მენეჯერი
გიფიქრიათ რა თვისებები უნდა ჰქონდეს კარგ მენეჯერს? წარმატებული მენეჯერის უნივერსალური ფორმულა ჯერ არ შექმნილა. არსებობს ცნობილი გამოთქმა: “კარგი მენეჯმენტი ხელოვნებაა, რომლის დროსაც პრობლემები საინტერესო ხდება, მათი გადაჭრის გზები კი იმდენად კონსტრუქციული, რომ ყველას უჩნდება მუშაობისა და ამ პრობლემათა გადაწყვეტის სურვილი’’.
მარტივად, მენეჯმენტი ნიშნავს დასახული მიზნების მიღწევის უნარს სხვა ადამიანების შრომის, ინტელექტის, ქცევის მოტივების გამოყენების საფუძველზე. მენეჯმენტი, სპეციალური ცოდნის დარგია, რომელიც ეხმარება მუშაკებს, განახორციელონ მართვა. მენეჯმენტი მართვის მეცნიერებაა, რომლის, როგორც მეცნიერების წარმოშობა დაიწყო XIX საუკუნის ბოლოს აშშ-ში. ეს განაპირობა იმ ობიექტურმა პროცესებმა, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ამ ქვეყნის ეკონომიკაში. წარმოების, კაპიტალის კონცენტრაციამ და კონკურენციის გამწვავებამ, რაც დამახასიათებელია საბაზრო ეკონომიკისათვის, დღის წესრიგში დააყენა საკითხი მეურნეობის გაძღოლის ახალი კონცეფციის - მენეჯმენტის დამუშავებისა და საჭირო პერსონალის (მენეჯერების) მომზადების შესახებ. მაინც რა უნარებს უნდა ფლობდეს კარგი მენეჯერი? მენეჯმენტის ექსპერტის ჩარლზ გიბონის მიხედვით, კარგი მენეჯერისთვის არსებითია შემდეგი 11 უნარი:
1. მიზანთა სათანადოდ დასახვა - დასახეთ პრიორიტეტები. მიყევით მიზნებს და იმოქმედეთ შესაბამისად. სწორად განსაზღვრული მიზანი, წარმატების ნახევრის ტოლფასია.
2. რესურსთა გადანაწილება პრიორიტეტების მიხედვით - უნდა შეგეძლოთ ბიუჯეტის შედგენა და მისი მართვა. რაც უფრო ნაკლები ხარჯი გექნებათ, მით უფრო მეტი მოგება დაგრჩებათ, ამის საშუალებას კი რესურსების სათანადოდ გადანაწილება მოგცემთ.
3. გადაწყვეტილებათა მიღება, განხორციელება და პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე - თანამშრომლებს არ უყვართ ისეთი ხელმძღვანელი, რომელიც მხოლოდ დააბიჯებს ოფისში და ბრძანებებს იძლევა. შეასრულეთ რთული სამუშაო და მიეცით თანამშრომლებს მაგალითი. მიიღეთ მტკიცე გადაწყვეტილება. მიღებულ გადაწყვეტილებას ნუ შეცვლით. მერყეობა ყველაზე ცუდი თვისებაა, რაც მენეჯერს და ზოგადად, ნებისმიერი პროფესიის ადამიანს, ხელს უშლის წინსვლაში. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილების გადახედვა არ შეიძლება.
4. კომპრომისებზე წასვლა - ეს სულაც არ ნიშნავს უკან დახევას, საკუთარ მიზნებზე უარის თქმასა და ლაჩრობას. კომპრომისი არის შეთანხმების მიღწევა კომუნიკაციითა და საზიარო პირობების დასახვით, რომელიც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ თავდაპირველი მიზნისა თუ სურვილის ვარიანტია. საერთო შეთანხმების არსებითი ნიშანი ის არის, რომ მხარეები მიდიან გარკვეულ დათმობაზე, რათა სანაცვლოდ უფრო მნიშვნელოვან და სასურველ მიზანს მიაღწიონ.
