საზოგადოება "- როცა ჩემი შვილი ტირის, მე არ შემიძლია მას მოვეხვიო,თუმცა ის თავად მოდის ჩემთან და მეხვევა''-ნიკ ვუიჩიჩი 2017, 28 აგვისტო, 14:36 ჩვენი ცხოვრება სხვადასხვა მომენტებისაგან შედგება: ზოგი მათგანი სასიამოვნოა, ზოგიც სევდიანი და ტკივილიანი, მას თან ახლავს აღმასვლა და დაცემა და არასოდეს არ იცი, რა მოგელის დღეს თუ ხვალ, ან სულაც ორიოდე წუთის შემდეგ... ბევრი თქვენგანი ვერ აფასებს იმას, რაც აქვს, გამუდმებით წუწუნებს და დასდევს მოჩვენებით ფასეულობებს, ვერ ამჩნევს, რომ ბედნიერება ცხვირწინ უდევს და მხოლოდ ხელის ერთი გაწვდენაა საჭირო მის მოსაპოვებლად. რა თქმა უნდა, მიღწეულით არ უნდა დავკმაყოფილდეთ და გამუდმებით უნდა ვიბრძოლოთ ახალი მწვერვალების დასალაშქრად, მაგრამ ამავე დროს უნდა შეგვეძლოს სიცოცხლის თითოეული დღით ტკბობა და იმის დაფასება, რაც გვქონდა და გვაქვს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც კარგს ხედავენ იქაც კი, სადაც ერთი შეხედვით დადებითს არაფერს უნდა ელოდო. სწორედ ასეთი -ძლიერი, თავისუფალი, ბრძენი და პოზიტიური ადამიანის მაგალითია ნიკ ვუიჩიჩი. ნიკ ვუიჩიჩის ვიზიტი ნებისმიერ ქვეყანაში არის მოვლენა, რომელიც უამრავი ადამიანის ყურადღებას იქცევს. ნიკი ხელების და ფეხების გარეშე დაიბადა. წარმოდგენაც კი ძნელია, თუ რა საშინელი ფიზიკური და სულიერი ტკივილების გადატანა მოუხდა მასა და მის მშობლებს, მაგრამ ეს ადამიანები არ დანებდნენ, ნიკი გახდა ერთ-ერთი ცნობილი ორატორი მთელ მსოფლიოში. თავისი მაგალითით ის ყოველდღე უნერგავს იმედსა და რწმენას სხვადასხვა ქვეყნის მილიონობით ადამიანს. დღეს ნიკის კალენდარი გაწერილია არა დღეობით, არამედ-საათობით: მას ამჟამად 35 ათასზე მეტი მოწვევა აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და ქალაქიდან. აი, ნაწყვეტი მისი ერთ-ერთი უკანასკნელი გამოსვლიდან: "-უხელებოდ და უფეხებოდ ცხოვრება იოლი არაა, მაგრამ უარესია გული გქონდეს ინვალიდი; თავი იგრძნო მარტოსულად; გრძნობდე, რომ იმედი არსაითაა. როცა მე დავიბადე, ექიმებმა ჩემს მშობლებს უთხრეს, რომ ვერასოდეს შევძლებდი სიარულს, მაგრამ მათ ექიმს ასეთი პასუხი გასცეს: " მაგის თქმა ჯერ ადრეა, ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს". ჩემს ფეხს ხედავთ? - მე მაქვს მხოლოდ ორი თითი მთელი ფეხის მაგივრად. მაშინ ექიმებს ვერც კი წარმოედგინათ, რომ მე შევძლებდი არამარტო სიარულს, არამედ ხტომას, ცურვას, სერფინგით სრიალს და პარაშუტიდან გადმოხტომასაც კი. როცა ბავშვი ვიყავი, არ ვიცოდი, რა მელოდა წინ და ვხედავდი მხოლოდ დამსხვრეულ ოცნებებს. მე არ მიყვარდა ჩემი თავი. ვუყურებდი სხვა, ნორმალურ ბავშვებს და ვოცნებობდი, უსაზღვროდ ვოცნებობდი მქონოდა ფეხები. როცა სკოლაში წავედი, ამხანაგები დამცინოდნენ, საკუთარ თავს ვეკითხებოდი, როგორ შემეძლო ცხოვრების გაგრძელება, თუ ყოველ ფეხის ნაბიჯზე მხოლოდ დაცინვა და წყენა შემხვდებოდა? წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო იმისა, რომ ოდესმე დავქორწინდებოდი. მე ახლა მყავს მოსიყვარულე ცოლი და ორი მშვენიერი ბავშვი. მე მიყვარს სიცოცხლე და არაფერს შევცლი მასში. უნდა ისწავლოთ მადლიერების გამოხატვა იმისათვის, რაც გაქვთ. მე არ ვიცი, რა გააჩნია თითოეულ თქვენგანს ან რაზე ოცნებობთ, მაგრამ იცოდეთ-ყველაზე მთავარი ამქვეყნად-სიყვარულია. ამიტომ ყველას, ვისაც სირთულე ხვდება ცხოვრებაში, მინდა ვუთხრა: გიყვარდეთ საკუთარი თავი, მიეცით მას