კინო რატომ უთხრა უარი სოფიკო ჭიაურელმა "მონანიებაში" მონაწილეობაზე თენგიზ აბულაძეს? 2017, 3 ნოემბერი, 19:50 თენგიზ აბულაძემ 1976 წელს გადაღებულ ფილმში "ნატვრის ხე" ფუფალას როლში გადაიღო მსახიობი სოფიკო ჭიაურელი, ფილმმა საქვეყნო აღიარება და მრავალი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. ტრილოგია სამი ფილმისგან შედგებოდა ( ვედრება, ნატვრის ხე, მონანიება) როდესაც რეჟისორი 1984 წელს, მესამე ფილმს "მონანიებას" იღებდა, ბოლო სცენაში, სადაც მოხუცი ქალი ტაძრისკენ მიმავალ გზას ეძებს სოფიკო ჭიაურელის გადაღება უნდოდა, რადგან რეჟისორს წარმოედგინა რომ ეს არის დაბერებული ფუფალა და ამ პერსონაჟით ერთიანდებოდა ტრილოგიის ფილმები, მაგრამ თენგიზ აბულაძემ მსახიობისგან უარი მიიღო, სოფიკომ ამ ეპიზოდში სათამაშოდ რეჟისორს დედა, ვერიკო ანჯაფარიძე შესთავაზა, მოგვიანებით ეს როლი სწორედ ვერიკო ანჯაფარიძემ ითამაშა. თავად სოფიკო ჭიაურელი ასე იხსენებდა ამ ისტორიას: "თენგიზ აბულაძე როცა მონანიებას იღებდა უნდოდა რომ ის ქალი, რომელიც ბოლო სცენაში ტაძრისაკენ მიმავალ გზას ეძებს მე მეთამაშა, ის ფიქრობდა რომ ეს ქალი არის დაბერებული ფუფალა, ეს ფუფალას ბოლოა. მახსოვს დამირეკა და მითხრა რომ სოფიკო ასე ვფიქრობ და მოდი მოვემზადოთ, გრიმზე წავიმუშაოთ, რომ შენ რაღაცნაირად დაგაბეროთ, მე ვუთხარი, ბატონო თენგიზ, რად გინდათ რომ ეხლა ჩვენ გრიმზე ვიმუშაოთ, ხომ იქნება რაღაც არა ესთეტიური ამაში, რა საჭიროა ეს ყველაფერი, როდესაც არსებობს ვერიკო. მითხრა, რას ამბობ მე როგორ ვაკადრებ ამ პატარა ეპიზოდს ვერიკოს, მე ვუთხარი, მე ვაკადრებ, მე ვეტყვი, მართლაც ვუთხარი და დავითანხმე, მე ვუთხარი დედა, აქვე გადაგიღებენ, აქვე ჩვენს ქუჩაზე მოვლენ და უცებ გადაგიღებენ - მეთქი. ასეც მოხდა და როგორ ჩაჯდა ეს ეპიზოდი ამ ფილმში, მემგონი მონანიებიდან ერთ-ერთი საუკეთესო ეპიზოდია.." " - ეს გზა ღვთისმშობლის ტაძართან მიმიყვანს? ეს გზა, ღვთისმშობლის ტაძართან არ მიმიყვანს? - ეს ვარლამის ქუჩაა, ეს გზა ტაძართან არ მიგიყვანს. - არა? მაშ რა საჭიროა იგი, რის მაქნისია გზა თუკი ტაძართან არ მიმიყვანს? " 1423 2-ს მოსწონს
|