x
image
მადამ ფისუნია
კუბიზმი (სიშიშვლის ესთეტიკა)

imageროგორც ცნობილია, კუბიზმიც, ექსპრესიონიზმის მსგავსად, იმავე ეპოქის მოვლენაა, რომელმაც ავტომობილები,
თვითმფრინავები, და კინემატოგრაფია შექმნა, ფოტოგრაფირებაც დახვეწა და ფართოდ გაავრცელა.
ფოტოგრაფიის განვითარება მეტად მნიშვნელოვანი იყო, რადგან ეს უკვე ნიშნავდა, რომ მხატვრობას
აღარ ევალებოდა ადგილებისა თუ საგნების რეალისტურად ასახვა. ამის ნაცვლად მხატვრებს
შეეძლოთ ასახვის ახალი გზების ძიება, საგანთა განსხვავებული თვალითა და კუთხით დანახვა
და ზოგჯერ ერთდროულად რამდენიმე რაკურსითაც კი. კუბიზმი დაახლ. 1907 წელს განვითარდა
თავიდან მხოლოდ ორი მხატვრის - პაბლო პიკასოსა და ჟორჟ ბრაკის შემოქმედებაში. შემდეგში
კუბიზმით სხვა პროგრესული მხატვრებიც დაინტერესდნენ. რა საკვირველია, მხატვრობაში სიშიშვლის განხილვის კონტექსტში, კუბიზმზე
საუბრისას აუცილებლად უნდა შევჩერდეთ პიკასოს ფერწერულ ნაწარმოებზე „ავინიონელი ქალები“. ეს ემოციური სურათი არამხოლოდ
კუბიზმის დაბადების მაუწყებელ ტილოდ მიიჩნევა, არამედ იგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებია
საკაცობრიო მხატვრობის მთელ ისტორიაში. ფორმაზე,
ფერსა და პერსპექტივაზე არსებული იდეების უარყოფით ის იმდენად რადიკალურად გაემიჯნა
ტრადიციულ მხატვრობას, რომ პიკასოს ზოგმა მეგობარმა და კეთილისმყოფელმაც კი გაოგნება
ვერ დაფარა. ეს ტილო საჯაროდ 1916 წლამდე არც გამოუფენიათ. ნაწარმოების სათაურიც კი
მოწმობს, რომ სურათზე ასახულია ხუთი მეძავი ქალი ბარსელონის ბორდელებით ცნობილი კარერის
ქუჩაზე. პიკასომ ამ ტილოსთვის ასობით მოსამზადებელი ესკიზი შექმნა, რომლებიც ცხადყოფს,
რომ მხატვარი თავიდან ბორდელის უფრო დეტალური და ექსპლიციტური სურათის დახატვას აპირებდა
მასში ერთი-ორი მამაკაცის ფიგურის ჩართვით. ამ
შემთხვევაში, სიშიშვლე პიკასოსთვის არამხოლოდ ეპატაჟური ხასიათისაა, არამედ წმინდა
ტექნიკური თვალსაზრისით, გამოსახვის ფორმისეული ძიების გამოხატვის საშუალება.

0
197
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
197
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0