x
image
მადამ ფისუნია
სიშიშვლისადმი დამოკიდებულება ბიზანტიასა და შუასაუკუნეებში

imageბიზანტიურ მხატვრობაში ჩვენ ვერ შევხვდებით ადამიანთა სხეულების სრულიად
შიშველ გამოსახულებებს, რადგან მათი მხატვრობა ძირითადად ქრისტიანობისკენაა გადახრილი,
ცდილობს ბიბლიის სცენების გამოსახვას და ქრისტიანული ტრადიციების წარმოჩენას, რაც მხატვარს
საშუალებას არ აძლევს წმინდანები სრულიად გააშიშვლოს. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში,
სადაც სიტუაცია მოითხოვს, ნაწილობრივ, სხეულის სეგმენტურ სიშიშვლეს მაინც ვხვდებით,
მაგალითად ქრისტეს ჯვარცმის, დატირებისა და დედის მკლავებში მომწყვდეული ყმობის პერიოდში.
დასავლეთ ევროპის შუა საუკუნეების პირველმა უმთავრესმა სტილმა
(განსაკუთრებით არქიტექტურაში) მეათე საუკუნიდან დაიწყო გავრცელება. იგი რომანულის
სახელითა ცნობილი. თუ ოქსფორდის ლექსიკონს დავუჯერებთ, დასახელება სიტყვა “რომაულიდანაა”
წარმოშობილი. ასევე იწოდებოდა იმდროინდელი მთელი სახვითი ხელოვნებაც. სტილი ეყროდნობოდა მასიურ კედლების, გეომეტრიული ფორმების – ცილინდრების
პრიზმების, კუბებისა და პარალელეპიპედების დახმარებით გამოსახვას, დამახასიათებელი
იყო ნაგებობათა კედლებში ვიწრო სარკმელები. რომანული სტილის მიხედვით იგებოდა ციხე–სიმაგრეები
ფეოდალის ოჯახისათვის, რომელთაც თავდაცვის დანიშნულება ჰქონდა. მასთან სიახლოვეში იყო
მოთავსებული სასურსათო და იარაღის საწყობი. რომანული ტაძრების ინტერიერს ამშვენებდა
კედლის ფერწერა, ექსტერიერს–უმშვენიერესი ბარელიეფები, ისინი ეკლესიის გაძლიერებასა
და ღვთის შიშის დამკვიდრებას ემსახურებოდა. ფერწერაში აღსანიშნავია რომანული პერიოდის
კედლის მხატვრობა და მინიატურები. როგორც მოგვეხსენება ამ პერიოდისთვის საკმაოდ გაძლიერებული
იყო ბიზანტიური კულტურის გავლენა სხვადასხვა ქვეყნებზე, ბიზანტიური კულტურა კი ქრისტიანულ
მართლხედვას დაეყრდნო, თუმცა შეინარჩუნა გვიან ანტიკური მინავლებული ტრადიციებიც. ქრისტიანობას
როგორც უკვე აღვნიშნეთ სიშიშვლე არ ხიბლავს, მას სცხვენია „ნიუსი“, ამიტომ გასაკვირი
არაა, რომ რომანულ ხელოვნებაში აბსოლუტურ სიშიშვლეს ვერ ვხვდებით, მით უმეტეს ეროტიკას...
ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი თემატიკაა ბიბლია და ფსალმუნები, ამიტომ თუ რომანულ
ფერწერაში სადმე ვხვდებით სიშიშვლის ელემენტებს ეს მხოლოდ და მხოლოდ გამომდინარეობს
იმ საჭიროებებიდან, რომელსაც მოითხოვს ბიბლიური ან ფსალმუნიდან გამომდინარე რომელიმე
კონკრეტული სცენა. (მაგალითად, ჯვარცმა, პიეტა და ა.შ.) საკაცობრიო ხელოვნება განვითარების
ეტაპებიდან მეტად საინტერესო პერიოდია გოთიკური სტილის ჩამოყალიბების ხანაც, რომელიც
მე-12 საუკუნეში ჩრდილოეთ საფრანგეთში ჩამოყალიბდა და საკმაო განვითარებაც ჰპოვა სხვადასხვა
ქვეყნებში. გოთიკური ხელოვნება ჩემთვის ერთ-ერთი მეტად საყვარელი და ამაღელვებელია, გოთურ ხელოვნებაში სიშიშვლეს ნაკლებად ვხვდებით,
თუმცა იკვეთება ეროტიზმი, რაც კარგად ჩანს გოთურ ქანდაკებებში, ტანზე მომდგარი სამოსი
, მისი ზუსტი, დეტალური დამუშავება გარკვეული დოზით ეროტიკის ელემენტებს შეიცავს... გოთური სტილის ზეობის ხანა ახალი ტიპის კულტურის
აყვავებას ემთხვევა, ამ დროს ჩნდება ქალაქების ახალი უმშვენიერესი ცენტრები, რომელთა
მოედნებზეც ხშირად იმართებოდა სანახაობები, წარმოდგენები. მათ დავდაპირველად კრძალავდა
ეკლესია, თუმცა ამან ვერ ჩაკლა ხალხის სანახაობისადმი სწრაფვა. გოთური არქიტექტურის
ერთ–ერთი უმშვენიერესი ნიმუში გახლავთ სენ–შაპელის ტაძარი, რომელიც პარიზის შუაგულში მდებარეობს. მის მდიდრულ
ინტერიერში დომინირებს ვიტრაჟები, რომლებიც ტაძარს გამორჩეულ მომხიბლელობას სძენს.
კედლის ყოველი სანტიმეტრი ხელითაა მოხატული და ქმნის ულამაზეს ფერთა გამას. გოთიკური
ტაძრებისათვის მეტად დამახასიათებელი და მნიშვნელოვანი იყო ვიტრაჟები და ვარდი, რომელიც
ღვთისმშობლის სახეს წარმოადგენს. მრავალი საუკუნის მანძილზე, სხვადასხვა ხალხები ღვთისმშობელს
უკავშირებდნენ ამ ზეციურ ყვავილს, რომელიც, თუ ლეგენდას დავუჯერებთ, ადამიანს აღუძრავს
სამოთხეში ცხოვრების მოგონებას, ღვთისმშობელი კი ‘’უეკლო ვარდთან’’ ანუ უცოდველ, წმინდასთან
ასოცირდება, სწორედ ამიტომაც იგი ფრანგული გოთიკური ტაძრების განუყოფელი ნაწილია. რა საკვირველია, რომ რელიგიური დომინაციის
ასეთ ღრმა მორევში არ გვხვდება სრული სიშიშვლე? სიშიშვლე ხომ როგორც აღვნიშნეთ სირცხვილთან
ასოცირდებოდა ქრისტინული სათვისტომოსათვის? თუმცა (მიუხედავად იმისა რომ გოთიკურ ტაძრებში
სიმბოლოებს მეტს ვხვდებით ვიდრე რეალისტურ ნამუშევრებს), ისევე როგორც რომანული სტილის
შემთხვევაში, გოთიკურ სტილშიც ვხვდებით ნაწილობრივ, მცირეოდენ სიშიშვლეს, მაშინ, როდესაც
ამას რომელიმე რელიგიური სცენის გამოსახვა მოითხოვს. მაგალითად, იკონოგრაფიული სცენები, რომლებიც მოითხოვს
სიშიშვლის წარმოჩენას ასეთია ადამის და ევას სამოთხიდან განდევნა, იორდანეში ნათლისღების
სცენა, ჯვარცმა, გარდამოხსნა და სხვ.

0
150
4-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0