x
image
მადამ ფისუნია
დავით ალექსიძის შემოქმედება - სიშიშვლის ესთეტიკა 16+

imageსაქართველოსთვის
მეტად მძიმე პერიოდში მოუწია მოღვაწეობა დავით ალექსიძეს, სწორედ მაშინ, როდესაც ქვეყანაში
საფუძველთა ნგრევა, ომი, კატასტროფების სიახლოვის განცდა, უიმედობა სუფევდა. მხატვარი
მალევე იწყებს საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას. იგი ადვილად მკვიდრდება სახელოვნებო
სივრცეში შეიძლება ითქვას, რომ ნიკოლოზ იგნატოვის სახელოსნოში პროფესიულად მომწიფებული
მხატვარი). ის იყო „ვუნდერკინდი“ ხელოვნებაში,
რომელმაც ადრეულ ასაკშივე სრულიად ჩამოყალიბებული მხატვრული სისტემა შექმნა აქტიური
ფილოსოფიითა და კრიტიკული აზროვნებით. მხატვარი ჩვენი კვლევისათვის მეტად საინტერესო
ნიმუშებს ქმნის, მაგალითად, ისეთებს როგორებიცაა : „წიწაკების გამყიდველი“, „მობანავე“,
„მდედრი“, „ადამი და ევა“, „იმპროვიზაცია V
და VI“,
„შიშველი სხეული“ და სხვა.


დავით ალექსიძის
მხატვრობის ბუნება მისტიკურ რეალიზმში გამოიხატა, სადაც ფერწერული კულტურის დემონსტრირებასთან
ერთად, მხატვარი განუწყვეტლივ ხან ფალიური კულტურის და ხანაც თანატოსთან დაპირისპირების
ორი ანტიპოდური ინსტინქტით აპელირებს მაყურებლის ქვეცნობიერზე. გია ბუღაძე აღნიშნავდა:
„დავით ალექსიძე ერთადერთი თანატოგრაფოსია, რომელიც გროტესკული მასკარონებით თანატოსთან
გათამაშებას ახერხებს და ამით განსაკუთრებულ სახიობას, ფეერიას ქმნის“. დავით ალექსიძის ხელოვნებას შესაძლოა ყველაზე ზუსტად
მისტიკური რეალიზმი განსაზღვრავდეს. ის გამოსახულების სრულ პოტენციალს ნაწილობრივ გადმოსცემს:
სილამაზე უკიდურესობამდე არ მიყავს, დინამიკას სტატიკად აქცევს, რიტმი არიტმულია და
ამით უცნაურ, ერთდროულად რეალურისა და ირეალურის ეფექტს აღწევს. ასეა თუ ისე, ერთი
მხრივ, ის ნამდვილ სამყაროს გამოსახავს და მეორე მხრივ, მისი ხელოვნება ფაქტიურ სინამდვილესთან
შედარებით, უჩვეულო შესაძლელობებს სახავს. მისი ნამუშევრები გამორჩეულად სიბრტყოვანია,
პირობითი და დეკორატიული. რეალური პერსპექტივის პირობითით ჩანაცვლება კი იმ საწყისისკენ
სწრაფვაა, მითიურ და რელიგიურ კოსმოგონიას რომ გულისხმობს. XXსს. XXIსს-ის
მიჯნის მხატვრის შემოქმედება რეალური შეგრძნებების კრებულია, რომელიც ფერადოვნების
მიუხედავად, საკმაოდ მუქია, თუმც ამ წყვდიადში არ იკარგება მაყურებელი; ეს კი ერთგვარი
თამაშია, ან თუნდაც იდეა თამაშზე, რაც ქართულ მხატვრობაში ახალია. განვიხილოთ დავით
ალექსიძის რამდენიმე ნამუშევარი ჩვენთვის საინტერესო კუთხით.

