მეტად საინტერესო ნამუშევრები აქვს მხატვარ ოლეგ ტიმჩენკოსაც.
მან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
დაამთავრა. მონაწილეობდა ჯგუფურ და პერსონალურ გამოფენებში საქართველოსა და მის ფარგლებს
გარეთ, ხელოვნების ეროვნულსა და საერთაშორისო ფესტივალებში. მისი ნამუშევრები დაცულია
საქართველოს, რუსეთის, უნგრეთის, გერმანიის, ჰოლანდიისა და სხვა ქვეყნების არაერთ გალერეასა
თუ კერძო კოლექციაში. ტიმჩენკო მეგობრობდა სერგო ფარაჯანოვთან და ის თავის თავს მის
უმცროს მეგობარსაც კი უწოდებს, ფიქრობს რომ ფარაჯანოვის წვლილი დიდია მისი შემდგომი
განვითარების საქმეში. იგი დიდი მოწიწებით მოიხსენიებს გარდაცვლილ მეგობარს და ხმამაღალ
განცხადებასაც არ ერიდება, როდესაც ამბობს: „დღეს მესმის, რომ აკადემიაში სწავლა ერთი
პროცენტია, მიზერი, ფარაჯანოვის „სკოლასთან“ შედარებით...“ მისი მონათხრობის მიხედვით,
ვიგებთ რომ ფარაჯანოვი ხშირად ყიდულობდა მის ნამუშევრებს, თანაც არცთუ მიზერულ თანხად,
მას მისი შემოქმედება ძლიერ მოსწონდა და აფასებდა. სწორედ ფარაჯანოვის წყალობით ურთიერთობის
საშუალება მიეცა ძალიან საინტერესო ადამიანებთან: ბელა ახმადულინასთან, ალა დემიდოვასთან,
მაია პლისეცკაიასთან, ანდრეი ტარკოვსკისთან, მარჩელო მასტროიანითან... და სალანძღავი
სიტყვებითაც დაიმსახურა შემკობა, როდესაც ვერ მოახერხა ვლადიმერ ვისოცკის გაცნობა ფარაჯანოვთან
სტუმრობის დაგვიანების გამო...
იმისათვის რომ მისი შემოქმედება ახლოდან დავინახოთ საჭიროა მისი ფერწერული ნიმუშების
დეტალური განხილვა.
გამომდინარე იქიდან, რომ წინა თავებში არაერთხელ შევეხეთ
ადამ და ევას თემას, მათ სამოთხიდან განდევნას
და მათ დამოკიდებულებას სიშიშვლისადმი, გადავწყვიტე
პირველ რიგში, განმეხილა ოლეგ ტიმჩენკოს მსგავსი თემატიკისა ამსახველი ნამუშევრები.
სურათის სახელწოდებაა „განდევნა სამოთხიდან“, ეს ტილო მხატვარმა 1999 წელს დახატა.
სურათი თითქოს მონოქრომულია, ფონი მოცემულია ლურჯი, ცისფერ და მათშორის გარდამავალი
ფერებით. სასურათე ზედაპირზე აქცენტირებულია წინა პლანზე გამოსახული გზად მიმავალი
შიშველი მამაკაცი და ასევე შიშველი ქალი. მათი სხეულების ნაკვთები არ არის დეტალიზებული,
რადგან მხატვრის აქცენტი ემოციაზეა ორიენტირებული. წინ მიმავალი მამაკაცი ხელების გაშლით
თითქოს რაღაცის ახსნას ცდილობს, პატარა ბავშვივით თავის გამართლებას და რაც მთავარია
ანერვიულებული, ატირებული ქალის დაწყნარებასაც, რომელსაც სრულიად დავიწყებია საკუთარი
სიშიშვლე, ხელები სახეზე აუფარებია და ცრემლად იღვრება. საინტერესო ფაქტია, ისიც
, რომ ადამის სახეც საკმაოდ დაჩრდილულია, რაც
არ უნდა იყოს შემთხვევითი. მხატვარს ამით სურდა კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ყველასათვის
ცნობილი ფრაზისთვის, რომ „სახე სულის სარკეა“, ამ სარკის „დაფარვით“, ანდაც ბნელში
ჩაძირვით, მხატვარი ცდილობს გვიჩვენოს ორი ცოდვილი პირველყოფილი ადამიანის სული, რომელიც
ცოდვამ მოიცვა და საკუთარ მორევში ჩაითრია.
