x
ერიქსონის ფსიქოსოციალური განვითარების სტადიები

imageერიკ ერიქსონის შემოთავაზებული განვითარების თანმიმდევრული სტადიები, რომელიც ფოკუსირდება საკუთარ თავსა და სხვებზე. სტადიები მოიცავს პიროვნების განვითარების სქესობრივ და სოციალურ ასპექტებს და ინდივიდისა და სოციალური გარემოს ურთიერ-თქმედების შედეგად წარმოქმნილ სოციალურ კონფლიქტებს.
ყოველმა ინდივიდმა წარმატებით უნდა გაიაროს მთელი რიგი ფსიქოსოციალური სტადიებისა, რომელთაგანაც თითოეული მას გარკვეული კონფლიქტის ან კრიზისის წინაშე აყენებს. ერიქსონმა ცხოვრების ციკლის რვა სტადია გამოყო. თითოეული სტადია ხასიათდება კონკრეტული კრიზისითა თუ კონფლიქტით. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი კონფლიქტი არ ამოიწურება ბოლომდე, აუცილებელია, ინდივიდმა საკმარისად გადაჭრას თითოეული მათგანი, რათა წარმატებით გაუმკლავდეს შემდგომი სტადიების კონფლიქტებს.
I სტადია: დაბადებიდან ორ წლამდე. კონფლიქტი: ნდობა უნდობლობის წინააღმდეგ. ბავშვის წარმატებული ადაპტაციისთვის აუცილებელია გარემოსადმი ნდობის განვითარება. უცნაური, უჩვეულო გარემო მას შიშსა და უნდობლობას აღუძრავს. ე.ი. ამ კონფლიქტის გადაჭრა ბავშვს შემდგომი განვითარების საშუალებას აძლევს. ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი დედაა, რომელიც ზრდის და უვლის მას. დედასთან ურთიერთობაზეა დამოკიდებული სამყაროსა და ადამიანების მიმართ ნდობისა და სიყვარულის აღძვრა. თუ გარემოცვა ბავშვისთვის აუხსნელი და სახიფათოა, იგი უნდობლობის წინააღმდეგობას ვერ ძლევს, ნერვიული და საკუთარი თავის რწმენას მოკლებული იზრდება.
II სტადია: ორიდან სამ წლამდე. კონფლიქტი: ავტონომია ეჭვისა და სირცხვილის წინააღმდეგ. თავდაპირველად ბავშვები მხოლოდ რეაგირებენ, ორი წლიდან კი აცნობიერებენ, რომ ისინი არიან საკუთარი მოქმედების ავტორები. მათ უვითარდებათ დამოუკიდებლობის მოთხოვნილება, რომელიც აუცილებლად უნდა წაახალისოს და მხარი დაუჭიროს გარემოცვამ. თუ ბავშვი შეიზღუდა, ის სხვაზე დამოკიდებული და საკუთარი თავის რწმენას მოკლებული გაიზრდება. ასეთ ბავშვებს უჭირთ თანატოლებსა და გარემოსთან აქტიური ურთიერთობის დამყარება.

III სტადია: სამიდან ექვს წლამდე. კონფლიქტი: ინიციატივა დანაშაულის გრძნობის წინააღმდეგ. ამ პერიოდში ბავშვი თანდათან ძლიერდება, სტადიის დასასრულს იგი ხდება დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტი. ის იწყებს საკუთარი თავის კვლევას, ახდენს საკუთარი თავის იდენტიფიკაციას მშობლებთან.

IV სტადია: ექვსიდან თორმეტ წლამდე. კონფლიქტი: შრომისმოყვარეობა არასრულფასოვნების განცდის წინაააღმდეგ. ეს სტადია ემთხვევა სკოლაში სწავლის პირველ წლებს. ამ პერიოდის მთავარი მახასიათებლებია თანატოლებთან ურთიერთობის მოთხოვნილება, თვითიდენტიფიკაციის განვითარება, საკუთარი თავის მნიშვნელოვნების გაცნობიერება. ბავშვები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი გაიგონ და შეიმეცნონ, შეისწავლონ ის, რაც მნიშვნელოვანია მათი კულტურულ-სოციალური განვითარებისთვის. ცდილობენ, მნიშვნელოვან პიროვნებებად იქცნენ. მათი ქცევის მიღება და დადებითი შეფასება გარემოცვის მხრივ განმსაზღვრელი ფაქტორია დადებითი „მე-კონცეფციის” ჩამოყალიბებისთვის. თუ მათი აქტივობა უარყოფით შეფასებას და დაცინვას წააწყდა, შესაძლოა განუვითარდეთ არასრულფასოვნების კომპლექსი.