image

„ადამი და ევა“
- მეტად საინტერესოა სურათის ფორმა, რომელიც ხუთკუთხედს წარმოადგენს. სიუჟეტი ბიბლიურია,
მასზე გამოსახულია პირველი ადამიანები ადამი და ევა ცოდვის ჩადენის მომენტში, მოქმედება
ვითარდება ედემის ბაღში, აკრძალული ნაყოფის ხესთან, სადაც ხეს შემოხვეული გველი ცდილობს
ევა აცდუნოს. მიუხედავად იმისა, რომ სურათი მეტად ფერადოვანია, იგი მაინც ბნელად გვეჩვენება,
რაც განპირობებულია მხატვრის მიერ შავი ფონის გამოყენებით. წინა პლანზე გამოსახულია
მშვენიერი სხეულის მქონე ევა, ვაშლით ხელში, მისი სხეული არაბუნებრივად ყვითელია, იგი
ცდილობს ნაყოფი ადამს გაუზიაროს. ქალისაგან განსხვავებით მამაკაცი მეტად „მახინჯია“,
დაბალი, ღიპიანი, თითქოს კუზიანიც, დაგრეხილმოკლეფეხება, არაპროპორციული თავის მქონე
და ისიც ყვითელი, ისიც შიშველი. ასევე კომიკურია, რომ მისი სასქესო ორგანო საკმაოდ
დიდია მიუხედავად მამაკაცის სხეულის სხა ნაწილების მომცრო ზომებისა. ფიგურანტების ამგვარი სიშიშვლე მხატვრის დამოკიდებულებას
ააშკარავებს, მისი პოზიცია ცოდვის აქტის ხაზგასმით გროტესკულ ასახვაში ვლინდება.

image

მსგავსად ზემოაღნიშნულ
სურათისა, მსგავსად ზემოაღნიშნული სურათისა, „წიწაკების გამყიდველიც“ შავ ფონზეა გამოსახული,
სურათის ფორმატი ვერტიკალურად წაგრძელებული მართკუთხედია. შავ ფონს ჰარმონიულად ეფინება
მწვანე მცენარეები, მათში გახლართული მცირეოდენი ცისფერი, უნაზესი ფურცლების მქონე
ოთხფურცლა და ექვსფურცლა ყვავილები. სურათის შუაგულში კი, წინა პლანზე გამოსახულია
მთავარი ფიგურა, შიშველი მამაკაცი, წითელი,
ძაფზე მძივებად ასხმული წიწაკებით, რომელიც მამაკაცს მხრებზე გადაუკიდებია და მარჯვენა
ხელით ჩაუბღუჯავს კიდეც. მიუხედავად მისი სხეულის არაპროპორციულობისა, მეტად საინტერესოა
მისი სახე, რომელიც ძალიან მეტყველია, მარჯვნივ მიპყრობილი, თითქოს ირონიული მზერა დამთვალიერებელს რაღაც მისტიკური
ძალით უბიძგებს, რომ წიწაკების გამყიდელის მზერას გააყოლოს თვალი. ადამის და ევასაგან
განსხვავებით წიწაკების გამყიდველი უფრო ნაკლებად ყვითელი და მეტად „ადამიანური“ ფერითაა
გამოსახული. აქაც სახეზეა სიშიშვლეში გაცხადებული მხატვრისეული ირონია, ასე დამახასიათებელი
პოსტმოდერნიზმისთვის.

image

დავით ალექსიძის
„მობანავე“- ვერტიკალურად წაგრძელებულ მართკუთხა ტილოზე დავით ალექსიძემ გამოსახა მდინარეში/ზღვაში
მობანავე შიშველი მამაკაცი. ზემოაღნიშნული სურათების მსგავსად, ეს სურათიც შავ ფონზეა
გამოსახული, მისი ფერები ლოკალური და „მყვირალაა“ თითქოს თვალის მომჭრელიც, მაგრამ
საერთო ჯამში სურათი მაინც ბნელია. მამაკაცი თითქოსწყალზე გაწოლილი მდინარის დინებას მოუყვება. იგი დამთვალიერებლისათვის
თავდაყირა პოზიციაში წარმოჩნდება, თავი ქვემოთ, ფეხები კი ზემოთ აქვს. საინტერესოა
, რომ მხატვარს გამოსახული აქვს ასევე წყლის სხვადასხვა ბინადრები (თევზები, რვაფეხები,
ზღვის ვარსკვლავები), რომლებიც მამაკაცთან ერთად ნებივრობენ წყალში. მობანავე მამაკაცის
კანის ფერი მეტად თვალის მომჭრელი ყვითელია და მთელ ყურადღებას იპრობს, სხვა ნამუშევრების
მსგავსად მობანავის სხეულის პროპორციულობაც საკმაოდ დარღვეულია, დაკლაკნილი ხელები
და სხეული თითქოს დინების მიმართულებას ერწყმის და ჰაეროვნად ლივლივებს წყალზე. წიწაკების
გამყიდველისაგან განსხვავებით ამ სურათზე სახეც დეფორმირებულია, მამაკაცის ტუჩები არარეალურად
დიდია და ვარდისფერი, სახის სხვა ნაკვთებიც თითქმის დაუმუშავებელია გარდა თვალებისა,
რომელიც შედარებით უფრო დამუშავებულია.


