სხვა კრეატიულობა, რას ნიშნავს იყო კრეატიული და რას ამბობენ ფსიქოლოგები კრეატიულობის შესახებ? 2017, 6 სექტემბერი, 17:30 შემოქმედებითი აზროვნების კვლევის ერთ-ერთი მიმართულება კრეატიულობას განიხილავს, როგორც უნარს. სიტყვა კრეატიულობა ლათინური სიტვიდან creatio მომდინარეობს, რომელიც შექმნას ნიშნავს. კრეატიულობა, ეს არის უნარი, წარმოადგინოთ ახალი, განსხვავებული, უჩვეულო იდეები და მათი გახორციელების გზები, შექმნა ახალი, ღირებული და აქტუალური პროდუქტი. ეს არის შესაძლებლობა ნებისმიერი სასიცოცხლო პროცესის, ნებისმიერი საკითხის ავტორისეული ხედვის გადმოცემისა. იყო კრეატიული, ნიშნავს რაიმე შექმნა ახლებურად, ყოველთვის ორიგინალურად. ფსიქოლოგთა უმრავლესობის აზრით, არ არსებობს “კრეატიულობა ყველა მიზნისათვის“; ადამიანები კრეატიულები არიან რომელიმე კონკრეტულ სფეროში. აღსანიშნავია, რომ კრეატიულობა არ არის სპონტანური ქმედება. შემოქმედი გამიზნულად ქმნის თავის „პროდუქტს”. კრეატიულობის ასპექტები ნათლადაა მოცემული შემდეგ განმარტებაში: 1. კრეატიულობა- ეს მოქნლობა და ორიგინალურობაა. 2. კრეატიულობა- ანალიზისა და სინთეზის ერთობლიობაა. 3. კრეატიულობა- ეს არის შესაძლებლობა აგენერირებდე უამრავი რაოდენობის იდეებს. 4. კრეატიულობა თავს იჩენს იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანები თავიანთ უნარებს იყენებენ მუშაობის პროცეში, როგორც ამ პროცესის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს და ეს პროცესი მიმდინარეობს შესაფერის გარემოში; 5. კრეატიულობის შედეგად იქმნება ახალი, გამოსადეგი და კონკრეტულ კულტურასა თუ სიტუაციაში აღიარების ღირსი პროდუქტი. რისი ხაზგასმა სურთ, როდესაც ფსიქოლოგიაში კრეატულობის, შემოქმედებითი აზროვნების ტერმინს გვთავაზობენ? ამ ცნებაში იგულისხმება აზროვნების პროცესის შედეგად მიღებული ისეთი პროდუქტი, რომელიც სრულიად ახალია არა მხოლოდ პიროვნების ინდივიდუალური გამოცდილებისათვის, არამედ საზოგადო ცოდნის დონისათვის. ეს არის არაშაბლონური აზროვნება, რომლის წყალობითაც პიროვნებას შეუძლია თითქოს ჩვეულებრივსა და გასაგებ სამყაროს მოვლენებში რაღაც უჩვეულოს დანახვა. ფიქსირებული მიმართებების გარღვევისა და მათ მიღმა ჭვრეტის გარეშე არ იარსებებდა აინშტაინის, გალილეის, არქიმედესა და სხვა კრეატული პიროვნებების აღმოჩენები. მათ შეძლეს, რომ არსებულ ცოდნაში ნაკლოვანებები და დისჰარმონია შეემჩნიათ და დასვეს შემოქმედებითი აზროვნებისათვის უმნიშვნელოვანესი კითხვა “რატომ?’’ კრეატულობა შემდგომ განვითარებას სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას პოვებს.კრეატიულობასთან დაკავშირებული ადრეული კვლევები თარიღდება მე-19 საუკუნის მეორე ნახევრით, როდესაც იტალიელი ექიმი ჩეზარე ლომბრუზო დაინტერესდა შეშლილობასა და გენიოსობას შორის კავშირის კვლევით და ბრიტანელმა ეუგენისტმა სერ ფრენსის გალტონმა აღნიშნა, რომ გენიოსობა უჩვეულო სიხშირით გვხდება ზოგიერთ ოჯახში და დაასკვნა, რომ გენიოსობა მემკვიდრეობით გადაეცემა თაობიდან თაობას. შედარებით გვიანი კვლევები ფროიდისა და მისი მიმდევრების სახელს უკავშირდება, რომლებიც ცდილობდნენ ეკვლიათ რეპრესირებული ლიბიდოს შინაარსის ტრანსფორმაცია ისეთი დიდოსტატების შრომებში, როგორებიც იყვნენ მიქელანჯელო, ლეონარდო და ვინჩი. ემპირიული კვლევები კი უკვე II მსოფლიო ომის დროს ჩნდება, როდესაც აშშ საჰაერო ძალებმა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორთან, პ. გილფორდთან, გააფორმა ხელშეკრულება ორიგინალური, შემოქმდებითი აზროვნების საკვლევი ტესტების შექმნასთან დაკავშირებით.