"ის ცხოვრობდა იმისათვის, რომ მომკვდარიყო". ქართველი კრიმინალის ისტორია
მე ფსიქოლოგი არა ვარ ლოგიკურად და თანმიმდევრულად ჩამოვაყალიბო მიზეზები, თუ რატომ ხდებიან კრიმინალები ჩვეულებრივ ოჯახებში დაბადებული და გაზრდილი ახალგაზრდები.
არც ამ სტატიაში შევეხები კრიმინალად ადამიანის ჩამოყალიბების გარემოებებზე და მიზეზებზე, უბრალოდ მინდა მოგითხროთ ერთ ძალზე ნიჭიერ ახალგაზრდაზე, რომელმაც სამწუხაროდ ცხოვრებაში არ აირჩია ის გზა, რომელიც მას ცნობილ და წარმატებულ პიროვნებად ჩამოაყალიბებდა.
ჩემი უახლოესი ნათესავების კარის მეზობლად ცხოვრობდა მრავალშვილიანი ოჯახი, სადაც 7 შვილი იზრდებოდა. ოჯახში ოჯახის უფროსის ხმამაღალი საუბარიც კი არასოდეს გაუგიათ მეზობლებს, ოჯახის დამახასიათებელი თვისება იყო თავაზიანობა და ზრდილობა.
უფროსი შვილი გელა (სახელი შეცვლილია) სკოლის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, მაგრამ მალევე მიატოვა სწავლა და მშობლებს განუცხადა: მოსკოვში მინდა წასვლა და მოსკოვის უნივერსიტეტში მინდა, რომ ჩავაბარო გამოცდებიო.
მშობლებს უარი არ უთქვამთ და მოსკოვში მცხოვრებ ნათესავს ჩააბარეს შვილი. გელამ სათითაოდ ჩააბარა გამოცდები და მოსკოვის უნივერსიტეტში ჩაირიცხა.
წარჩინებულმა სტუდენტმა მალევე მიიპყრო პროფესორ-მასწავლებლების ყურადღება და გელას წარმატებებით, უნდა ეზეიმა, მაგრამ ერთმა შემთხვევამ რადიკალურად შეცვალა გელას ცხოვრება.
გელას თანაკურსელმა სთხოვა სოფელში მივდივარ და რაღაც ნივთებს შენთან დავტოვებო! გელას არაფერი ჰქონდა საწინააღმდეგო და როცა მისმა თანაკურსელმა საკმაოდ მოზრდილი ჩემოდანი მიუტანა გამოართვა და დაქირავებულ ბინაში საკუთარ ოთახში შეინახა.
მეორე დღეს კი საღამოს მილიციის სპეცრაზმმა შემოამტვრია გელას ბინის კარები, გელა იატაკზე დააგდეს ხელებშეკრული და ოთახის ჩხრეკას შეუდგნენ, კარადიდან მალევე გამოიტანეს მიბარებული ჩემოდანიც, რომლის გახსნისას გელას ლამის გული გაუჩერდა-ჩემოდანი სავსე იყო, ძვირფასეულობით, ფულით და რამდენიმე პისტოლეტით და რევოლვერით.
გელა მილიციის სამმართველოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმეჯერ იქნა დაკითხული, თუმცა გელამ რაც არ იცოდა იმაზე რა უნდა ეთქვა.
დაქტილოსკოპიურმა ექსპერტიზამ კი ჩემოდანზე გელას თითების ანაბეჭდის არსებობა დაადასტურა.
ერთადერთი მოწმე, რომელმაც ჩემოდნის ბინაში მიტანა ნახა და დაადასტურა, რომ ჩემოდანი გელას კი არა სხვას ეკუთვნოდა გელას ბ ინის დიასახლისი იყო, თუმცა დიასახლისის ჩვენებამ, გელას პროფესორ–მასწავლებლების რეკომენდაციებმაც ვერაფერი შეცვალა და გელას 6 წლით თვისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
გაოგნებული ბიჭი სასამართლოზე ჩასულ მშობლებს უყვიროდა, არაფერი დამიშავებია გთხოვთ ეს დაიჯერეთო!
სასამართლოს დარბაზიდან გაყვანილი გელა ერთერთ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიიყვანეს, სადაც ბედის ირონიით სწორედ იმ კრიმინალური დაჯგუფების "ლიდერთან" მოხვდა საკანში, რომლის წევრიც მისი თანაკურსელი იყო.
