x
ბავშვის განვითარების პროგრესი შერიდანის მიხედვით

image
ახალშობილი

დაბადებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვილის ქცევა დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება, რაც გამოწვეულია არა მხოლოდ განვითარებითა და ფიზიკური მდგომარეობით, არამედ არარეგულარული ძილ-ღვიძილის ფაზებითა და კვებით. ახალშობილის შემოწმებისას საჭიროა გასაუბრება მშობლებთან, იმის გასარკვევად, ხომ არ აქვთ მათ რაიმე პრობლემა ახალშობილის ქცევასთან დაკავშირებით.

ძილისა და სიფხიზლის მდგომარეობა
 დაბადებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვილი დიდ დროს ატარებს ძილში და მხოლოდ მცირე ხანს უთმობს სიფხიზლის მდგომარეობას.  ჩვილის სიფხიზლის პერიოდი ძირითადად მოიცავს სიმშვიდის, ტირილის და მოუსვენრობის მდგომარეობას.  ბავშვის რეაგირება დამოკიდებულია ძილისა და სიფხიზლის პერიოდებზე (Brazelton and Nugent 1995).  ახალშობლის შეფასება უნდა მოხდეს აქტიური სიფხიზლის მდგომარეობაში, როცა ის არის მშვიდად, ღია თვალებით, რეგულარული სუნთქვით, კიდურების აქტიური მოძრაობით და არ ტირის (Prechtl 1977).

პოზა და მსხვილი მოტორიკა

 ჩვილის კიდურებისათვის დამახასიათებელია ჰიპერტონია (კუნთოვანი ტონუსი მომატებულია), ხოლო ტანი და კისერი ჰიპოტინიურ მდგომარეობაშია (კუნტოვანია ტონუსი დაქვეითებულია).  ზურგზე წოლისას მკლავები და ფეხები მოხრილ მდგომარეობაში იმყოფება და ჩვილის პოზა სიმეტრიულია.  მჯდომარე პოზით დაბადების შემდეგ ხშირ შემთხვევაში ჩვილის ფეხები გაჭიმულ მდგომარეობაში იმყოფება.  თუ ჩვილს მჯდომარე პოზიციაში დავიკავებთ, ვნახავთ, რომ მისი ზურგი არასწორხაზოვანია და მას თავის დაჭერა არ შეუძლია. როდესაც ჩვილს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, მუცლით ქვემოთ დავიკავებთ, მისი თავი ქვემოთ ვარდება და კიდურები ნაწილობრივ მოღუნულია.  როდესაც ბავშვს მუცელზე დავაწვენთ, მისი თავი უნებლიედ შეტრიალდება რომელიმე მხარეს. დუნდულები ზემოთაა აწეული და მუხლებს ხშირ შემთხვევაში მუცლის ქვემოთ ილაგებს. მკლავები კი მკერდთანაა ახლოს და იდაყვებში მოხრილია.



რეფლექსები
რეფლექსები გვიჩვენებს ახალშობილის ნევროლოგიურ მომწიფებას. რეფლექსების უმრავლესობა ვითარდება დაბადებამდე. ზოგიერთი რეფლექსი ეხმარება მას სიმეტრიული მოქმედებების განხორციელებაში, ზოგს კი ნაკლები ღირებულება აქვს შეფასებისას. ყველაზე ადრეული რეფლექსი - მოროს რეფლექსია. ეს რეფლექსი შეიძლება შევამოწმოთ რამდენიმე გზით. ჩვეულებრივ ვიყენებთ ასეთ მეთოდს: ბავშვს მოულოდნელად დაახლოებით 2.5 სანტიმეტრით უკან გადავაწვენთ (თავი დაკავებული გვაქვს), ჩვილი სიმეტრიულად შლის ხელებს და თითებს. ცოტა ხნის შემდეგ ის ისევ აერთებს ხელებს. ნორმალური განვითარების დროს ეს რეფლექსი 6 თვის ასაკის შემდეგ აღარ აღინიშნება.
 წოვისა და „ძუძუს ძებნის“ რეფლექსი ვლინდება, სანამ ჩვილი არ დაიკმაყოფილებს შიმშილის გრძნობას. ჩვილი ავლენს წოვის რეფლექსს საკვბის მიღების დროს და საკვების მიღების გარეშეც (ხშირ შემთხვევაში ის საკუთარ თითს და მატყუარა საწოვარას წოვს). „ძუძუს ძებნის“ რეფლექსი გრძელდება 6 თვემდე, ხოლო წოვის - 1 წლამდე.  ჩაჭიდების და ხველის რეფლექსები ასევე დამახასიათებელია ამ ასაკის ჩვილისთვის, თუმცა ეს რეფლექსები მას მთელი ცხოვრების მანძილზე მიჰყვება.  ჩვილისათვის ასევე დამახასიათებელია ტაცების რეფლექსი, რომელიც ქრება 5-6 თვის ასაკში.  სიარულისა და ფეხზე დგომის რეფლექსს ხშირად შევამჩნევთ ჩვილს, როდესაც მას მყარ ზედაპირზე შევახებინებთ ფეხებს.



