XX ს-ის დასაწყისში გერმანიაში ჩასახული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ავანგარდული
მიმდინარეობაა ექსპრესიონიზმი (ლათინური სიტყვიდან expressio - გამოხატვა), რომელიც
განსაკუთრებული პოპულარობით გერმანიასა და ავსტრიაში სარგებლობდა. თუმცა, ევროპის სხვა
ქვეყნებშიც გავრცელდა და ხელოვნების სხვა დარგებიც მოიცვა - ლიტერატურა, თეატრი, კინო,
მუსიკა. აი, რას ამბობდა მხატვარი ჟორჟ რუო; "ფერწერა ჩემთვის საშუალებაა იმისათვის,
რომ დავივიწყო ცხოვრება, ეს არის ყვირილი ღამეში, შეკავებული ტირილი, ჩუმი ღიმილი.
მე უხმო მეგობარი ვარ მათი, ვინც უხმოდ იტანჯება."ექსპრესიონისტების
მიზანია, ნამუშევარში გადმოსცენ ადამიანის სულის აფორიაქებული მდგომარეობა, ძლიერი
გრძნობები, განცდები: შიში, შფოთი, უიმედობა,
სასოწარკვეთა, სევდა, იმედგაცრუება და სხვა. ისინი "უტყუარ რეალობად" მხოლოდ
მხატვრის ინდივიდუალურ შინაგან სამყაროს მიიჩნევდნენ და ტილოზე რეალური გამოსახულებისა
და გარემოს ასახვის ნაცვლად ადამიანსა თუ სამყაროში მიმდინარე მოვლენების მიმართ მხატვრის
სუბიექტური დამოკიდებულების ასახვას ისახავდნენ მიზნად. ამ მიმდინარეობის წარმომადგენლები
არიან მხატვრები: ედვარდ მუნკი, ერნსტ კირხნერი, ეგონ შილე, ფრენსის ბეკონი და სხვ.
ექსპრესიონიზმის თანახმად, ადამიანი "მახინჯ" სამყაროში ცხოვრობს, ამიტომაც
იგი უსუსურად და მიუსაფრად გრძნობს თავს. ადამიანის ტანჯვა და მარტოობის პრობლემა ექსპრესიონისტი
მხატვრების შემოქმედების მთავარი თემაა. ამის გადმოსაცემად თავიანთ ნამუშევრებში ექსპრესიონისტები
იყენებენ აქტიურ, მძაფრ ფერადოვან შეხამებას. გარდა ფერისა, ადამიანის მძაფრი ემოციის
გადმოსაცემად ექსპრესიონისტები "ანგრევენ" ფორმას, არად დაგიდევენ ფორმის
სილამაზეს. პირიქით, მისი დეფორმაცია მათ ნამუშევრებში ხშირად გამიზნულად ხდება. ცნობილია,
რომ ექსპრესიონიზმის მიმდევარმა გერმანელმა მხატვრებმა ორი შემოქმედებითი გაერთიანება
"ხიდი" (Die Brucke) და "ლურჯი მხედარი" (Der Blue Reiter) ჩამოაყალიბეს.
ჯგუფი "ხიდი" 1905 წელს დრეზდენში ოთხმა სტუდენტმა, არქიტექტორებმა - ერნსტ
ლუდვიგ კირხნერმა, ფრიც ბეილიმ, ერიკ ჰეკელმა და კარლ შმიტ-რუტლოფმა ჩამოაყალიბეს.
მათი პირველი გამოფენა 1906 წელს დრეზდენში სანათების მაღაზიაში გაიმართა. 1911 წელს
ჯგუფი ბერლინში გადავიდა, 1013 წელს კი დაიშალა.
1911 წელს მხატვრებმა - ვ. კანდინსკიმ და ფ. მარკმა დააარსეს ალმანახი
"ლურჯი მხედარი", 1912 წელს კი ამ მხატვრებმა ამავე სახელწოდების გაერთიანება
შექმნეს, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე დაიშალა.
1928 წელს პარიზში გაიმართა გამოფენა "ფრანგული ექსპრესიონიზმი",
რომელზეც ხაიმ სუტინის, ამადეო მოდილიანის, მორის ვლამინკის, მორის უტრილოს და მარკ
შაგალის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. როდესაც ექსპრესიონიზმზე ვიწყებთ საუბარს აუცილებლად
უნდა შევეხოთ მოდილიანს და მის შიშველ ქალთა პორტრეტების სერიას. იგი თვით ბოჰემური ფრანგებისთვის შესაშური სინატიფით და შარმით
გადაჰქონდა ტილოზე შიშველი სხეული, ვინც წარმართული ვნებით და პირველყოფილი სიშიშვლით
გაჟღენთილი სურათებით შოკში აგდებდა მრავლისმნახველ პარიზს… ლივორნოდან ჩამოსულ, ებრაული
წარმოშობის ახალგაზრდას დედაქალაქი ხელგაშლილი არ დახვედრია. უკიდურესი სიღატაკე, შიმშილი, წარუმატებლობა –
ეს ყველაფერი მოდილიანის განუყრელ თანამგზავრად იქცა, მაგრამ ის არ ნებდებოდა და ხატავდა,
ხატავდა მთელი გატაცებით, შთაგონებით და შეუპოვრად. სკანდალებით, დებოშით აღსავსე ცხოვრებისა
და პარიზელ მენატურეებთან მრავალრიცხოვანი რომანების პარალელურად მასში დიდი ხელოვანი
იძერწებოდა. მოდილიანის სამხატვრო ტექნიკა დღითიდღე უფრო დახვეწილი ხდებოდა, ფერების
გამა – უფრო თბილი და ნათელი, სტილი კი – თავისთავადი. შიშველი სხეულით მოდილიანი სერიოზულად
შედარებით გვიან, სიკვდილამდე სულ რამდენიმე წლით ადრე დაინტერესდა. უკვე წარსულში
იყო დარჩენილი სკანდალური რომანი ინგლისელ პოეტესა ბეატრის ჰასტინგსთან, და ფერმწერის
ცხოვრებაში დიდი სინათლე შემოდიოდა ჟანა ებიუტერნის სახით. კათოლიკეთა ოჯახში გაზრდილი
ქალიშვილი ამედეოს მენატურედ, სატრფოდ და შთაგონების წყაროდ იქცა.
