x
image
მანანა თურმანიძე
ჰომოსექსუალიზმი, სოციალური სტიგმა და გამოწვევა
ინი და იანი
საქართველოში სოციალურ სტიგმად და აქტუალურ თემად რჩება ჰომოსექსუალიზმი, რომლის მიმართაც საზოგადოებას არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს. ჰომოსექსუალიზმი ახალი ხილი ნამდვილად არ არის, მისი წარმოშობა ანტიკურ ხანას უკავშირდება, თუმცა მაინც აქტუალური თემაა დღევანდელ თავისუფალ მსოფლიოში. ის თანამედროვე ეპოქის გამოწვევაა და მას არაუმნიშვნელო ადგილი ეთმობა განსასჯელ საკითხთა ჩამონათვალში ჩვენშიც. საქართველოში საქმე იმდენად შორს წავიდა, რომ ამ საკითხთან დამოკიდებულების მიხედვით საზოგადოების კატეგორიებად დაყოფაც კი ხდება – „ქაჯები და ლიბერალები“, ან პირიქით – „ლიბერასტები და ეროვნულები“, იმისდა მიხედვით, თუ რომელი ბანაკიდან აქვს ადგილი სტიგმატიზაციას.


დღეს სოც. ქსელში გავრცელდა ახალგაზრდა კაცის, ლგბტ აქტივისტის ემოციური ღია წერილი, რომელშიც ის აცხადებდა, რომ ცუდად არის დედასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ. მას ებრალება დედა, რომელსაც სირცხვილი და შიში სტანჯავს შვილის განსხვავებული ორიენტაციის გამო. მას ეშინია, რომ სამსახურიდან გააგდებენ, რომ შვილს ქუჩაში იცნობენ და მოკლავენ, რომ მას მომავალი არ აქვს და საშინლად სცხვენია ნათესავების და მეგობრების. რასაკვირველია, ერთი შეხედვით ეს ყველაფერი ძალიან ბუნებრივი და გულისამაჩუყებელია. ძნელია სულით ხორცამდე არ შეგძრას საბრალო დედის მდგომარეობამ. თუმცა, გამაკვირვა შვილის უეცარმა გამოფხიზლებამ და წუხილმა ამის გამო, ნუთუ მისთვის მოულოდნელი იყო დედის ასეთი რეაქცია ან საზოგადოების ნეგატიური განწყობა, ამ თემის ირგვლივ ხომ დიდი ხანია მუსირებს ძალიან მკაფიო, ნეგატიური აზრი?!


რა დასამალია და ასევე მაკვირვებს მისი მისწრაფება უყვარდეს არა საპირისპირო სქესის წარმომადგენელი, რაც მის ბუნებაში აპრიორი ჩაიდო, არამედ მისივე სქესის ინდივიდი, რაც ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება. რატომღაც მგონია, რომ ასეთი „სიყვარული“ ხელოვნური და ყალბია. გულწრფელად ვაღიაროთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენთვის, დანარჩენი საზოგადოებისთვის, ანუ დასავლურ ტერმინს თუ გამოვიყენებთ – ნატურალებისთვის, ძალიან ჩამოგავს ფსიქიურ აშლილობას, ან ისეთ გადახრებს, როგორიც არის სადო–მაზოხიზმი და მასთან ასოცირებული სექსუალური გაუკუღმართებები. ცხადია, ამ ადამიანებმა შესანიშნავად იციან და ყოველთვის იცოდნენ რა დამოკიდებულება შეიძლებოდა ჰქონოდათ მათი ქცევის მიმართ მათ ოჯახებს, ან ზოგადად საზოგადოებას, მაგრამ მათ ეს ურთიერთობები მაინც გამოამზეურეს, რითაც ტყვიასავით გაისროლეს აშკარა გამოწვევა საზოგადოების მისამართით. ფაქტიურად მათ საზოგადოებას განუცხადეს – დიახ, ასეთები ვართ და ახლა თავი იმტვრიეთ, გნებავთ აგვიტანეთ როგორებიც ვართ, გნებავთ ნუ აგვიტანთ და გვებრძოლეთო!