შანსი, ნუ ეცდებით გახდეთ ვინმე სხვა. იყავით ის, რაც ხართ! გახსოვთ? მე გითხარით, რომ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ დავქორწინდებოდი და თუნდაც ეს ოცნება ამხდარიყო, ვერასოდეს შევძლებდი ხელიხელჩაკიდებული მევლო ცოლთან ერთად. მე დღეს ვიცი, რომ სრულებითაც არაა საჭირო ხელი ჩაჰკიდო საყვარელ ქალს, მთავარია გეჭიროს მისი გული. ასე რომ, უნდა იცოდეთ, რა უფრო მთავარია თქვენს ცხოვრებაში-გული თუ ხელი, ფეხი თუ სული. ახლა ჩემი უფროსი ვაჟი კიოშა 3 წლისაა. ის ჩემზე მაღალია. როცა ჩემი შვილი ტირის, მე არ ძალმიძს მივიდე მასთან, მოვეხვიო და ისე დავამშვიდო, მაგრამ ის თავად მოდის ჩემთან და მეხვევა. აი, მტკიცებულება იმისა, რომ ოცნებები ხდება. თუ ბედნიერების ძიებას ნივთებსა და მატერიალურ ფასეულობებში დაიწყებთ, ბედნიერებაც დროებითი იქნება. როცა პატარა ვიყავი, საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ არაფერი გამომივიდოდა: " შენ არასოდეს იქნები ბედნიერი, დანებდი!"-ვფიქრობდი გულში. ათი წლის ასაკში თვითმკვლელობა ვცადე. საბედნიეროდ, მშობლებმა გადამარჩინეს. წარმოიდგინეთ, ეს რომ გამეკეთებინა, მე ვერასოდეს გავიცნობდი ჩემს ცოლს, არ მეყოლებოდა ბავშვები, არასოდეს არ გავხდებოდი ორატორი.. არ უნდა დანებდე, რადგან არავინ იცის, როგორ შემობრუნდება ცხოვრება. ჩემს კარადაში ორიოდე წყვილი ფეხსაცმელი დევს, მაინც, ყოველი შეთხვევისთვის, რადგან მჯერა სასწაულის. ღმერთი ხშირად ვერ კურნავს ჩვენს სხეულს, რადგან უნდა, რომ ჩვენი სული განკურნოს და აი რა: თუ მე ვერ მივიღებ სასწაულს, მაშინ თავად გავხდები სასწაული სხვა ადამიანებისათვის. ერთხელ კალოფორნიაში გამოვდიოდი აუდიტორიის წინ და დავინახე, მსმენელთა რიგებში მყოფმა ერთმა მამაკაცმა როგორ ასწია ზევით პატარა ბიჭუნა:დენიელ მარტინესი. მე შევხედე ბავშვს და სუნთქვა შემეკრა:მას არცერთი ხელი და ფეხი არ ჰქონდა. მამას ვთხოვე, რომ ბავშვი სცენაზე ამოეყვანა. ის მხოლოდ 19 თვის იყო. ბიჭუნა მე მიყურებდა თვალებში, მე კი - იმას. მე არ შემეძლო ლოყაზე ხელი მომეთათუნებიან მისთვის, მაგრამ შევძელი და და ჩემი პაწაწინა ფეხი დავადე თავზე. მან გაიცინა.. მთელი დარბაზი ტიროდა, რადგან ეს იყო ნამდვილი სასწაული. იყავით მადლიერი იმისა, რაც გაქვთ, თუმცა ეს ხელს არ გიშლით უფრო მაღალ მატერიებზე იოცნებოთ. ოდესღაც მე არაფრად ვაგდებდი ჩემს პაწაწინა ფეხს, მაგრამ დღეს მისი დახმარებით წუთში 43 სიტყვას ვკრებ კლავიატურაზე. ძალ-ღონე არ დაიშუროთ და ყველაფერი გამოგივათ. მშობლებს არ სჯეროდათ, რომ მე სპიკერი გავხდებოდი. მათ მითხრეს, რომ თუ მინდა გავხდე ორატორი, აუცილებლად მჭირდება უმაღლესი განათლება და მე დავიწყე სწავლა უნივერსიტეტში, თუმცა პარალელურად ოცნების ასრულების ხორცშესხმასაც ვახორციელებდი. მანამ, სანამ პირველად მიმიწვევდნენ სკოლაში ლექციის წასაკითხად, 52-ჯერ მივიღე უარი. წარმოიდგინეთ 52 იმედგაცრუება, მაგრამ მე არ დავნებდი და დღეს აქ ვარ, თქვენს წინაშე. ჩაეჭიდეთ სიცოცხლეს, რწმენას, იმედს და თქვენ აუცილებლად აფრინდებით ზემოთ და ზემოთ - დასახული მიზნისაკენ! p.s. ნიკ ვუიჩიჩი ერთადერთი უნარშეზღუდული ადამიანი როდია, ვინც გაუძლო ცხოვრების სირთულეებს და დღეს სრულფასოვანი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს. სწორედ ასეთ ადამიანებზე მოგითხრობთ სტატია, რომლის ლინკიც ქვემოთაა მოყვანილი. "მთავარია არ დანებდე"-ცხოვრება კიდურების გარეშე 70 9-ს მოსწონს
|