საზოგადოება ,,მეოთხე ხელისუფლების,, გავლენა საზოგადოებაზე 2017, 12 ოქტომბერი, 15:19 ხელისუფლების დანაწილების სამი ძირითადი პრინციპის გარდა, საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო) დემოკრატიული ქვეყნები ცნობენ მეოთხე, არაოფიციალურ ხელისუფლებას ანუ მედიას. მაინც რაში მდგომარეობს მედიის ძალა? რატომ აყენებენ დემოკრატიული სახელმწიფოებში ხელისუფლების განხორციელების ოფიციალური, ძირითადი სახელმწიფო ინსტიტუტების გვერდით? რა გავლენას ახდენს ის საზოგადოებაზე და რატომ წამოიჭრება ხოლმე ასე აქტიურად საოზგადოებრივი პრობლემების განხილვისას ჟურნალისტების პასუხისმგებლობის საკითხი?
მედიის გავლენა, თავისი გლობალური გაგებით, საზოგადოებაზე დღითი დღე თვალშისაცემი ხდება. მან არაოფიციალურად, მაგრამ მნიშვნელოვანწილად პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებს განვითარების თავისებური ბიძგი და გეზი მისცა. ამიტომაც თანამედროვე მსოფლიოში მას სამართლიანად უწოდებენ “მეოთხე ხელისუფლებას“. ეს ძალაუფლება მდგომარეობს მედიის უნარში, რომ დაამკვიდროს გარკვეული მიდგომები, კანონზომიერება, შეხედულებები და აზროვნების თავისებური “ფასონი“. ის განუზომელ როლს ასრულებს ეგრეთ წოდებული დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში, რაც ნიშნავს საზოგადოების აზროვნების ფოკუსირებას ამა თუ იმ საკითხზე, მისთვის ძირითადი ვექტორების დანახვებას, , აზროვნების პროვოცირებას, მიმართულებების ირიბად განსაზღვრას.
მედია გავლენას არა მხოლოდ პოლიტიკურ პროცესზე ახდენს, არამედ ის მნიშვნელოვნად ისახება კულტურასა და ქცევაზეც. თუ დავუკვირდებით, აუცილებლად შევამჩნევთ, რომ ჟურნალისტების მეტყველებას “გადამდები“ ეფექტი აქვს და ხშირად მის მიერ გამოყენებული ტერმინები, თუნდაც არცთუ მართებული, ადვილად მკვიდრდება ყოველდღიურ მეტყველებაში. მაგალითად: “ყოველდღიურ რეჟიმში“. ამ ტერმინს ხშირად ისე ვიყენებთ, საკუთარ თავებს აღარც ვეკითხებით, რამდენად სწორი და გამართლებულია გრამატიკულად. რა თქმა უნდა, გაცილებით სხარტი და ლოგიკურია - ყოველდღიურად. მეორე შემთხვევაა : “დიალოგის რეჟიმში“. ამ შემთხვევაში “რეჟიმის“ ნაცვლად უკეთესია ვთქვათ: “ ფორმით“. ეს იმის საილუსტრაციოდ, რომ მედია ჩვენს მეტყველებასა და ენაზეც კი უდიდეს გავლენას ახდენს. გარდა ტრადიციული მედიისა, ჩვენს ყოფით რეალობაში არანაკლებ როლს თამაშობს ციფრული მედია. მეტიც, თანამედროვე, ინტერნეტიზებულ სამყაროში ისინი სულ უფრო და უფრო დიდ სივრცეში იჭრებიან: მეტ მკითხველს, მაყურებელს და მსმენელს იპყრობენ. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ მედიაც ერთგვარი ბიზნესია. ისინი ცდილობენ მომხმარებელს შესთავაზონ მისთვის საინტერესო პროდუქტი. მედიები, რომლებიც ამ პრინციპს არ ეფუძნებიან, გაცილებით ნაკლები პოპულარობით სარგებლობენ და თითქოს, იდეაში, ვიწრო ჯგუფისთვისაა განკუთვნილი. მაგალითისთვის შეიძლება შევადაროთ შემდეგი ოფიციალური “ფეისბუქ“ გვერდები: ჟურნალი “ლიბერალი“ 63 386 გამომწერით და გაზეთი “ასავალ-დასავალი“ 127 481 გამომწერით. ამით ჩვენ შეიძლება ინდივიდულაური დასკვნები გამოვიტანოთ, მაგრამ აშკარად შეიმჩნევა, რომ რაც უფრო ტოლერანტულია ჟურნალის კონტენტი, მით ნაკლებად იმსახურებს საზოგადოების მოწონებას და კეთილგანწყობას. რასაკვირველია, მიზეზები ცალსახაა არაა, მაგრამ მნიშვნელოვანწილად მდგომარეობს მედიის მიერ დამკვიდრებულ, ნორმად ქცეულ ტრადიციებსა და წარსულში, რომლის თანახმადაც, მედიას ხალხისთვის უნდა გადაესხა “ეროვნული“ სისხლი, ეზრუნა ეროვნულ ცნობიერებაზე და არ მოეხდინა “გარყვნილების“ პროპაგანდა. გარყვნილების პროპაგანდა პოსტ კომუნისტურ საზოგადოებრივ ცნობიერებაში ხშირად ასოცირდება სექსუალური უმცირესობების პრობლემების ადეკვატურ გაშუქებასთან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მედიამ ადამინების, სულ ცოტა, ორი-სამი თაობის აზროვნებაში წარუშლელი კვალი დატოვა. შესაბამისად, ჩამოყალიბდა მყარი მითი იმის შესახებ, როგორი უნდა იყოს და რა საკითხებს უნდა აშუქებდეს ან უგულებელყოფდეს მედია. აქედან გამომდინარე, ისმის კითხვა: რა არის იმ საზოგადოების მომავალი ან პერსპექტივა, რომელიც ყოველდღიურად ისმენს უამრავ შეურაცხმყოფელი ტონით, სიძულვილის ენაზე მოსაუბრე ადამიანს, კითხულობს ტექსტებს, რომელიც მიმართულია კონკრეტული რელიგიური ან ეთნიკური ჯგუფის დისკრედიტაციისკენ? ჩვენ უკვე ვნახეთ, რა შედეგი განოიღო ანტიდასავლურმა პროპაგანდამ საბჭოთა კავშირიში: ადამიანებს, დიდი უმრავლესობით, ეჯერათ, რომ ამერიკაში დემონები ცხოვრობდნენ. თანამედროვეობაში ვხედავთ ტენდენციებს, მოხდეს გარკვეული ჯგუფების დემონიზაცია, წარმოჩინდნენ ისინი ეროვნულობასა და სულიერებასთან ასოცირებულ საფრთხეებად. ძალიან ცოტა მედიასაშუალება სთავაზობს საზოგადოებას ჯანსაღ გარემოს მსჯელობისთვის, ძალიან ცოტა მათგანი ცდილობს მოიცილოს მემარჯვენე, რადიკალური ტონი, რაც საერთოდ არ უხდება მედიას, რომ აღარაფერი ვთქვათ სიძულვილისკენ მოწოდებასა და ღია პროპაგანდაზე. შემდეგ, სწორედ ეს მოტივები ხდება ჟურნალისტური ეთკის მუდმივი უგუებელყოფის, მისი ხშირად დარღვევის მიზეზი. როდესაც ჟურნალისტი რასისტულ, ქსენოფობიურ ან ჰომოფობიურ ტერმინებს იყენებს, რასაც მივყავართ ისევ მემარჯვენე ნაციონალიზმის დიდ მხარდამჭერ მედიებთან, მაგალითად: “ასავალ-დასავალი“ და “ობიექტივი“, ეს მწვანე შუქია ასევე ნაციონალისტურად განწყობილი მოქალაქეებისთვის. როდესაც არასასურველი პერსონის მაკომპრომეტირებელ კონტექსტში ეროვნებაზე რეფერირებას მედია არ ერიდება, ეს ავტომატურად მისაღები ტონი ხდება მისი მსმენელის, მკითხველის და მაყურებლისთვის. რა თქმა უნდა, აღარაა საკამათო, რომ მედიის გავლენა საზოგადოებაზე უფრო მეტია, ვიდრე პოლიტიკური ჯგუფების. შესაბამისად, მედიებს ვალდებულება ეკისრებათ, სწორად გაიაზრონ თავიანთი როლი მშვიდობიანი და ცივილური საზოგადოების მშენებლობის საქმეში. სკანდალებდამოკიდებული მედია ნამდვილად ვერ იქნება ასეთი საზოგადების აღმშენებლობის კონტრიბუტორი. 713 2-ს მოსწონს
|