x
ალბერტ ბანდურას დასწავლის სოციალურ-კოგნიტური თეორია– მიბაძვით დასწავლა

image როგორ სწავლობს ადამიანი?
როგორც ვიცით, ბიჰევიორისტული შეხედულების მიხედვით, ადამიანი
სწავლობს საკუთარი გამოცდილების საფუძველზე, საკუთარი ქცევის
შედეგებით; სწავლის სოციალურ-კოგნიტური თეორიის მიხედვით
კი ადამიანს შეუძლია ისწავლოს არა მხოლოდ საკუთარი ქცევის შედეგებიდან გამომდინარე, არამედ სხვებზე დაკვირვებითაც. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქცევის დასწავლისა და განხორციელებისათვის მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ უშუალო, პირდაპირ განმტკიცებას, არამედ არაპირდაპირ განმტკიცებასაც, ანუ სხვისი ქცევის შედეგების გათვალისწინებით ქცევის დასწავლას, რაც დახარჯული ძალების და დროის დიდ ეკონომიას იძლევა. მოსწავლე შეიძლება ხედავდეს სხვების წახალისებას გარკვეული ქცევის გამო და ამან გაზარდოს მის მიერ ამ ქცევის განხორციელების ალბათობა. მაგ. თუ თქვენ შეაქებთ ორ მოსწავლეს მათ მოხსენებებში ლამაზი ილუსტრაციების ჩართვისათვის, იმ მოსწავლეაბმა, რომლებიც აკვირდებიან თქვენს შექებას, შეიძლება შემდეგ ჯერზე ილუსტრირებული მოხსენებები ჩაგაბარონ. ეს არის არაპირდაპირი განმტკიცება -სხვისი ქცევის შედეგების გათვალისწინებით დასწავლილი ქცევა. ბანდურა განასხვავებს სუფთა მიბაძვასდა შეგნებულ მიბაძვას. სუფთა მიბაძვის დროს, მიმბაძველს არ ესმის იმ ქცევის მნიშვნელობა, რომელსაც ბაძავს. ასეთი ქცევები ახასიათებთ ცხოველებს, პატარა ბავშვებს და მასაც თავისი დადებითი ღირებულება აქვს განვითარებისთვის. შეგნებული მიბაძვისთვის კი ისაა დამახასიათებელი, რომ სუბიექტი ხვდება მისაბაძი ქცევის
მნიშვნელობას და შეგნებულად ბაძავს. ბანდურას აზრით, სწავლა სწორედ ამ უკანასკნელზე უნდა იყოს დაფუძნებული.

ოპერანტული განმტკიცებისა და არაპირდაპირი (სხვის ქცევაზე დაკვირვების გზით) განმტკიცების გარდა, არსებობს განმტკიცების კიდევ ერთი ფორმა - თვითგანმტკიცება, რომელიც გულისხმობს საკუთარი განმამტკიცებლების კონტროლს. ამ სახის განმტკიცება მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლეთათვის, ისე მასწავლებლებისთვის. ჩვენ გვინდა ჩვენი მოსწავლეები უკეთესები იყვნენ არა იმიტომ, რომ გარკვეული ჯილდო მიიღონ, ან სხვისი წარმატება მათთვის სწავლის მოტივატორი გახდეს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ მოსწავლეებმა დააფასონ თავიანთი კომპეტენტურობის ზრდა და ამით სიამოვნება მიიღონ. მასწავლებლისთვისაც ძალზე მნიშვნელოვანია ეს მომენტი. თვითგანმტკიცება ხშირად მათთვის საქმიანობის გაგრძელების ერთადერთი იმპულსია.
ადამიანს, რომელსაც აკვირდებიან, მოდელს უწოდებენ, ხოლო მოდელზე დაკვირვების გზით ადამიანის მიერ გარკვეული მოქმედებების ან ქცევის ათვისების პროცესს - მოდელირებას. ტერმინი “მოდელი” თანაბრად აღნიშნავს, როგორც რეალურ ადამიანს, ვის ქცევასაც ვაკვირდებით (ეს შეიძლება იყოს მეგობარი, მშობელი, და ან ძმა, მასწავლებელი და სხვა ადამიანები, რომლებიც რეალურად მის გვერდით არსებობენ), ასევე, ფილმის, ნაწარმოების გმირები და სხვ. ეს სიმბოლური მოდელები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც რეალური. მოსწავლისათვის, ხშირად, მისაბაძნი სწორედ სიმბოლური მოდელები ხდებიან. მოდელზე დაკვირვების გზით, ბავშვი არაპირდაპირ ითვისებს გარკვეულ ემოციურ რეაქციებსაც. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბავშვები დაკვირვების გზით სწავლობენ არა მხოლოდ კონკრეტულ ქცევებს, არამედ ისეთ ემოციურ რეაქციებსაც, როგორებიც არის შიში ან სიხარული, აგრესია და სხვა, სხვებზე დაკვირვების გზით ემოციური რეაქციების სწავლის როცესიც არაპირდაპირიგანმტკიცების მაგალითია.

რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს მოდელი, რომ ის მისაბაძი გახდეს? მიბაძვის ალბათობა იზრდება:

• თუ დამკვირვებელი გარკვეულ სარგებელს ნახულობს მოდელის ქცევის გამეორებით;
• თუ მოდელის ქცევა დაჯილდოვდება (მაგ. გამოცდილი მსახიობისადმი მიძღვნილი აპლოდისმენტები ზრდის ახალგაზრდა, დამწყები მსახიობისთვის მისიმიბაძვის ალბათობას);
• თუ მოდელს მაღალი სოციალური სტატუსი აქვს; კომპეტენტურია, ძლიერია, ცნობილია და ძალაუფლების მქონე;
• თუ მოდელი კეთილგანწყობილია დამკვირვებლის მიმართ;
• თუ მოდელის ქცევა სქესისთვის შესაფერისია (მაგ. გოგონებს იზიდავთ, მათი შეფასებით, უფრო ქალური პროფესიები და არ იზიდავთ მამაკაცური პროფესიები, მაგ. ინჟინერი, ქირურგი და სხვა).

ბანდურა აღწერს ოთხ პროცესს, რომელიც ზეგავლენას ახდენს სხვაზე დაკვირვების გზით რაიმეს დასწავლაზე:
ყურადღება;
• შენარჩუნება;
• გამეორება;
• მოტივაცია.
განვიხილოთ თითოეული მათგანი:

