ბიოგრაფია "არა არს დაფარულ, რომელ არ გამოცხადდეს" 2017, 14 ოქტომბერი, 18:50 იშვიათია ისეთი სიყვარული, როგორითაც ერთმანეთი უყვარდათ ოლღასა და ილიას. ყველაფერი კი ასე დაიწყო..
![]() ამ დიად საქმეში ოლღა გურამიშვილი ილია ჭავჭავაძეს ნამდვილ მშველელად და შთამაგონებლად მოევლინა. მას უზომოდ უყვარდა მეუღლე, ყველანაირად ხელს უწყობდა და ილიას საქმეს ისე უცქერდა, როგორც მღვდელთმსახურებას. ადვილი არ იყო ქალიშვილისთვის ოჯახს შეწინააღმდეგებოდა, ვინაიდან ხელმოკლე ილია ჭავჭავაძე თანაც მწერალი და ლიბერალი, სასურველ საქმროდ ვერ ჩაითვლებოდა, მაგრამ ამ ორ ახალგაზრდას თავდავიწყებით შეუყვარდა ერთმანეთი. ![]() ![]() როგორც იგონებენ ილია ძალზე დინჯი, გაწონასწორებული ადამიანი იყო, მაგრამ ჩანს რომ „თვალჭრელა“ ოლღასადმი სიყვარულმა გაახელა და თავი დააკარგვინა. ეკატერინე გაბაშვილისთვის ივანე პოლტრაცკის უამბნია, რომ ერთ-ერთი შეკრებისას დაგვიანებით მოსულ მსახურს, რომელსაც ოლღასგან ბარათი უნდა მოეტანა, ილია საშინლად განურისხდა:“ ეს ჩვენი ლიბერალი და თავისუფლების მოტრფიალე პოეტი, სწვდა თავის მოამაგე ლალას საყელოში და რაც ძალი და ღონე ჰქონდა დაუწყო ჯანჯღარი და თან უშვერად ლანძღავდა: „სად იყავი აქამდე? სად ოხრობაში დაეთრეოდი, განა არ იცოდი რომ გელოდი, რომ სული კბილით მეჭეირაო!“. მხოლოდ მას შემდეგ მოუბოდიშა ილიამ ლალას, რაც ბარათი გადაიკითხაო.“ ![]() ამ ძლიერი ტრფიალებისგან ზოგჯერ პოეტს გონება ეფანტებოდა და უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა ხოლმე. ოლღასადმი მიწერილ ერთ-ერთ წერილში ვკითხულობთ: „ ოლიკო, შენი სულისა! ახლაღა გამახსენდა, რომ თქვენთან დამრჩა ჩემი ჯოხი... ...გთხოვ, ან გამომიგზავნე, ანდა დამალე დარაბებს უკან, სადაც გუშინ ვიჯექი ჩემს დედოფალთან ერთად... ...ჯოხი საერთოდ სულელური ნივთია, განსაკუთრებით კი ასეთი შემთხვევის დროს. მას შეუძლია ჩვენი საიდუმლოს გამჟღავნება. ახლავე ამ წერილზევე მიაწერე, ჩემი დედოფალი რას უპირებს ჩემს ჯოხს. ესეც შენ!.. ისე იჩქარე ჩემი გამოგდება, რომ სიჩქარეში იძულებული გავხდი ჩემი საყვარელი ჯოხი იქ დამეტოვებიმა, სადაც შეიძლება იგი გაცივდეს და სიბრაზისგან რაღაც-რაღცეები წამოროშოს.“ ![]() როგორც ჩანს, ილიასთან საიდუმლო მიწერ-მოწერის შესახებ ოლღამ უამბო თავის უფროს დას - ეკატერინეს. აღელვებული ოლღა შემდეგ წერილს წერს ილიას: „ საშინლად ვნანობ, რომ ვუთხარ ჩემს დასა, რომ ჩვენ ვწერთ ერთმანეთს. შენ გენაცვალოს ჩემი თავი, მომიტევე ჩემი უფიქრელი დანაშაულობა.. ...შენ გენაცვალე, საშინლად ვნანობ, მაგრამ რაღა გაეწყობა: „არა არს დაფარულ, რომელ არ გამოცხადდეს“. ილიას თანამოაზრეებმა, როცა მისი კარსმომდგარი ჯვრისწერის ამბავი შეიტყვეს შეშინდნენ, ვაითუ ჟურნალ „საქართველოს მოამბის“ გამოცემაზე აღარ იფიქროსო. მაგრამ მწერალს ასე გადაურწმუნებია და დაუმშვიდებია ისინი: „ვუთხარი, იქნებ მართლაც დავქორწინდე-მეთქი, მაგრამ დავქორწინდები ისეთ ჭკვიან ქალზე, რომელიც ამ წმინდა საქმეს კი არ ჩამომაშორებს, პირიქით, უფრო მიმაჯაჭვავს და ძალასა და ენერგიასაც შემმატებს-მეთქი.. რა? განა შევცდი, ასე რომ ვთქვი შენზე, ოლიკო? არა, ჩემს ოლიკოში მე არ შევცდები“. ![]() ამი შემდეგ კი საეკლესიო წიგნში ჩაიწერა: „1863წ. N21, 10 აპრილს. სასიძო თავადი ილია გრიგორის ძე ჭავჭავაძე, მართლმადიდებელ სარწმუნოების მქონებელმა იქორწინა პირველ ქორწინებითა, 25წლისა. სასძლო თავად თეოდოზ გურამოვის ქალი ოლღა, მართლმადიდებელ სარწმუნოების მქონებელმა იქორწინა პირველ ქორწინებითა, 20წლისა“ ![]() ![]() საპასუხოდ, ილიაც დიდად აფასებდა ოლღას ნიჭსა და ლიტერატურულ გემოვნებას. მეუღლისადმი თავისი დიდი სიყვარული და პატივისცემა ილიამ იმითაც დაამტკიცა, რომ მას უძღვნა თავისი ხელით გადაწერილი ლექსების კრებული და თავისი პოეტური შემოქმედების გვირგვინი - პოემა „განდეგილი“. ოლღა ერთგულად მისდევდა ილიას მიერ მისადმი მიწერილ ცნებას: „დედობა, ცოლობა და დობა დიდი საქმე არ არის. ეს ზოგი ბუნების საქმეა, ზოგი გარემოებისა. საქმე კარგი დედაკაცობაა, ქალს სხვა ბევრი რამ მოვალეობა აწევს საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე“. ოლღა ნამდვილად იქცა ნამდვილი ქალის განსახიერებად. იგი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტის მზრუნველთა საბჭორს წევრი, 1895-1906 წლებში ქართველ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოების თავმჯდომარე და სხვა. ![]() ![]() ვერც ილიას გარდაცვალებამ ვერ გაანელა ოლღას სიყვარული: „ ... რაც დრო გადის, უფრო და უფრო გულსაკლავათ ვერ ვინელებ ესეთ უბედურ მდგომარეობას. ფიქრში რომ წავალ, სულ იმედით ვცხოვრობ და მგონია შორს იმყოფება და რომ წარმოვიდგენ სინამდვილეს, აუტანელი მწუხარებაა და გული ვერ მომიბრუნებია..“ -წერს იგი მარჯორი უორდროპს. ![]() ![]() ![]() 317 5-ს მოსწონს
|