სმენა და მხედველობა

 ბავშვი ძალიან მგრძნობიარეა ხმაურისა და სინათლის მიმართ. დაბადების შემდგომ დღეებში ბავშვი თვალს მიაპყრობს სინათლის წყაროს, ხოლო მკვეთრ შუქზე ის უმალვე ხუჭავს თვალებს. მხედველობის ფიქსაციას ახდენს მხოლოდ 30 სანტიმეტრზე მიტანილ სხეულზე და შეუძლია თვალი გააყოლოს ნელა მოძრავ მზრუნველის სახეს.  ჩვილს აქვს რეაქცია მოულოდნელ მაღალ ხმაზე. ის იყურება იმ მხარეს, საიდანაც ხმა ისმის. მას აქვს რეაქცია ზარის წკრიალსა და უცაბედ წამოძახილებზე, მშვიდდება უწყვეტ, ზომიერი სიმძლავრის ბგერებზე.



სოციალური ინტერაქცია და მი ჯაჭვულობის ფორმირება

 დაბადებიდან რამდენიმე დღეში ჩვილი ამყარებს მზრუნველთან ინტერაქციას თვალით კონტაქტის, სპონტანური და იმიტაციური სახის გამომეტყველებისა და ძილის და სიფხიზლის მდგომარეობების მოდულაციის საშუალებით.  ჩვილი დაბადებიდანვე ცდილობს გაამყაროს ემოციური კონტაქტი მშობლებთან, ინტერაქციისა და სათუთი მოძრაობების საშუალებით.



1 თვის ასაკი

პოზა და მსხვილი მოტორიკა

 ზურგზე დაწვენისას ბავშვი ავტომატურად აბრუნებს თავს რომელიმე მხარეს. კიდურების მოძრაობა მკვეთრი და ფართეა. დამშვიდების შემდგომ ხელები ტანთან მჭიდროდ აქვს მოთავსებული და თითები მუშტად აქვს შეკრული. დროდადრო შლის ხელებს, კიდურების მოხრისას ხელის და ფეხის თითებს მარაოსებურად შლის.  ლოყაზე, ტუჩის კუთხეში თითის მიდებისას ბავშვი იმ მხარეს იყურება, რომელი მხრიდანაც ვეხებით. დამჯდარ მდგომარეობაში თავი წამიერად ვერტიკალური მდგომარეობიდან უკან ან წინ უვარდება.  თუ ბავშვს ვენტრალურ პოზიციაში დავიჭერთ (მუცლით ქვემოთ), ის თავს ხერხემლის პარალელურად დაიჭერს, ხოლო ბარძაყები მოჭიმული ექნება.  მუცელზე დაწვენისას ის რომელიმე მხარეს აბრუნებს თავს, ხელები და ფეხები მოხრილია, მუხლები ტანისგან დაშორებულია და დუნდულები ზომიერად აწეულია. ვერტიკალურ მდგომარეობაში, მყარ ზედაპირზე ფეხის შეხებისას ბავშვი მყარად ადგამს ტერფებს, ასწორებს სხეულს და ასრულებს სიარულის მაგვარ მოძრაობას. მოძრაობა ხდება უფრო აქტიური მაშინ, როდესაც ბავშვს ფეხებთან წინაღობა შეხვდება.