მასალაზე მხატვრის
ექსპერიმენტები მრავალფეროვანია, სასურველი ფაქტურის და ფერის მისაღებად სხვადასხვა
ტექნიკის გამოყენებით. დაჭმუჭნული ქაღალდი, შემდეგ ზეთის საღებავი, ფენების ზედნაშენი
ტილოზე დრაპირების შთაბეჭდილებას ტოვებს, ხან სუდარას, ხანაც ალქიმიკოსის მოსასხამს
რომ წააგავს. ნებისმიერი გამორჩეული მხატვარი საკუთარ - ორიგინალურ გზას პოულობს, ექსპერიმენტები
კი მხოლოდ ამძაფრებს შემოქმედის ხელოვნების დოქტრინას. დავით ალექსიძის სამყარო არ
არის ცალკეული კულტურული (თუ გნებავთ რელიგიური) არეალი, არამედ მისი გავრცობის ველი
მოიცავს ყველასთვის საერთო კოსმოგონიურ სივრცეს. სასურათე სიბრტყეები პირობითობის და
პირველყოფილის ერთმანეთისგან დიფერენცირებით იტევს ჯვარცმული ქრისტეს სხეულსაც, გვირგვინოსან
მონსტრებსაც, ივდითსაც და ეროგენული ზონის სტიმულირებით დაკავებული ნიღბიანი ქალის
სხეულსაც. მხატვრის მიერ არჩეულ სამყაროთა განსხვავებულობის მიუხედავად, ისინი საერთო
ვიზუალური ნიშნების მეშვეობით მშვიდად თანაარსებობენ დესტრუქციული რეალობის პარალელურ
სამყაროში (თითოეული ეს ნამუშევარი 90-იან წლებშია შექმნილი), თუმც გადამწყვეტი მნიშვნელობა
არ აქვს - რა კულტურული კოდით იქმნება მისი ნამუშევარი, რადგან ყოველი მათგანი ხატვის
მაღალი ოსტატობის კატეგორიად ტრანსფორმირდება.„საქმე
ისაა, რომ ალექსიძე ოსტატურად ხატავს... ეს ჯოჯოხეთური მეფე-მონსტრები. უჩვეულო ანდროგინები
და მუტანტები გამოსახულნი არიან ჩვენი საუკუნის დასაწყისის დეკადენტური მხატვრობის
არტისტიზმით. საშუალების ესთეტიზაცია მასთან სალონურია და არა ნატურალისტური და მართალაც
ძალიან ლამაზი ურჩხულები თითქოს ღირსეულად ავსებენ პოსტმოდერნისტულ საერთაშორისო პანთეონს“.

დავით ალექსიძის
მხატვრობის თავბრუდამხვევ კალეოდოსკოპს აღმოსავლურ სტილში შესრულებული დეტალებით, ჩიტებით,
მავრიტანული მოტივებით, სამოსის ლურჯი-შინდისფერი მოოქროვილი ნაქარგი ორნამენტებით,
ფლურესცენტული საღებავის ბაკქანალიით, „მოცეკვავე შამანით“, ფალოსის ფორმის მამლით,
გრაფიტის და დაზგური ფერწერის სიმბიოზით, ლაქა-სილუეტებით, მითოლოგიის გაკიჩებით, სიჭრელით,
“სალომეას ბავშვობით“, „წიწაკების გამყიდვლის“ თუ „შეყვარებული პინოქიოს ირონიზირებული
ხატებით, ფალოსური კულტის ღრმა კვალზე აღმოცენებული წიწაკითა და „შეშლილი წინასწარმეტყველით“.
კემპურ ესთეტიკაში გროტესკამდე გაზვიადებული სპეციფიკურად განვითარებული ალექსიძისეული
გემოვნება, ზოგჯერ უხეშზე დამყარებული გრძნობა, კიჩური და ნაივურიც, თუმც დახვეწილი
ესთეტიზმის მქონე, გარკვეულწილად ჰერმეტული სემანტიკის მატარებელია და თითქოს ყველანაირ
მაყურებელზე არ არის გათვლილი. დავით ალექსიძე მოაზროვნე მხატვარია და მისი შემოქმედება
სხვა არაფერია, თუ არა საწყისთა სრულყოფილება-რასრულყოფილებასთან ზღვარზე ჭიდილი.

imageimageimageimage











0
61
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0