5. დავალებათა გადანაწილება - დელეგირებას, ანუ ქვეშევრდომებისთვის სამუშაოს გადაბარებას ორი უპირატესობა აქვს: მენეჯერი დროს ზოგავს, ავითარებს პერსონალის უნარებს და შესაბამისად, მათ ღირებულებას. შეარჩიეთ შესაფერისი ადამიანი, რომელიც პასუხისმგებლობით მოეკიდება დავალებას. სათანადოდ შეაფასეთ თანამშრომლის შესაძლებლობები. დაავალეთ იმაზე ოდნავ მეტი, ვიდრე გგონიათ, რომ ეს ადამიანი გაუმკლავდება. გქონდეთ მისი წარმატების იმედი.
6. თვითმოტივაცია და თვითკონტროლი - ამ თვისებას ძველი ფილოსოფოსები “ნებისყოფას“ ან “თვითდისციპლინას“ უწოდებდნენ. ზიგმუნდ ფროიდმა ამას “ეგოს ძალა’’, “მეს ძალა“ უწოდა. თვითმოტივირება და თვითკონტროლი მიზნისაკენ სვლას ნიშნავს მაშინ, როცა ვითარება, ერთი შეხედვით, არასახარბიელო და უიმედოა. ეს დაგეხმარებათ დასახული მიზნების განხორციელებასა და წინსვლაში.
7. სამუშაოს ორგანიზება, დაგეგმვა და კომუნიკაცია რესურსების ეფექტური გამოყენებისათვის - ეს დროის გადანაწილებასა და წარმატების მიღწევის საწინდარია.
8. კარგი ურთიერთობა თანამშრომლებთან - კომუნიკაცია და ადამიანებთან ურთიერთობა მენეჯერის ცხოვრების ნაწილია. მენეჯმენტი მხოლოდ დავალებების მიცემა არ არის, უნდა შეგეძლოთ მოსმენაც.
9. ემოციური სტაბილურობა იმედგაცრუებისა და სტრესის გადასალახად - შეუძლებელია ყოველთვის ყველაფერი წარმატებით დასრულდეს. მიუხედავად წარუმეტებლობისა, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გაუმკლავდით ყოველდღიურ სირთულეებს. რთულია, თუმცა არ ღირს დროისა და ენერგიის სტრესსა და ნეგატიურ ემოციებზე დაკარგვა.
10. ობიექტური თვითშეფასება, შეცდომების აღიარება - სხვების პატივისცემას მოგიტანთ და ამით თავადაც მეტს ისწავლით. ადამიანი, რომელიც საკუთარ ნაკლოვანებებს ვერ ხედავს, ვერასოდეს შეძლებს მათ გამოსწორებას.
11. ნუ დაივიწყებთ, რომ სხვებიც იზრდებიან, აუმჯობესებენ თავიანთ უნარებს და ვითარდებიან. თანამშრომლების ნდობასა და მათ შესაძლებლობებს ემყარება ორგანიზაციის წარმატება.ისწავლეთ რაც შეიძლება მეტი. განივითარეთ უნარები და მიმართეთ სხვებს რჩევისა და უკუკავშირისთვის, რადგან ხშირად მხოლოდ სხვისი მითითების შემდეგ ვხედავთ საკუთარ ნაკლს
თანამედროვე ოფის მენეჯმენტი
ნებისმიერი ფირმის წარმატება საბაზრო ურთიერთობათა პირობებში მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია მენეჯერთა კორპუსზე. სიტყვა «მენეჯერი» ასოცირდება ადამიანთან, მართვის სუბიექტთან, რომელსაც ხელმძღვანელი თანამდებობა უკავია ორგანიზაციაში. თანამედროვე ბიზნესში არსებობს მენეჯერთა შემდეგი იერარქია:
•უმაღლესი დონის მენეჯერი - ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მმართველობის წევრი, იღებს სტრატეგიულ გადაწყვეტილებას, შეიმუშვებს ორგანიზაციის პოლიტიკას, პასუხს აგებს მთლიანი ორგანიზაციის საქმიანობაზე.
•საშუალო დონის მენეჯერი - პროექტის ხელმძღვანელი, ქარხნის დირექტორი, ქვედანაყოფის ხელმძღვანელი.