1. ყურადღება. ნებისმიერიმასწავლებელი დაგეთანხმებათ, რომ მოსწავლის კლასში მშვიდად ჯდომა და თვალებში ყურება სრულიადაც არ არის გარანტი იმისა, რომ ის ყურადღებით გისმენთან აკვირდება თქვენს ქცევას: მას შეიძლება შიოდეს, სციოდეს, რაიმე გუშინდელ მოვლენაზე ფიქრობდეს და ა.შ. ყურადღების მიპყრობა მოდელის ქცევაზე დაკვირვებას გულისხმობს და არა მხოლოდ პასიურ აღქმას. მოსწავლემ უნდა შეარჩიოს, რას მიაქციოს ყურადღება. შეუძლებელია მოდელზე დაკვირვებით რაიმეს შესწავლა, თუ ყურადღება არ მიექცა მნიშვნელოვან დეტალებს. მოტორული უნარ-ჩვევის დემონსტრირებისას(მაგალითად, ასწავლით საკერავი მანქანით კერვას), საჭიროა მოსწავლეები თავს ზემოდან დაგყურებდნენ და გაკვირდებოდნენ, როგორ ასრულებთ სამუშაოს. ეს სწორ მიმართულებას აძლევს მათ ყურადღებას და აიოლებს დაკვირვებით სწავლას. დამკვირვებელის ყურადღების ხარისხზე გავლენას ახდენს თვითონ მოდელის (მაგ. მასწავლებლის) თავისებურებები. კერძოდ, თუ რამდენად „მისიანად“ მიიჩნევს მოსწავლე მას. მეორე მხრივ, დიდი მნიშვნელობა აქვს თვით დამკვირვებლის, მოსწავლის თავისებურებებს, როგორიცაა მისი მოლოდინები და ემოციური მდგომარეობა. ამიტომ, სწავლების პერიოდში მასწავლებლები უნდა ეცადონ, ყურადღება მიაპყრონ მოსწავლის გრძნობებს, ემოციურ მდგომარეობას.
2. შენარჩუნება. საკმარისი არ არის, დამკვირვებელმა მხოლოდ ყურადღება მიაპყროს საჭირო ქცევას. მან ის უნდა დაიმახსოვროს და კიდეც გაიხსენოს სათანადო დროის გავლის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში. დამახსოვრება შეიძლება გაუმჯობესდეს გონებაში ქცევის იმიტაციით ან რეალური ვარჯიშით. ვარჯიში გვეხმარება სასურველი ქცევის ელემენტების (ნაბიჯების თანმიმდევრობის) დამახსოვრებაში. მაგალითად, გამოცდილი სპორტსმენები მიიჩნევენ, რომ სიმაღლიდან ხტომისა და ცურვის სწავლისას, კარგი შედეგი მაშინ მიიღწევა, როდესაც მოქმედების უშუალოდ შესრულებამდე ხდება ქცევის მოდელის გონებაში წარმოდგენა. დამახსოვრება და მასალის აზრობრივი ორგანიზაცია საუკეთესო პირობებს ქმნის დასწავლისთვის.
3. გამეორება. დამკვირვებელს უნდა ჰქონდეს იმის ფიზიკური და ინტელექტუალური უნარი და შესაძლებლობა, რომ მოახდინოს მოდელის ქცევის გამეორება. ბევრ შემთხვევაში დამკვირვებელი ფლობს შესაბამის ქცევით რესურსებს, რათა განახორციელოს თავის ქმედებაში მოდელის მსგავსი ქცევა. მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც, როცა მოდელის ქცევის შესაბამისი ჩვევები ჯერ კიდევ არ აქვს ათვისებული დამკვირვებელს. მაშინაც კი, როცა უკვე „ვიცით“, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ქცევა და გვახსოვს მისი ყველა ელემენტი, ნაბიჯი, შეიძლება ეს ქმედება სრულყოფილად მაინც ვერ განვახორციელოთ. ზოგჯერ ჩვენ ძალიან ბევრი ვარჯიში, უკუკავშირი და ხელმძღვანელობა გვჭირდება მოდელის ქცევის გამეორებისათვის. ქცევის აგების ფაზაში ვარჯიში მას უფრო სრულყოფილსა და მოქნილს ხდის. მაგალითად, ბალერინას ცეკვაზე კარგი დაკვირვება და მოძრაობათა
თანამიმდევრობის დამახსოვრება ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ დამკვირვებელმა ის თავის ქცევით რეპერტუარში გადაიტანოს სათანადო გავარჯიშების გარეშე.
4. მოტივაცია. რეალურად განხორციელდება თუ არა მოდელზე დაკვირვების გზით ნასწავლი ქცევა, დამოკიდებულია მოტივაციაზე. შეიძლება ბევრი რამ იცოდე, მაგრამ არ აკეთებდე. დამკვირვებელი არ განახორციელებს მოდელის ქცევას, თუ ის არ არის სათანადოდ მოტივირებული. სოციალურ-კოგნიტური სწავლის თეორია ერთმანეთისგან განასხვავებს სწავლასა და შესრულებას. ჩვენ შეიძლება დავეუფლოთ ახალ უნარს ან ქცევას დაკვირვებით, მაგრამ ვერ შევძლებთ მის შესრულებას, თუ არ გვექნება ქცევის შესრულების მოტივაცია ან წამახალისებელი ფაქტორი. ამიტომ მოტივაციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება სწავლის პროცესში. აქვე უნდა აღვნიშნოთ შემდეგი: ახასიათებს რა სკინერის ოპერანტული განპირობების თეორიას, ბანდურა აღნიშნავს, რომ ამ თეორიაში გარეგანი მოტივაცია აუცილებელია სწავლისთვის. ბანდურაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გარეგან განმამტკიცებლებს, მაგრამ მათ არ თვლის ერთადერთ ხერხად, რომელიც უზრუნველყოფს ქცევის შეძენას, შენახვას და ცვლილებას. ამრიგად, ყურადღება და შენარჩუნება ხელს უწყობს მოდელის ქცევის ათვისებას, ხოლო აღდგენა და მოტივაცია უზრუნველყოფს დამკვირვებლის მიერ მოდელისაგან ნასწავლი ქცევის რეალურ განხორციელებას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ადამიანებმა შეიძლება დაისწავლონ როგორც სასურველი, ისე არასასურველი ქცევა.

0
1514
2-ს მოსწონს
ავტორი:სალომე ყველიაშვილი
სალომე ყველიაშვილი
1514