მიუხედავად პოპ-არტის მეტად სპეციფიკური თემატიკისა
და ფორმისა, ამ მიმდინარეობაშიც ვხვდებით მეტ ნაკლებად სიშიშვლის ელემენტებს და ამის
კარგი მაგალითი გახლავთ, პოპ არტის პირველ სრულყოფილ ნიმუშად აღიარებული, ლონდონის
ვაითჩეფელის სამხატვრო გალერეაში მოწყობილი გამოფენისთვის შექმნილი რიჩარდ ჰამილტონის
კოლაჟი სახელწოდებით „მაინც რა ხდის დღევანდელ ბინებს ასეთ განსხვავებულსა და მიმზიდველს?“ კოლაჟი კატალოგსაც ამშვენებდა და საგამოფენო აფიშასაც.
კოლაჟის სახელწოდება აღებული იყო ამერიკულ ჟურნალში განთავსებული რეკლამიდან, თავად
კოლაჟი პოპულარული კულტურის ყველა ელემენტს შეიცავდა, რომლებმაც პოპ-არტის მიმდინარეობას
ჩაუყარა საფუძველი. ნამუშევარი ასახავდა საერთო ოთახს, მუყაოსაგან გამოჭრილი ავეჯითა
და ასევე საცვლების ამარა მყოფი მამაკაცის და დივანზე მჯდარი შიშველი შლაპიანი ქალის
ფიგურებით. აქვე ვხედავთ კომიქსების წიგნს, მზა საჭმლის პაკეტებს, სატელევიზიო და
სარეკლამო გრაფიკას და თანამედროვე აპარატურასა და ხელსაწყოებს. ოთახის ფანჯრიდან კინოთეატრიც
კი მოჩანს, სადაც პირველ ხმოვან ფილმს -„ჯაზის მომღერალს“ -უჩვენებენ.