V სტადია: თორმეტიდან თვრამეტ წლამდე. კონფლიქტი: იდენტობა როლთა აღრევის ( დიფუზიის) წინააღმდეგ. ეს სტადია ერთ-ერთი ურთულესია ადამიანის ცხოვრებაში. მოზარდი აღარც ბავშვია და არც უფროსი; იგი ეჯახება სოციალურ მოთხოვნებს და ახალ როლებს. ახალი ფსიქოსოციალური პარამეტრი, რომელიც მოზარდ ასაკში ჩნდება დადებით პოლუსზე, არის ეგო-იდენტობა, ხოლო უარყოფით პოლუსზე – როლური აღრევა. ამ ასაკში მოზარდმა უნდა გაამთლიანოს ცოდნა საკუთარი თავის შესახებ (როგორია როგორც შვილი, მოსწავლე, მეგობარი და ა.შ.) და ინტეგრირება მოახდინოს პიროვნულ იდენტობაში. ინტეგრირება გულისხმობს ერთდროულად წარსულისა და მომავლის გაცნობიერებას. ამ პერიოდში მოზარდში არსებობს შინაგანი კონფლიქტი ეგო-იდენტობასა და როლების აღრევას შორის. აღნიშნულ პერიოდს ერიქსონი ასე ახასიათებს: შინაგანი ფიზიოლოგიური რევოლუცია, საკუთარი სოციალური როლის განმტკიცება, წუხილი იმაზე, როგორ გამოიყურება სხვების თვალში, თვითონ როგორ აფასებს საკუთარ თავს. ეს არის ყველა წინა საფეხურზე შეძენილ თავისებურებათა შემაჯამებელი პერიოდი და უფრო მეტი, ვიდრე მათი ჯამი. ეგო-იდენტობის განცდა წარმოადგენს პიროვნების რწმენას იმის შესახებ, რომ საკუთარ თავზე წარმოდგენა შეესაბამება სხვის მიერ მის შეფასებას. იქმნება შინაგანი „მე”-ს ხატი. იდეაში წარმოდგენილი აზრები ხშირად არ ემთხვევა რეალობას, რაც დიდ სირთულეებს უქმნის ახალგაზრდას. სოციალური ჯგუფები და ინსტიტუციები (ოჯახი, სკოლა…) მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ იდენტიფიკაციის პროცესზე. პოპულარულ გმირებთან (კინო, მუსიკა, წიგნი…) ან კონტრკულტურის წარმომადგენლებთან (ქურდული სამყარო, ავტორიტეტი…) ზედმეტი იდენტიფიკაცია დიდ ზეწოლას ახდენს მოზარდზე და აფერხებს პიროვნულ ზრდას. მოზარდის განვითარებას ხელს უშლის საზოგადოებაში არსებული სოციალური, პოლიტიკური, ტექნოლოგიური ცვლილებები. ისინი მასში იწვევენ შფოთვას, რის გამოც ხშირად ახალგაზრდა ემიჯნება გარემოს. როდესაც მიზეზთა გამო ვერ ხერხდება პიროვნული იდენტობის მიღწევა, ერიქსონი ამას იდენტობის კრიზისს ან როლურ აღრევას უწოდებს. იგი იწვევს ჩამორჩენას სწავლაში, პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში, შესაძლოა, მოხდეს პიროვნების დეპერსონალიზაცია, განდგომა, ნეგატიური იდენტობის ჩამოყალიბება – საწინააღმდეგო იმისა, რასაც მოითხოვენ მშობელი, მასწავლებელი, თანატოლი, ზნეობა და ნორმები.

VI სტადია: ადრეული მოზრდილობა. კონფლიქტი: ინტიმურობა იზოლაციის წინააღმდეგ. ამ სტადიაზე ადამიანები ურთიერთობის პრობლემებს წყვეტენ. შეუძლია თუ არა წარმატებული სოციალური ურთიერთობების დამყარება პიროვნებას, მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული წინა სტადიების კრიზისის წარმატებით დაძლევაზე. იდენტურობის ფორმირების შემდეგ პიროვნება ამყარებს და ავითარებს სერიოზულ ურთიერთობებს სხვა ადამიანებთან. ამ სტადიაზე ყალიბდება ნამდვილი პასუხისმგებლობა ადამიანის, საქმის, პარტნიორის მიმართ. თუ ადამიანმა წარმატებით ვერ გადალახა წინა სტადიის კრიზისი, ის უძლური იქნება, დაამყაროს სრულფასოვანი ურთიერთობები.

VII სტადია: მოზრდილობა. კონფლიქტი: გენერატიულობა სტაგნაციის წინააღმდეგ. ამ პერიოდში კონფლიქტები ძირითადად უკვე გადაჭრილია, ადამიანს შეუძლია მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზაცია სხვების საკეთილდღეოდ, დაეხმაროს შვილებს, ახლობლებს, მოაგვაროს სოციალური პრობლემები. წინა ეტაპზე კონფლიქტების მოგვარებისას განცდილმა მარცხმა შესაძლოა ადამიანი დატოვოს ორიენტირებული თავის თავსა და ისეთ პრობლემებზე, როგორებიცაა საკუთარ ჯანმრთელობაზე, მოთხოვნილებებზე, სიმშვიდეზე გადაჭარბებული ზრუნვა.

VIII სტადია: სიმწიფე. კონფლიქტი: ეგო-ს მთლიანობა იმედგაცრუების წინააღმდეგ. ამ ეტაპზე ხდება განვლილი ცხოვრების შეფასება. თუ შეფასებისას ადამიანი განიცდის კმაყოფილებას და მიიჩნევს, რომ მისი ცხოვრება სავსე იყო საინტერესო მოვლენებით, რომლებშიც ის აქტიურად მონაწილეობდა და სადაც შეძლო საკუთარი თავისა და უნარების რეალიზაცია, მაშინ მისთვის მისი რეალობა მთლიანად მისაღებია. მაგრამ თუ ადამიანს მიაჩნია, რომ ცხოვრება მხოლოდ უაზროდ დახარჯული წლები და ხელიდან გაშვებული შესაძლებლობებია, მას სასოწარკვეთილება იპყრობს.

0
154
1-ს მოსწონს
ავტორი:სალომე ყველიაშვილი
სალომე ყველიაშვილი
154