x
image
მადამ ფისუნია
სიშიშვლე შოთა თხილიშვილის შემოქმედებაში

imageმსურს, ერთი მეტად საინტერესო, თვითნასწავლი, მაგრამ საკმაოდ ფართო სპექტრის
თანამედროვე ახალგაზრდა მხატვარი შ. თხილიშვილი წარმოვადგინო. მას მეტად განსხვავებული,
თავისებური ხედვა გააჩნია, როგორც სახვითი
ხელოვნების მიმართ, ასევე მთლიანად სამყაროს მიმართ. მისი მშობლებიც არ ყოფილან
პროფესიონალი მხატვრები, თუმცა ორივე კარგად ხატავდა და ამან საკმაოდ დიდი გენეტიკური
გავლენა იქონია თავად მხატვარზეც, რომელმაც ხატვა 2 წლისა და 8 თვის ასაკში დაიწყო.
მისი ინტერესის სფერო ღრმა ბავშვობიდანვე იყო ფანტასტიკურ-მისტიკური და მითოლოგიური
არსებები. მის ინსპირაციის წყაროს ძირითადად გრძნობები და განცდები წარმოადგენს. ამასთანავე
იგი არ შემოიფარგლება ხატვით, არამედ წერს, ძერწავს, ხეზე კვეთს, ამზადებს მეტალის
ნივთებსაც და ა.შ. ხატვისას იყენებს სხვადასხვა მასალას და ექსპერიმენტებზეც არ ამბობს
უარს... მისი მამა სამხედრო ვეტერანია, რამაც ალბათ, ახალგაზრდა მხატვრის ინტერესებზეც
იქონია გავლენა და ხელოვნების ნაცვლად სამხედრო და პოლიტ. საქმიანობა აირჩია. საინტერესოა,
მისი კრიტიკული ბუნება, ის არ აღიარებს არსებულ ნორმათა და წესთა დიდ ნაწილს, უარს
აცხადებს იყოს ნაწილი არსებული მსოფლიო წესრიგისა და არ ემორჩილება არაფერს, გარდა
საკუთარი წესებისა. აქვს გლობალურ- პატრიოტული შეხედულებები და დიდი სურვილი, რომ შექმნას
მსოფლიო მასშტაბის იდეოლოგიური ნაშრომი, სადაც თავის აზრებსა და წესებს ჩააქსოვს. მისი
განცხადებით: “სიტყვა იძლევა ჭეშმარიტ ძალას
და არა პირიქით“... ამბობს, რომ მისი
ცხოვრება სავსე იყო ყოველდღიური სისასტიკითა და ის ნათლად ხედავდა ყველაფერს, რაც მის
გარშემო ტრიალებდა, რაც საზოგადოებას ეხებოდა და რაც ბუნების უცვლელ, დაუწერელ კანონებს
ერწყმოდა. ყველაფერ ამის მიუხედავად, მის შემოქმედებით განვითარებაზე ამას დიდი გავლენა
არ ჰქონია, მას არ აინტერესებს გრაფიკა, არამედ მხოლოდ აბსტრაქტულ ვნებათა ანარეკლი,
რომელსაც იგი სხვადასხვა სტილში შექმნილ საკუთარ ფიგურებში გამოსახავს. გადავწყვიტე,
ჩვენი კვლევის საგანთან ახლომდებარე მისი რამდენიმე ნამუშევარი განმეხილა:

image
პირველი
სურათი, რომლის შესახებაც ვიმსჯელებთ, არის „ამპარტავნება“, მასზე გამოსახულია ოთახის
კუთხეში მდგარი წელს ზემოთ შიშველი ქალი, რომელსაც თავზე დაფნის გვირგვინი (რომელიც,
როგორც ჩვენთვის ცნობილია არის გამარჯვების, დიდების, ძლევამოსილებისა და მშვიდობის
სიმბოლოა) ადგას, მარჯვენა ხელი მოშიშვლებული მკერდის ზედა ნაწილთან მიუტანია და უსიცოცხლო
თვალებით თითქოს საკუთარ ანარეკლს გაჰყურებს. ქალის კანი, სხეული, სახის ნაკვთები დეტალურად
არის დამუშავებული, აქცენტი გამახვილებულია ხაზსა და ფორმაზე და არა ფერზე, თუმცა ფერს
მაინც გააჩნია საკუთარი დანიშნულება. მეტად საინტერესოა, სურათზე გამოსახული მეორე
ფიგურა, რომელიც შედარებით ბუნდოვანი და გამჭვირვალეა, თითქოს უხორცო სული იყოს. იქმნება
იმიტაცია, რომ უცნობი სული ქალის ოდნავ გაპობილ ტუჩებს ეამბორება, მაგრამ უფრო მეტად
მნიშვნელოვანია მისი ხელის მოქმედება, რომელიც ქალის ყელზეა დაბჯენილი და თითქოს მის
მოგუდვას ცდილობს, რაზეც მეტყველებს ქალის თვალთა უპეების სიშავე და სიწითლე. სული,
რომელსაც მამაკაცის თავის ფორმა აქვს, ქალის სახის ¾ -ს აბუნდოვანებს, თუ სწორედ ამ
ბუნდოვან ნაწილს დავაკვირდებით, უცნობი სულის გავლით, შევამჩნევთ, რომ ქალის თავზე
ისახება რქა, რომელიც მამაკაცსაც მშვენივრად ესადაგება, ასევე საინტერესოა ქალის მარჯვენა
თვალი, რომელიც ასევე იყოფა მამაკაცის გამჭვირვალე სახით და ამით იქმნება მამაკაცისვე
თვალი პროფილში, რომელიც საკმაოდ მისტიკურ და დემონურ იერს ქმნის. ვფიქრობ, მხატვარს
მსგავსი სურათის შექმნით სურდა ეჩვენებინა ბოროტი ძალის სიმძლავრე, მისი უჩინარობა,
გამჭვირვალობა და სიცბიერე, იგი ქალს თითქოს სიყვარულის ამბოსრ სჩუქნის და ამავდროულად
ახრჩობს მას...