ჯ. გილფორდი გამოყოფს კრეატულობის განმსაზღვრელ 4 ძირითად ფაქტორს: 1. ორიგინალურობა– სხვადასხვა ასოციაციების პროდუცირების უნარი; 2. სემანტიკური მოქნილობა – ობიექტის ფუნქციის გამოყოფისა და მისი ახლებურად გამოყენების უნარი; 3. ხატოვანი ადაპტური მოქნილობა– სტიმულის ფორმის შეცვლის, მასში ახალი შესაძლებლობების დანახვის უნარი; 4. სემანტიკური სპონტანური მოქნილობა – სხვადასხვა იდეების პროდუცირების უნარი განუსაზღვრელ სიტუაციაში. ე.თორანსი შემოქმედებითი აზროვნების უნარს განიხილავს, როგორც პიროვნებებს შორის რეალურ განსხვავებას. კრეატულობა თორანსის მიხედვით ადამიანის მიერ უკვე არსებულ ცოდნაში ხარვეზების, ნაკლოვანებების, დისჰარმონიის აღქმის უნარია. შემოქმედებითი აქტი მოიცავს სირთულის განცდას, გადაწყვეტის ძიებას, ჰიპოთეზების აღმოჩენას და ჩამოყალიბებას, მათ შემოწმებას, შედეგების ანალიზს.სიმპსონის მიხედვით კრეატულობა არის პიროვნების შესაძლებლობა, დაძლიოს აზროვნების სტერეოტიპული საშუალებანი. დინ კეიტ სიმონტონი(Dean Keith Simonton) გვთავაზობს ორი სახის კრეატიულობას: პატარა c კრეატიულობა(little-c creativity) და დიდი C კრეატიულობა(big-C creativity). პატარა c კრეატიულობა, რომელიც ხშირად გონებრივი, ფსიქიკური ჯანმრთელობის საზომად გამოიყენება, მოიცავს ყოველდღიური პრობლემების გადაჭრას და უნარს, შეეგუო ცვლილებას. დიდი C კრეატიულობა უფრო იშვიათი ფენომენია. ის ვლინდება მაშინ, როდესაც პიროვნება გადაჭრის ისეთ პრობლემას ან შექმნის რაიმე ისეთ ღირებულს, რასაც უდიდესი გავლენა ექნება ადამიანთა ფიქრებზე, გრძნობებზე და ცხოვრებაზე. როგორც სიმონტონი ამბობს, „პატარა c დონეზე კრეატიულობა გულისხმობს საბაზისო ქმედებებს, ხოლო დიდი C დონის კრეატიულობა არის ის, რაშიც ჩვენ ნობელის პრემიას ვიძლევით“. კრეატულობასთან დაკავშირებული პიროვნული თავისებურებების შესახებ ჩატარებული კვლევების შედეგები თითქმის ერთნაირია. გამოიყოფა ზოგიერთი პიროვნული ნიშანი, რომლებიც კრეატულ ადამიანებს არაკრეატულებისაგან განასხვავებს. საუბარია ისეთ მახასიათებლებზე, როგორებიცაა თვითდაჯერებულობა, აგრესიულობა, თვითკმაყოფილება, სოციალური შეზღუდვების უგულებელყოფა და ა.შ. შეისწავლება ის მოტივაციური ფაქტორები, რომელთა გავლენითაც მოქმედებენ კრეატული პიროვნებები. ასეთი ადამიანები მიისწრაფიან თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზების, რისკიანი მოქმედებების შესრულებისა და თავიანთი უნარების შემოწმებისაკენ.კრეატულობის დახასიათებისას ლოგიკურია შემდეგი კითხვის დასმა: არსებობს თუ არა კავშირი პიროვნული ინტელექტის -IQ მაჩვენებლებსა და კრეატულობას შორის? ჩატარებული კვლევების შედეგად ფსიქოლოგები ასკვნიან, რომ ინტელექტის ტესტის მაჩვენებლებსა და კრეატულობას შორის საკმაოდ რთული და არასწორხაზოვანი ურთერთდამოკიდებულებაა. ეს აღიწერება შემდეგნაირიად: თუ IQ არის საშუალო ან საშუალოზე მაღალი, ის კრეატულობასთან პირდაპირ დამოკიდებულებაშია - რაც უფრო დიდია IQ, მით უფრო მაღალია კრეატულობის მაჩვენებელიც. მაგრამ, თუ ინტელექტის მაჩვენებელი ნორმების ზედა ზღვარს სცილდება, ის კრეატულობასთან ურთიერთკავშირს კარგავს. ესე იგი, უნდა დავასკვნათ, რომ კრეატულობის გამოსავლენად საჭიროა მაღალი დონის გონებრივი განვითარება. მაგრამ, ამ დონის კიდევ უფრო მეტი ამაღლების პირობა კრეატულობის გამოვლენაში მეტ განსხვავებას აღარ იძლევა. 4343 შეფასება არ არის
|