მნიშვნელოვანია,
რომ გიგო გაბაშვილი, ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ევროპელებზე
ნაკლებად როდი იყო სიშიშვლით დაინტერესებული. სიშიშვლისადმი მისი ინტერესები გამოხატულია
როგორც მის ფერწერულ ნამუშევრებში, ასევე ფოტოგრაფიებშიც. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში
განვითარებული თითქმის ერთსაუკუნოვანი საბჭოთა აბსურდული გარემოს გამო, პროგრესულად
მოაზროვნე, მეტად საინტერესო და გულწრფელი ნამუშევრები გიგო გაბაშვილისა თითქმის საუკუნეზე
მეტი დროის განმავლობაში გასაიდუმლოებული და გადამალული იყო. მხატვრის ჩანახატები შთაბეჭდილებას
ტოვებს, თითქოს ისინი სცენარები ან მოთხრობები იყოს, თავისივე განვითარების ხაზით,
მაგალითისთვის, პირობითად, ერთ სურათზე გამოსახული ორი შიშველი ქალი, მეორე სურათზეც
მეორდება, თუ ერთ სურათში ერთი ქალი ბუშტს ბერავს, მეორე სურათში ქალს ეს ბუშტი ფრთების
ადგილას, ზურგზე აქვს მიმაგრებული. შემდგომ სურათებში უკვე ვხვდებით რეალური ფრთების
მქონე შიშველ ქალებს, რომლებიც სხვადასხვა პოზებში გამოუსახავს მხატვარს და სხვადასხვა
მიმართულებით აუფრენია კიდეც. როგორც ჩვენთვის ცნობილია, სიმბოლისტები ქალთა გამოსახულებებს
მეტად მრავალფეროვან ახსნას უძებნიან ხოლმე, მათ შორის კი მეტად საინტერესო და უფრო
ხშირია ქალებში დემონური ინკარნაციების ხედვა. ასევე ხშირად ქალი მათთვის ფატალური
და ავისმქმნელია. სწორედ ქალთა რიგი „დანაშაულებების“ გამო ისჯებიან ხშირად მამაკაცები
, ყოველივე მაცდური ხომ სწორედ ქალის ტყავშია გახვეული, მათ შორის შუასაუკუნეობრივი
ლეგენდა სუკუბუსის შესახებ, რომელიც მამაკაცებს ვნებიანი სიზმრებით იპყრობს, ანდაც
სირინოზი, რომელიც თავისი ტკბილმოუბარი ხმით ატყვევებს მეზღვაურთა გონებას, რათა შემდგომ
უფსკრულში გადაჩეხოს და ა.შ.
გიგო გაბაშვილის
აშკარად გამოხატული შემოქმედებითი ინდივიდუალობის მიუხედავად რიგ მის ნამუშევრებში
იგრძნობა გავლენა გერმანული სიმბოლიზმის ფუძემდებლების - ფრანც ფონ შტუკისა და არნოლდ
ბიოკლინის შემოქმედებისა. ფაქტია, გიგო გაბაშვილიც ევროპელი სიმბოლისტების მსგავსად
, სრულიად უარყოფს გამოსახვის რეალისტურ მეთოდს და მეტაფორულად, აზროვნების ასამოქმედებელი
ხერხებით გადმოსცემს თავის სურათებში ჩაქსოვილ გრძნობებს, გაუგებარ, ბუნდოვან განწყობილებებს,
წუთიერ, წარმავალ შთაბეჭდილებებს, აზრებსა და იდეებს. მის თითოეულ სიუჟეტს საფუძვლად
რელიგიური და მითოლოგიური ქვეტექსტი უდევს. მისი ნამუშევრები გამსჭვალულია მისტიციზმით,
ზებუნებრივი და არაამქვეყნიური შეგრძნებებით. მხატვარი სრული სვლით ისწრაფვის შექმნას
ორაზროვანი, ბუნდოვანი ჰერმეტიზებული ნამუშევრები. საინტერესოა, რომ მხატვრის საკმაოდ მაღალი პროფესიონალურად
გადაღებული სურათების სიუჟეტები ზოგჯერ მის
ფერწერულ ნამუშევრებშიც მეორდება (მაგალითად, ბუშტიანი ქალები, ერთმანეთში გადახლართული
შიშველი სხეულები და ა.შ.) ერთი და იგივე თემის ასახვა მხატვრობასა და ფოტოგრაფიაში დამახასიათებელი იყო დასავლეთისათვის, მას არა ერთი
მხატვარი მიმართავდა, მათ შორის 1892 წლის მიუნხენის „სეცესიონის“ დამაარსებელი ფრანც
ფონ შტუკიც და უნგრელი მიხაი ზიჩიც. გიგო გაბაშვილის
მხატვრობისა და ფოტოგრაფიისთვისაც დამახასიათებელია აშკარა სითამამე, რაც ევროპული,
უფრო მეტად კი გერმანული სიმბოლიზმის თვისებაა. მხატვრისეული საოცარი გულწრფელობით, იდეების გადაწყვეტის თავისუფლებებითა
თუ სითამამით, გიგო გაბაშვილს მხოლოდ „ვეფხისტყაოსნის“ ცნობილი დამსურათებელი მიხაი
ზიჩი თუ შეედრება თავისი ეროტიკული სიუჟეტის ნამუშევრებით.