image
"მხატვრის" კიდევ ერთ ნამუშევარში, მცირე დოზით, მაგრამ მაინც ადამიანისა და ბუნების
კავშირი იგრძნობა. სურათის წინა პლანზე გამოსახულია ძალიან სევდიანი სახის მქონე გოგონა,
რომელსაც თმა გვერდულად გაუყვია, მისი ნაწილი კი სახეზე ჩამოშლილია. მისი თვალები საოცარ
სევდას აფრქვევს, შეიმჩნევა რამდენიმე ჭორფლიც მის ღაწვებზე, სისხლისფერი ტუჩები მოკუმული
აქვს და თავდახრილია, თითქოს სცხვენია მაყურებლისთვის სახეში შემოხედვის. სხეულზე ნაწილობრივ
შემოფლეთილი სამოსით, მარჯვენა ხელით მარცხენა მკლავს დაბჯენილი. დაფლეთილი სამოსის
მიღმა შიშველი მკერდი მოუჩანს, მის ზურგს უკან კი უზარმაზარი ხე დგას, რომელსაც ტოტები
ქალის წელზე ისევე აქვს შემოჭდობილი, როგორც მამაკაცის ძლიერი მკლავი, იგი მიმართულია
ქალის ქვედატანისაკენ. გოგონას გამომეტყველებაში ცხადად იგრძნობა, რომ თავის წელზე
შემოჭდობილი მკლავი საკმაო დისკომფორტს უქმნის, მაგრამ თითქოს უძლურია მისგან თავდასაღწევად.
საინტერესოა, გაბუნდოვანებული ქალის მუცლის ღრუ, თითქოს, ვხედავთ რა ქაოსია მის სხეულში
ამ მომენტში, თითქოს მასში რაღაც სიცოცხლის ელემენტებიც ბუდობს. თუ დავაკვირდებით ქალის
თავს უკან, ხეზე გამოსახულ ჩრდილებს, შეგვიძლია ისინი აღვიქვათ როგორც ხის სახის ნაწილი,
რომელიც სრულიადაც არ გამოიყურება კეთილშობილურად, ეს მოგვაგონებს რაღაც უფრო დემონურ
გამომეტყველებასა და ბოროტ ღიმილს. ფონზეც, ისევე როგორც ქალის მუცლის ღრუში სრული
ქაოსია გამოსახული, ხის ეკლიანი ტოტები ერთმანეთში იხლართება და პირქუშ გარემოს ქმნის.
ფონზე ასევე კარგად ჩანს ადამიანთა თვალები, რომლებიც ჭორფლიანი გოგოსკენ არის მომართული
და რომლებიც ასევე უქმნის ისედაც უხერხულობაში მყოფ ქალს დისკომფორტს. "ეს სურათი
ქალური საწყისის ბუნებრივ ფუნქციასა და მისადმი მორჩილებას გამოხატავს. მოკლედ ცხოვრებას,
რომელიც ხშირად არც თუ ისე კარგად უღიმის"_ აცხადებს თავად მხატვარი.
imageimageimageimageimageimageსაერთო ჯამში სურათი საკმაოდ
მუქი და შემაძრწუნებელია, ემოციაც უარყოფითი, სევდიანი და სულის შემძვრელი იქმნება,
მაგრამ, სურათის ფონზე, ხის მკლავის მარვნივ მოჩანს მბჟუტავი სინათლე, რომელიც იმედის
ნაპერწკლად შეგვიძლია მოვისაზროთ. საინტერესოა, რომ ამ სურათშიც მეორდება დახრჩობის
იმიტაცია, მაგრამ ეს მხოლოდ ყელზე მჭიდროდ შებმული ყელსაბამით არის გადმოცემული, რომელიც
სრულიად შესაძლებელია ხის პატარა ყლორტიც იყოს. ეს სურათი თითქოს წინა სურათის გამაგრძელებელი
ხაზია, იქ თუ ვხვდებოდით ბოროტის მიერ ქალზე დაუფლების სცენას, ამ სურათში ვხედავთ
მასზე დაუფლებულ ბოროტებას, რომლისგანაც თავის დაღწევა უკვე თითქმის შეუძლებელია.

0
66
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0