•ტექნიკური დონის მენეჯერი - ხაზოვანი მენეჯერი, განყოფილების გამგე, ოფისის მენეჯერი, ბრიგადირი - ანუ შემსრულებელი, რომელიც არ არის დაკავებული მმართველური გადაწყვეტილებების მიღებით.
ოფისის მენეჯერი დღეს ყველაზე მეტად მოთხოვნადი პროფესიაა. არ არსებობს ბიზნესი, რა მასშტაბისაც არ უნდა იყოს, რომ არ საჭიროებდეს გამოცდილ ოფისის მენეჯერს. ოფისის მენეჯერი არის კოორდინატორული ცენტრი დაწესებულებისა, რომელმაც იცის ყველა მისი თანამშრომლის ადგილსამყოფელი, დოკუმენტების მართებული გაფორმება, მოლაპარაკებათა ორგანიზება და დაწესებულების საქმიანობის სხვა მრავალი წვრილმანი დეტალი თუ მნიშვნელოვანი საკითხები. ოფისის მენეჯერი არ იღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც შედის ხელმძღვანელის კომპეტენციების ფარგლებში, თუმცა ის უშუალოდ მონაწილეობს და ხელმძღვანელობს იმ გადაწყვეტილების შესრულებას, რომელსაც იღებს შეფი. აქ, უდიდეს როლს თამაშობს ოფისის მენეჯერის ისეთი პირადი თვისებები, როგორიცაა ენერგიულობა, თვითდისციპლინა, თვითკონტროლი, გამბედაობა, ინიციატივიანობა, სამართლიანობა და სხვ.
ოფისის მენეჯერი არის მაკავშირებელი რგოლი ხელმძღვანელსა და ხელქვეითებს შორის. უფრო მეტიც, რიგ შემთხვევებში, იგი წარმოადგენს ხელმძღვანელობის სახეს სხვა სტრუქტურებთან და დაწესებულებებთან. თანამედროვე ეპოქა და ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება ოფისის მენეჯერისგან ითხოვს სისტემატიურ ზრუნვას კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. არსებობს სტერეოტიპი, რომ ოფისის მენეჯერი არის პერსონა, რომელიც კარგად ფლობს კომპიუტერულ და სხვა საოფისე ტექნიკას, მასთან მუშაობის წესებსა და სხვა ამდაგვარ ტექნიკურ უნარებს. თუმცა, დღევანდელი რეალობა ოფისის მენეჯერისგან ითხოვს მრავალმხრივ ცოდნასა და უნარებს, სხვადასხვა სფეროდან. ოფისის მენეჯერის საქმიანობის სირთულიდან და მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, პროფესიონალი ოფისის მენეჯერი ყალიბდება ხანგრძლივი პრაქტიკული საქმიანობის შედეგად, ე.წ. საკუთარი გამოცდილების საფუძველზე. ამრიგად, ოფისის მენეჯერის აუცილებელი თვისებები შეიძლება დავყოთ ორ კატეგორიად: პროფესიული და პიროვნული. პროფესიულთაგან უმთავრესია - საბაზისო განათლების მაღალი დონე, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ორგტექნიკის, სახელმწიფო და უცხო ენის ფლობა, საქმისწარმოების ცოდნა, ორგანიზაციული უნარი - საკუთარი და სხვისი საქმიანობის დაგეგმვა, ოფისის საქმიანობის ორგანიზება და ადმინიტრირება და სხვ. ოფისის მენეჯერის უმთავრეს თვისებებად ითვლება: ინიციატივიანობა - უნარი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღებისა, პუნქტუალობა, საქმიანობის შესრულების ხარისხი, საქმისადმი ერთგულება, პრიორიტეტების ამოცნობის უნარი - პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი საქმიანობის გარჩევა.