როგორც ხდება ხოლმე გელა დაწვრილებით გამოკითხეს, თუ რისთვის მიუსაჯეს პირველივე დაკავებაზე 6 წელი. გელაც გულახდილად მოჰყვა მთელი ისტორია, რადგან გაგონილი ჰქონდა როცა პატიმარი შედის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი ისტორია უკვე მასზე ადრეა ამ დაწესებულებაში შესულიო.
"სოლნცევოს" დაჯგუფების კრიმინალურ "ლიდერთან" ერთ საკანში გატარებულმა წლებმა გელა რადიკალურად შეცვალა და ციხიდან გამოსვლამდე უკვე მასში "მოკვდა" ის გელა, რომლის ღირებულებები ადრე წესიერება, ზრდილობა, სწავლა და ადამიანურობა იყო.
ციხიდან გამოსული გელა მისი თანასაკნელის რეკომენდაციით "სოლნცევოელებმა" თავიანთ რიგებში მიიღეს.
გელას ანალიტიკურმა აზროვნებამ მალევე იჩინა თავი და გელა მალევე გახდა დაჯგუფების ერთერთი "ლიდერი", მისი დაგეგმვით მოწყობილი ბანკების "გატანა", ინკასატორების დაყაჩაღება, რეკეტი ადგილობრივ ბიზნესზე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. გელას ოჯახისათვის გაგზავნილი ფული უკანვე მოუბრუნდა, მამამისმა შემოუთვალა: მე მირჩევნია მკვდარი ვიყო, ვიდრე სხვისი ცოდვით სავსე ფულით ნაყიდი პური ვაჭამო ჩემს ოჯახსო.
გელას ამბიცია კი იზრდებოდა და იზრდებოდა, მისი დიდი ძალისხმევით მალევე გამოვიდა ციხიდან დაჯგუფების "ლიდერი", რომელთანაც ერთად გაატარა 6 წელი ციხეში გელამ.
გელას ინიციატივით დაჯგუფებამ გააფართოვა მოქმედების არეალი, რამაც სხვა რეგიონების კრიმინალურ დაჯგუფებებთან კონფლიქტი გამოიწვია. გელა ამისთვისაც მზად იყო და მის მიერ დაქირავებულმა ყოფილმა ძალოვნებმა და ყოფილმა სპორტსმენებმა ბევრი კონკურენტი გაიყვანეს "მოუსავლეთში".
გელაზე უკვე "ნადირობა" თავად კრიმინალებმა დაიწყეს, ბევრჯერ დაესხნენ თავს, მაგრამ იღბლის თუ პირადი დაცვის რეაქციის წყალობით ყოველთვის საღსალამათი გამოვიდა სიტუაციიდან.
გელამ მოაძებნინა უკრაინაში მიმალული ყოფილი თანაკურსელი, რომლის "წყალობითაც" მოხვდა გელა ციხეში და საკუთარი ხელით გაუსწორდა.
დაჯგუფებამ როგორც უკვე ვთქვი მოქმედების არეალი გააფართოვა და უკვე მოსკოვისაკენ მიმავალ ცენტრალურ გზასაც აკონტროლებდა, შორეული გადაზიდვების კომპანიები საკმაოდ დიდ თანხებს უხდიდნენ გელას დაჯგუფებას, სხვა შემთხვევაში მათაც იგივე ბედი ეწეოდათ რაც რამდენიმე ტრაილერს ეწია–ფულის გადაუხდელობის გამო დატვირთული ტრაილერები მძღოლების გადმოყვანისთანავე გზაზევე დაწვეს სხვების გასაფრთხილებლად.
დაჯგუფების "ლიდერი", რომელთანაც ერთად იყო გელა ციხეში, რამდენიმე წლის მერე მისსავე მანქანაში ააფეთქეს, საპასუხოდ გელას დაჯგუფებამ სისხლიანი სასაკლაო მოაწყო იმ ბარში, სადაც აღნიშნული აფეთქების ორგანიზატორები და შემსრულებლები იყრიდნენ თავს.
მოკლულ იქნა 20–ზე მეტი ადამიანი, ბარი კი საძირკვლამდე გადაწვეს წასვლის წინ.
გელაზე "ნადირობა" უკვე რუსეთის შსს–ს სპეციალურმა დანაყოფმა და უშიშროების სამსახურის ასევე სპეციალურმა დანაყოფმა დაიწყო.