გიგო გაბაშვილი
არ ჯერდება მხოლოდ ადამიანთა შიშველი სხეულების ხატვას და ის ინტერესდება ანდროგინების
(გაურკვეველი სქესის არსებები) თემითაც, რაც მის არაერთ ნამუშევარში გვხვდება. როგორც
ჩანს ანდროგინები მხატვრისათვის სიღრმისეული ფიქრის საგანი ხდება. მასთანაც ჩნდება
ანდროგინული ანგელოზი, რომელშიც ქალური და მამაკაცური საწყისები გაერთიანებულია.
სიშიშვლის თემატიკას
უკავშირდება გიგო გაბაშვილის არაერთი ნამუშევარი, მათგან კი ძალიან საყურადღებოა მასობრივი
, სექსუალური ხასიათის სცენები როგორც ადამიანებისა, ასევე ანდროგინული ფრთოსანი არსებებისა
თუ ანგელოზების. მხატვრის ამ რიგის ნამუშევრებში უმეტესწილად გამოვლენილია აშკარა,
მძაფრი ანტიესთეტიზმი, ნამუშევრის საგანგებო პრიმიტიულობა, გროტესკი, სარკაზმი, ირონია,
რითაც ის სიმბოლიზმის დასასრულისა და ექსპრესიონიზმისა და სიურრეალიზმის წინამორბედად
წარმოგვიდგება. მისი შემოქმედება ნაკლებადაა ისეთივე პესიმისტური, როგორიც მაგალითად
ცნობილი ექსპრესიონისტი გერმანელი მხატვრის კირხნერის, მაგრამ მათში იგრძნობა გარკვეული
ინდიფერენტიზმი და თითქოს მომავალ თაობათა
სასოწარკვეთილებას მოასწავებს.
გიგო გაბაშვილი
თავისი ნამუშევრებით იმ ნიშნულს უახლოვდება საიდანაც გერმანული ექსპრესიონიზმი იწყება.
მისი აღნიშნული ნამუშევრები მეტად წააგავს ესკიზებს, მოსამზადებელ სამუშაოებს რომელიმე
ფერწერული ნამუშევრის შესაქმნელად, რაც სრულიად არ არის გამორიცხული რადგან მხატვარს
ეს ახასიათებდა. ცხადია, ამ სურათთა თავისებური, ცოტა რთულად ჩასაწვდომი ხასიათიც
სწორედ აქედან უნდა გამომდინარეობდეს.
პირადად ჩემში,
დიდი ინტერესი გამოიწვია გიგო გაბაშვილის ერთ-ერთმა
ფერწერულმა სურათმა, რომელზეც გამოსახულია შიშველი წყვილი. სურათის სიუჟეტი ვითარდება
ბუნებაში, სადაც მწყემსები თავიანთ მსხვილფეხა ცხოველებს აბალახებენ ხოლმე, სურათის
წინა პლანზე გამოსახულია თხები, რომლებიც ბალახზე წამოგორებულან, მათ უკან კი სწორედ
ზემოაღნიშნული შიშველი წყვილი სიყვარულს მისცემია. მამაკაცი სახით მაყურებლისაკენაა
მობრუნებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი სახე ბუნდოვანია, იგი ბალახზე ზის და კალთაში
ქალი ჩასკუპებია მაყურებლისგან ზურგშექცევით
და მამაკაცის პირისპირ, მათი გულ-მკერდი ერთმანეთზეა
მიწებებული, ქალის ფეხები მამაკაცის წელზეა შემოჭდობილი, ხელი კი კისერზე შემოუხვევია
და მის ტუჩებს საკუთარი ტუჩებით ეწაფება. მამაკაცს ერთი ხელი ქალის წელზე ნაზად აქვს
შემოხვეული, მეორე კი - ფეხზე. მათ ირგვლივ ხასხასა მდელოა და მასზე თხები ნავარდობენ.
ქალის თმაში ჩახვეული ყვავილები ჰარმონიას ქმნის ბუნებასა და შიშველ წყვილს შორის.
მეტად საინტერესოა ასევე, მხატვრის მიერ ამ სურათის შესრულების ტექნიკაც, წყვილის გამოსახვის
დროს მხატვარი თითქოს უფრო ფრთხილია და ნაზ მონასმებს იყენებს, ხოლო გარემოსა და თხების
ხატვისას კი - მეტწილად ფუნჯის უხეშ მონასმებს ამჯობინებს.