თვითონ ფაქტი, რომ ისინი ცდილობენ თავიანთი გაუკუღმართებული სექსუალური ცხოვრება გაასაჯაროონ, იმაზე მეტყველებს, რომ ეს არის ერთგვარი სოციალური პროტესტი, გამოწვევა საზოგადოების მიმართ. მათ ხომ საწოლში არავინ უვარდებოდათ, არავინ უკონტროლებდა პირად ცხოვრებას. მაშ რატომ გაუჩნდათ გაუკუღმართებული პირადი ცხოვრების სააშკარაოზე გამოტანის სურვილი?!



ვერავინ ვერ დამარწმუნებს იმაში, რომ ჰომოსექსუალიზმი გადახრა არ არის. ვფიქრობ, რომ ეს არის ფსიქოლოგიური სტრესით გამოწვეული გადახრა, რომელიც მათ თავადვე სტანჯავს, რადგან გულის სიღრმეში კარგად იციან, რომ ეს არასწორია, არ არის ქცევის მისაღები ნორმა. სწორედ ამის გამო ესვრიან ისინი ამ გამოწვევას საზოგადოებას, რომელსაც ადანაშაულებენ თავიანთ პრობლემებში და ხშირად არცთუ უსაფუძვლოდ. დიდი ალბათობით მათი უმეტესობა წარსულში (სავარაუდოდ ბავშვობაში) სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო, რამაც დაღი დაასვა მათ ფსიქიკას. ამიტომ, ქვეცნობიერად მათ სურთ საზოგადოებამ, რომელშიც ამდენი მოძალადე და პედოფილია, პასუხი აგოს მათი ტანჯვის გამო. საზოგადოების რეაქცია კი ამ გამოწვევაზე სრულიად არაადექვატურია. ნაცვლად იმისა, რომ შეეცადონ გაუგონ ამ ადამიანებს, შეიბრალონ ისინი, ჩაწვდნენ მათ პრობლემებს და შეძლებისდაგვარად დაეხმარონ მათ, სცემენ, ლანძღავენ, დასცინიან, დევნიან და ავიწროვებენ. სწორედ სოციალური სტიგმა, ანუ ადამიანის დისკრიმინაცია მისი უნიკალური თავისებურების გამო, რომლითაც იგი განსხვავდება სოციალური გარემოსგან, არის მიუღებელი ცივილური სამყაროსთვის. ამის გამო იცავს მათ საერთაშორისო კანონმდებლობა, რადგან მათი დაცვის საჭიროება წარმოიშვა. ამას ემსახურება ადამიანის უფლებების საყოველთაო კონცეფცია, რომელსაც საფუძვლად ადამიანთა თანასწორუფლებიანობა უდევს, განურჩევლად რასისა, სექსუალური ორიენტაციისა თუ სხვა განსხვავებულობისა. ამის გამო გახდა საჭირო ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომლის მიღებამაც ქვეყნის მასშტაბით დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.


მართალია საბრალო დედა, რომელსაც ეშინია გაკიცხვის, საზოგადოებრივი აზრის, შვილის უპერსპექტივობის და სულაც ფიზიკური განადგურების. ეშინია, იმიტომ, რომ დედისთვის მისი შვილი ძვირფასია, როგორიც არ უნდა იყოს ის. ღრმად ვარ დარწმუნებული ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია გამოსავალი იქნებოდა და ბევრ ასეთ დედას გადაურჩენდა შვილს, დევნა და შევიწროვება კი პანაცეა ნამდვილად არ არის, პირიქით, ის უფრო ამძაფრებს სიტუაციას. დაპირისპირებას სიკეთე არასოდეს არავისთვის მოაქვს, თანაგრძნობას და თანადგომას კი შეუძლია მთები დაძრას და მღვრიე გუბურა კამკამა ნაკადულად აქციოს. ჩვენ უფლება გვაქვს მოვიძულოთ ცოდვა, მაგრამ არა ცოდვილები. ციციკორეების დრო უნდა დამთავრდეს საქართველოში, მათი ადგილი კი ჰუმანურმა, ლოიალურად განწყობილმა, პროგრესულმა საზოგადოებამ უნდა დაიკავოს, რომელსაც თითის გაშვერის და ლაფის სროლის სურვილი აღარასოდეს გაუჩნდება.

0
33
2-ს მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0