გელა ასე ვთქვათ "ჩაწვა", მისი დაჯგუფება კი ჩვეულ საქმიანობას ეწეოდა, რეკეტი, ძარცვა, ბანკების "გატანა" და ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ ერთ დღეს გელას დაჯგუფების მთვრალმა წევრმა რესტორანში სროლა არ დაიწყო.
მსროლელი მილიციის სპეცრაზმმა დაკავა, დაკითხვისას მთვრალმა რამდენიმე ისეთი ფრაზა "წამოისროლა" გამომძიებლები მიხვდნენ, მათ წინ უბრალო ხულიგანი კი არა რომელიღაც გავლენიანი კრიმინალური დაჯგუფების წევრი, რომ იჯდა.
დაკავებულმა ზეწოლას ვერ გაუძლო და აღიარა ვინც იყო და რა საქმიანობასაც ეწეოდა მისი დაჯგუფება, დაჯგუფების "ლიდერად" კი გელა დაასახელა.
მილიციის და უშიშროების სპეციალურმა დანაყოფებმა იერიში მიიტანეს თითოეულ იმ გასართობ დაწესებულებაზე, რომელსაც გელას დაჯგუფება აკონტროლებდა და სადაც თავს იყრიდა ხოლმე დაჯგუფების წევრები.
შეტაკებისას რამდენიმე კრიმინალი იქნა ლიკვიდირებული, უფრო მეტი კი დააკავეს.
დაკითხვისას ისევ "ამოტივტივდა" გელას სახელი. გაავრცელეს გელას სურათი, რომელიც აღმოაჩინეს ერთერთი დაკავებულის ბინაში.
მალევე ინფორმატორმა მილიციას შეატყობინა, ამა და ამ ადგილას თქვენს მიერ ძებნილი მამაკაცი ღრმად მოხუცი ყოფილი კრიმინალის ბინაში აფარებს თავსო.
ბინა თვალთვალზე აიყვანეს, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო თუმცა გაარკვიეს, რომ ყოველ საღამოს პატარა ბიჭი შედიოდა ბინაში პარკებით ხელში. ბიჭი დააკავეს და აღმოჩნდა, რომ ამ ბიჭს საკვები პროდუქტები მიჰქონდა აღნიშნულ ბინაში.
გადაწყდა ბინა შტურმით აეღოთ, მართლაც სპეცრაზმმა ბინის კარი შეამტვრია, სადაც გელა ეგულებოდათ, ბინის პატრონმა ასაკის მიუხედავად სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია სპეცრაზმს, კარადაში დამალული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და რამდენიმე სპეცრაზმელი დაჭრა, რამაც გელას დრო მოაგებინა, პისტოლეტით ხელში მეორე სართულიდან უკანა ეზოში გადახტა, იქვე მდგარ სპეცრაზმელს თავში ესროლა და შორიახლოს მდგარი საკუთარი მანქანით მიმალვა სცადა, თუმცა იღბალმა უღალატა, რადგან ცენტრალურ გზაზე გასულს მაღალი სიჩქარით მომავალი სატვირთო მანქანა დაეჯახა და გელას მოცურებული ჯიპი გზისპირას გადავარდა.
ის იყო გელამ დაზიანებების მიუხედავად მანქანიდან გადასვლა დაიწ ყო და მილიციის სპეცრაზმიც მოვიდა, სპეცრაზმელის მკვლელობამ და ჯიპის იდენტიფიკაციამ სწრაფად გაიყვანა მილიციის სპეცრაზმი გელას კვალზე.
გელას მეგაფონით დანებება მოსთხოვეს, გელა როგორც იქნა დალეწილი მანქანიდან გადმოძვრა, თუმცა ჩაბარებაზე არც კი უფიქრია ორივე ხელით ორი პისტოლეტიდან ცეცხლი გახსნა და გზის მეორე მხარეს ტყის მასივისაკენ გაქცევას შეეცადა, თუმცა რამდენიმე ტყვიის მოხვედრის გამო მალევე წაიქცა და როცა სპეცრაზმელები მიუახლოვდნენ პისტოლეტიდან ტყვია თავადვე დაიხალა.
ასე დამთავრდა ბედის ირონიით, წარჩინებული სტუდენტიდან კრიმინალად ტრანსფორმირებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხოვრება.
გელას ცხედარი სად დაკრძალეს არავინ იცის, რადგან გელას მამამ კატეგორიული უარი განაცხადა შვილის ცხედრის საქართველოში ჩამოსვენებაზე.