ოფისის მენეჯერის მოვალეობები
მცირედ მიმოვიხილოთ თუ რა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უწევს ოფისის მენეჯერს პროფესიული საქმიანობისას:
* აყალიბებს და ქმნის ორგანიზაციის სტრუქტურას, მისი საქმიანობის პროფილიდან გამომდინარე;
* აწარმოებს ორგანიზაციისთვის აუცილებელ სხვადასხვა (საოფისე ტექნიკა, საკანცელარიო ნივთები, სხვადასხვა მომსახურება და სხვ.) შესყიდვებს, რათა დაწესებულება უზრუნველყოფილი იქნეს მატერიალურ-ტექნიკური რესურსების თვალსაზრისით;
* ხელმძღვანელობს და ადგენს ტექნიკური საშუალებების პერიოდული შეკეთების განრიგებსა და მათი მუშაობისთვის აუცილებელი რესურესების შეძენას, ასევე გახარჯული და ექსპლოატაციიდან გამოსული ტექნიკის ჩამოწერასა და უტილიზაციას;
* უზრუნველყოფს და აკონტროლებს ოფისში სამუშაო პროცესებისთვის აუცილებელ გარემოსა და რეჟიმს, მათ შორის სანიტარულ-ჰიგიენური და ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისობას დადგენილ სტანდარტებთან;
* ახორციელებს შესყიდვებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ორგანიზებას და დოკუმენტების შედგენას, მათ შორის პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და ხელშეკრულებების გაფორმებას;
* ახორციელებს სამეურნეო ხარჯვის კონტროლს და მათ ოპტიმიზაციას;
* ოფისის მენეჯერის ფუნქციებში შეიძლება შედიოდეს სასაქონლო მატერიალური ღირებულებების დასაწყობება, შენახვა, მათი გაცემა სტრუქტურულ ერთეულებზე;
* ახორციელებს დაწესებულების მატერიალური რესურსებისა და ღირებულებების ინვენტარიზაციას;
* აკონტროლებს დაწესებულების ერთიან საქმისწარმოებას (დოკუმენტების შედგენა- გაფორმება, რეგისტრაცია, შენახვა, შესრულების ვადების დაცვა და ა.შ.) დადგენილი წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად და დოკუმენტბრუნვას;
* ორგანიზებას უწევს კორესპონდენციის მიმოქცევას (მიღებასა და დაგზავნას) აუცილებლობის შემთხვევაში აწარმოებს საქმიან მიმოწერას კომპეტენციის ფარგლებში;
* ორგანიზებას უწევს სხვადასხვა მიღებებსა და შეხვედრებს, კონფერენციებსა და ტრენინგებს; ახორციელებს ვიზიტორების რეგისტრირებასა და მომსახურებას. კლიენტების, დელეგატების, სტუმრების, პარტნიორების მიღებას და დახვედრას.
* აკონტროლებს ოპერატორების სატელეფონო საუბრებს.
* ახორციელებს პერსონალის მენეჯმენტს და ზრუნავს მათი კვალიფიკაციის შენარჩუნებასა და ამაღლებაზე;
ოფისის მენეჯერის სამსახურეობრივი მოვალეობები და ფუნქციები შეიძლება პირობითად დავყოთ ხუთ ძირითად ჯგუფად: 1. მმართველობითი - გულისხმობს ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება-დაგეგმარებას, ოფისის საქმიანობისა და სამუშაოთა დაგეგმვას, ადამიანური რესურსის მართვას (ტექნიკური და დამხმარე პერსონალი, კურიერები, მდივნები, ოპერატორები და სხვ.), პერსონალისთვის უფლება- მოვალეობების დელეგირებას, პერსონალის სწავლების ორგანიზებას, მათი კარიერის დაგეგმვას და ა.შ. კორპორატიული კულტურის ჩამოყალიბება-დანერგვა, კლიენტებთან და მომხმარებელთან ურთიერთობის პოლიტიკის შემუშავება და სხვ);
2. ადმინისტრაციული - გულისხმობს საქმისწარმოების ადმინისტრირებას, სტრუქტურული ერთეულების მართვასა და სხვა ადმინიტრაციულ საქმიანობას;
3. სამეურნეო - გულისხმობს მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მართვას, ოფისისათვის საჭირო ტექნიკისა და სხვა რესურსების შეძენასა და ა.შ.
4. მაკონტროლებელი - იგულისხმება დაწესებულების მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია, რევიზია; შიდა ანგარიშგების წარმოება, სხვადასხვა მაკონტროლებელი ღონისძიებების გატარება;
5. მაკონტროლებელ (ზემდგომ) სტრუქტურებთან ანგარიშების მომზადება.