„არ-ნუვო“, იგივე „მოდერნი“,
სტილია ხელოვნებაში, არქიტექტურასა და დიზაინში, რომელმაც პოპულარობის პიკს მე-20 საუკუნის
დასაწყისში მიაღწია. სხვა უფრო ლოკალური ტერმინები, რომელმაც წინაპირობა შეუქმნა რადიკალურ,
რეფორმისტულ შიკს მე-20 საუკუნის მოდერნიზმში, იყო „იუგენდსტილი“ გერმანიაში და ნიდელანდებში და „სეცესიონსტილი“
ვენაში, „ლიბერტი“ იტალიაში, ხოლო „მოდერნიზმო“ ესპანეთში, სადაც პროგრესული ხელოვანები
და დიზაინერები, სალონურ გამოფენათა მიმდინარეობას გამოეყვნენ, საკუთარი თავის უფრო
კონგენიალურ გარემოებებში წარმოჩენისთვის.
საქართველოში, რომელიც ევროპის კულტურული მოვლენების ეპიცენტრიდან მოშორებით
მდებარეობდა, მე-20 საუკუნის დასაწყისში მრავალი შესანიშნავი არტ-ნუვო შენობა გაჩნდა:
სკოლები, სახელოსნოები, კინო-თეატრები, თეატრები, მაღაზიები, ბანკები, საავადმყოფოები,
და არა მხოლოდ თბილისში, არამედ სხვა ქალაქებშიც: სოხუმი, გაგრა, ახალი ათონი, ბათუმი,
ფოთი, ქუთაისი, დუშეთი, აბასთუმანი, ბორჯომი და სხვ.
„არ-ნუვოს“ სტილში შესრულებული
მრავალი საინტერესო სასაფლაოს ძეგლი არსებობს თბილისის ისტორიულ სასაფლაოებზეც. თუმცა, მიუხედავად ამისა,
მსოფლიოსთვის საქართველოს წვლილი ამ სტილში თითქმის უცნობია.ახალი სტილი ორნამენტების
სიმდიდრით, რკალებითა და ხვეული ხაზებით გამოირჩეოდა. ეს დეკორატიული სტილი დრამისა
და ფანტაზიის ნაზავია და მისი მოტივების წყაროს წარმოადგენს გოთიკური პერიოდის ხელოვნება,
იაპონური დამწერლობა, უილიამ ბლეიკის ხელოვნება. „არ-ნუვოს“ დამახასიათებელი ნიშნებია ქალთა ფიგურები თხელ კაბებში; ასევე, გრძელი, ტალღოვანი, ესთეტიკური, ასიმეტრიული ხაზები, რომლებიც
ხშირად ბუნების საგნებს ხვიარა მცენარის ან კვირტების, პატარა ცხოველების ან მწერების
ფიგურების სახეს ანიჭებენ, ასევე, დეკორატიული ელემენტები, რომლებიც ცენტრში გამოკვეთილია.
ამ სტილის მიმდევრები იყვნენ: მხატვრები, ილუსტრატორები, იუველირები და შუშის ნაწარმის
დიზაინერები.
სიშიშვლის ხატვა არ დავიწყებია
გენიალურ ავსტრიელ სიმბოლისტ მხატვარსა და ვენის „არ-ნუოვოს“ მოძრაობის თვალსაჩინო
წარმომადგენელ გუსტავ კლიმტსაც. ძალიან საინტერესოა მისი ნამუშევარი „ქალის სამი ასაკი“.
რომელიც 1905 წელს დახატა, ხოლო 1908 წელს აღნიშნული ტილო კლიმტის სხვა 15 ნამუშევართან
ერთად გამოფენაზე გაიტანეს, სადაც დიდი მოწონება დაიმსახურა. სწორედ ეს გახლდათ მიზეზი
იმისა, რომ იგი „რომის თანამედროვე ხელოვნების გალერეამ“ შეისყიდა. სურათზე ერთგვარად
სიმბოლიზირებულია „სიცოცხლის მიმოქცევა“, რომლის მოტივიც დამახასიათებელია მხატვრის
მთელი შემოქმედებისთვის. სურათზე უმაღლეს საშემსრულებლო ოსტატობით არის გამოსახული
სტილისტური კონტრასტი სამი სხვადასხვა ასაკის მანდილოსნისა - ბავშვის (რომელიც გოგონას
ხელში ჰყავს აყვანილი), გოგონასი და ხანდაზმული ქალბატონის. დროის ეს საოცარი დენადობა,
სიცოცხლის და ცოცხალი არსებების საოცარი ფიზიკური ცვალებადობა მეტად კარგად იკვეთება
აღნიშნულ სურათში, რადგან მასზე გამოსახული სამივე ფიგურა შიშველია, კარგად შეგვიძლია
დავაკვირდეთ და „შევისწავლოთ“ თითოეული მათგანის სხეული, სახე და იქნებ სულიც? ბავშვი,
რომელიც განაბულია და ტკბილად სძინავს, რომელიც ახლა იწყებს ცხოვრებას მისი კანი ბამბის
ქულასავით რბილია და ნაზი. გოგონა აღაჟღაღებული ლოყებით, უმშვენიერესი, თეთრი, გლუვი
კანით, სავსე მკერდით, მეტად მხურვალე და მშვიდია, შეიძლება ითქვას რომ კმაყოფილია
თავისი ყოფით, სილამაზით და არსებობით... ხოლო რაც შეეხება მესამე, ხანდაზმულ ქალბატონს,
იგი მეტად ტრაგიკულია, მისი სხეული ჩამომჭკნარი, ისევე როგორც ჩირად ქცეული ხილი. ის
ხელში თავჩარგულია და განიცდის თავის უსახურობას, მას ენატრება ძველი მშვენიერება.
ის დაღლილია, გოგონასაგან განსხვავებით მასში აღარ გიზგიზებს ახალგაზრდული მხურვალების
ცეცხლი, ის უბრალოდ დაიღალა, გადაიწვა და ემოციების კონტროლიც აღარ გამოსდის... ამ
სურათზე კლიმტმა შესანიშნავად გაუსვა ხაზი დროის მიმდინარეობას და ყურადღება გაამახვილა
თვით ემოციებზეც კი, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად უჩნდება და ეცვლება ქალს. ასევე
ძალიან საინტერესო ფაქტი გახლავთ, რომ 2003 წელს იტალიაში გამოშვებულ იქნა სამახსოვრო
„ოქროს მონეტა“ 50 ევროს ნომინალის ღირებულებისა, რომელზეც გამოსახულია სწორედ გუსტავ
კლიმტის ამ დიდებული სურათის ფრაგმენტი. სურათი
დღემდე „რომის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში“ ინახება.