მოდილიანი ერთ-ერთი პირველი იყო მათ შორის, ვინც საზოგადოება ნიუს საშუალებით
გადმოცემული დაუფარავი ეროტიზმით გააოგნა. თამამი, შეუნიღბავი სექსუალობით და ვნებით
გაჯერებული მისი ტილოები აბსოლუტურად განსხვავდებოდა
რესესანსული ნიუებისგან – ასიმეტრიული, საოცარი ფერებით გამთბარი ფიგურებიდან მეტისმეტად
ღია ხორციელი ნდომა მოედინებოდა. 1917 წლის დეკემბერში, ბერტა ვეილის სალონში, ლეოპოლდ
ზბოროვსკის დახმარებით მოეწყო მოდილიანის პირველი და უკანასკნელი პერსონალური გამოფენა,
რომელსაც სკანდალი მოჰყვა – აღშფოთებული საზოგადოების მოთხოვნით პოლიციელებმა რამდენიმე
სურათი ჩამოხსნეს შიშველი ნატურის გამოსახულებით, მათ შორის ” მჯდომიარე ნიუ დივანზე”,
რომელიც შემდგომში მხატვრის გარდაცვალების შემდეგ სოტბის აუქციონზე თითქმის 69 მილიონ
დოლარად გაიყიდა და რომელსაც ექსპერტებმა “სიშიშვლის ტრიუმფი” უწოდეს. ერთი წლის შემდეგ
მხატვარი ლონდონში გაემგზავრა ფრანგული ფერწერისადმი მიძღვნილ გამოფენაში მონაწილეობის
მისაღებად. ინგლისელმა მხატვარმა და კრიტიკოსმა როჯერ ფრაიმ აღტაცებული სტატია უძღვნა
ამედეოს შემოქმედებას და ალბათ, ეს იყო “მზის ნამსხვრევი ცივ წყალში” იმ წარუმატებლობის
შემდეგ, რასაც მოდილიანი საფრანგეთში განიცდიდა. ინგლისელმა კოლექციიონერებმა მისი
სურათების შესყიდვა დაიწყეს, მაგრამ ფრანგული საზოგადოების დამოკიდებულებაზე ამედეოს
მიმართ ამას დიდი გავლენა არ მოუხდენია. საყოველთაო აღშფოთების მიუხედავად, მოდილიანი
ნიუს ხატვას განაგრძობდა. დაუძლეველი სიფაქიზით წერდა ქალის შიშველი სხეულის თითოეულ ნაკვთსა და კონტურს. ყოველ
ჯერზე მისი ოსტატობა უფრო და უფრო გამაოგნებელი ხდებოდა, ყოველი მომდევნო ნიუ კი –
უფრო ვნებიანი და პირველყოფილი. ამასთან, მენატურეები, ჟანასთან ერთად, ხშირად სხვა
ქალები იყვნენ, მაგრამ საკმარისია, დავაკვირდეთ მათ სხეულებზე შუქ-ჩრდილების თამაშს,
შევიგრძნოთ ის სითბო და სინაზე, რომლითაც ნებისმიერი ეს ნახატია გამსჭვალული, რომ ეჭვი
აღარ შეგვეპარება – ფუნჯის თითოეული მოსმის ძალას ამედეოს ჟანას სიყვარული აძლევდა.
ნიუს ჟანრში შესრულებული ის ნახატები, რომლებიც ფერმწერმა ჟანასთან რომანის პერიოდში
შექმნა, მხოლოდ ვიზუალურად გამოხატავენ სხვადასხვა ქალებს, სინამდვილეში კი ნატურა
ერთია – ფერმკრთალი, დიდთვალება, შავთმიანი გოგონა, რომელმაც მოდილიანისთან არა მარტო
სიცოცხლე, სიკვდილიც გაიზიარა…
ექსპრესიონიზმის მეტად თვალსაჩინო წარმომადგენელი გახლავთ ჩვენთვის კარგად
ცნობილი, მეტად ტრაგიკული და განსხვავებული ისტორიისა და ცხოვრების მქონე ედვარდ მუნკიც,
მეტად საინტერესოა მისი სურათი "მადონა". მუნკის მარიამის პროტოტიპი მისი
შეყვარებული დაგნი პრშებიშევსკაა (რომლიც თბილისში, სასტუმრო ლონდონში 1901 მოკლა იქნებ
ვინმე ფუნდამენტალისტმაც) რომელიც სურათზე გამოსახულია წელს ზემოთ შიშველი, თავზე შარავანდედით.
ისევე როგორც ხელოვნების ნაწარმოების თითქმის ყველა შემთხვევაში, ერთმნიშვნელოვნად
რაიმეს თქმა ძნელია, შესაძლოა, რომ მუნკი თავისი სიყვარულის უკიდურეს საკრალიზაციას
აკეთებს შეყვარებულის ერთ-ერთი ყველაზე საკრალურად დატვირთული სიმბოლოს რანგში აყვანით.
სურათის რამდენიმე ვერსია არსებობს, ერთი ოსლოს ეროვნულ მუზეუმში ინახება, მეორე ოსლოშივე,
მუნკის მუზეუმში.