყურადღებოდ. ბავშვებს საშუალება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა გასართობ ღონისძიებაში, რომლიც მათ განვითარებაზე არის ორიენტირებული. 30 5-ს მოსწონს
|