ოლეგ ტიმჩენკოს კიდევ ერთი, არანაკლებ საინტერესო ნამუშევარი
გახლავთ „ნიუ“. სურათზე შავი ცის სეგმენტის ქვეში განთავსებულ, დანისლულ ფერებში (ცისფერის,
მუქი თუ ღია ლურჯის, წითლის, მწვანის, ვარდისფერისა და მათში გარდამავალი სხვა ტონალობის
ფერებით) მოცული ქვის ფილის მსგავს სიბრტყეზე
გამოსახული ჰყავს შიშველი ქალი, „ნიუ“, რომელიც თავისუფლად შეგვიძლია მშვენიერების
სიმბოლოდაც კი მოვიხსენიოთ. ქალის თმა მხატვარს მითოლოგიური ქალღმერთების მსგავსად
ყვითელსა და ოქროს ფერში აქვს გადმოცემული. შიშველი ქალი წამოწოლილია უცნაური ფერის
ქვის ფილაზე, მარჯვენა მკლავი თავქვეშ ამოუდია, სახე კი მაყურებლის საპირისპირო მხარეს
აქვს მიბრუნებული, მეორე მკლავი (მარცხენა) ჩამოშვებული აქვს სხეულის გასწვრივ და ხელში
ყვითელი ვარდი უჭირავს. საინტერესოა ფაქტი, რომ დედოფალ ვიქტორიას დროს, ყვითელი ვარდები
ეჭვიანობის გამომხატველი სიმბოლო იყო. ქალის მშვენიერებიდან გამომდინარე, ალბათ მხატვარს
მისთვის ყვითელი ვარდის ხელთპყრობის მიზეზი და მისივე ეჭვიანობის ობიექტი სწორედ რომ
თავად ქალის სილამაზე შეიძლება იყოს. ქალის ფერმკრთალი სხეული თითქოს სინათლის სხივია
ამ ბნელით მოცულ, საკმაოდ მუქი ტონალობის მქონე საერთო სურათზე. სურათის ხილვა არ იწვევს
სექსუალური ფანტაზიების გამომჟღავნებას, რადგან აქცენტი არ არის გადატანილი მის სასირცხვო
არეებზე, ისინი საკმაოდ ბუნდოვანია, მხოლოდ მკერდის პატარა, ვარდისფერი თავები ქმნის
ეროტიზმს სურათზე, დანარჩენი წმინდად ესთეტიკურ სიმაღლეზეა აყვანილი და სურათის ფერწერით
მოხიბლული დამთვალიერებელი მხოლოდ სულიერ ექსტაზს განიცდის.
მხატვარი დაინტერესებულია მითოლოგიით, რასაც მისი არაერთი ნამუშევარი ადასტურებს,
მაგრამ ჩემთვის ყველაზე საინტერესო და ჩვენს თემატიკასთან მკაფიოდ მიახლოებული კიდევ
ერთი ნამუშევარი რომელიც ექსპონირებული იყო, 2010 წლის 7 მაისს „გალა“ გალერეაში მოწყობილ
მხატვრის პერსონალურ გამოფენაზე. ეს სურათი
გახლავთ ადამიანისა და ბუნების საოცარი შერწყმის ერთ-ერთი არაჩვეულებრივი მაგალითი.
მასზე გამოსახულია მდინარე ტყის ფონზე, რომელშიც მშვენიერი ქალთევზა ცურავს. მდინარე
მოცულია ფერადი ყვავილებით აქა-იქ წყალმცენარეებსაც ვხედავთ. ხეები ჩრდილებს ქმნიან,
მაგრამ ვხედავთ უკან, ფონზე, მთების მიღმიდან როგორ ნაზად იჭრება სინათლის სხივი. წინა
პლანზე განთავსებული სირინოზი პირდაპირ მაყურებელს უყრის თვალს თვალში, მას მშვენიერი,
წმინდა ცისფერი თვალები, ოდნავ გაპობილი ბაგეები
აქვს და თითქოს, ფოტოაპარატის წინ პოზირებს. მას თავზე მარგალიტებით გაწყობილი დიადემა
ადგას, რაც დედოფლობის სიმბოლოდ შეგვიძლია მოვისაზროთ, ბუნების დედოფლობის სიმბოლოდ...
გრძელი, შავი თმა ზურგს უკან გადაუყრია, მაგრამ მისი რამდენიმე ღერი წინ ჩამოჰყრია.
მისი ფერმკრთალი სხეული წყალში ლივლივებს,
მისი მკერდი კი - წყლის ზედაპირზე. ფაქტზე,
რომ ქალი ნამდვილად სირინოზია, მიუთითებს მისი თევზისებური, ფარფლებიანი კუდი, რომელიც
ქალის უკან ფონზე ოდნავ არის წყლის ზედაპირზე ამოწეული. სურათზე ჭარბობს მწვანე და
მასში გარდამავალი ფერები, რაც საერთო ჯამში სიმშვიდის ეფექტს და ჰარმონიის განცდას
ბადებს.