ვიზუალ ური პერცეპცია და ნატიფი მოტორიკა

 ბავშვები ავლენენ რეაქციას სინათლეზე, თავს აბრუნებენ იმ მხარეს, საიდანაც სინათლის წყარო მოდის. ეს შეიძლება იყო ფანჯრიდან შემომავალი სინათლე, სანათური, ან ნათელ ფერებში მოხატული ცარიელი კედელი.  ბავშვი 30 სანტიმეტრის რადიუსზე ამჩნევს სინათლის სხივს და თვალს ადევნებს მის მოძაობას. ხუჭავს თვალებს, თუ სინათლის სხივი პირდაპირ თვალებში ანათებს.  ადევნებს თვალს სახიდან 15-25 სანტიმერტის დაშორებით მოძრავ სათამაშოს და მისი მიმათულებით ახორციელებს ჩაჭიდების მოძრაობას. დაბადებდან დაახლოებით 3 კვირის შემდეგ ის უყურებს სახეში მზრუნველს, როცა მას აჭმევენ ან როდესაც მას ექსპრესიულად ესაუბრებიან. თვალს უსწორებს მის სახესთან ახლოს მდებარე საგანს ან სხეულს და მის მოძრაობას ნელა აყოლებს თვალს, რასაც თან ახლავს თავის ნახევრადწრიული მოძრაობა, სამან თავი გვერდზე არ გადაუვარდება.  აღენიშნება თავდაცვითი თვალის ხამხამი 6-8 კვირისათვის.

რეაქცია ბგერაზე

 უეცარ ხმაურზე იძაბება, აკანკალდება, თვალებს ახამხამებს და ატრიალებს, ხელის და ფეხის თითებს შლის და შეიძლება იტიროს.  უცაბედად გაშეშდება მაშინ, როდესაც ესმის ზარის ხმა. შესაძლოა თვალები და თავი იმ მხარეს მიაბრუნოს, თუმცა ჯერ არ შეუძლია ზუსტად განსაზღვროს ის ადგილი, საიდანაც ხმა მოდის.



მეტყველება, ენა და კომუნიკაცია

 წყვეტს „ჭიჭყინს“ და შებრუნდება იმ მხარეს, საიდანაც საუბარი ან ხმაური ისმის. მაგრამ არა მაშინ, როცა ჭამს ან ტირის.  ღუღუნებს.  ბავშვები უპირატესობას ანიჭებენ სოციალურ სტიმულებს. დაბადებიდან მალევე, ბავშვი ცდილობს ენისა და ტუჩების მოძრაობით გაიმეორეს მშობლის ან მზრუნველის მიერ გამოცემული ბგერები.  ტირის ძლიერად მაშინ, როდესაც მშიერია, ან თავს არაკომფორტულად გრძნობს.  ბავშვები, რომლებსაც აქვთ სმენის პრობლემა, ან დარღვევა, ისევე ტირიან და ავლენენ რეფლექსებს, როგორც ჩვეულებრივი ბავშვები, მაგრამ ნაკლებად ავლენენ რეაქციას უცაბედ ხმაზე.  ბავშვები, რომლებსაც აქვთ მხედველობის პრობლემა, შესაძლოა აყოლებდნენ თვალს იმ საგნებს, რომლებიც ხმას გამოსცემენ.  მხედველობა და სმენა ბავშვს აუცილებლად ცალ-ცალკე უნდა შევუმოწმოთ.

სოციალური ქცევა და თამაში
 წოვს კარგად.  ძირითადად სძინავს, უმეტესად მაშინ, როდესაც არ აჭმევენ ან არ უტარებენ ჰიგიენურ პროცედურებს.  5-6 კვირისათვის ბავშვის გამოხედვა ჯერ კიდევ დიფუზურია, მაგრამ თანდათან უფრო ყურადღებიანი ხდება. ვითარდება სოციალური ღიმილი და ვოკალიზაცია.  სოციალური ინტერაქციის დროს ხდება თვალით კონტაქტი მშობელსა და ბავშვს შორის.  თითები ძირითადად მუშტად აქვს შეკრული, მაგრამ გაშლისას, როდესაც თითებს რამეს შეახებს, მას აუცილებლად ჩაეჭიდება.  წყვეტს ტირილს მაშინ, როდესაც დედა ხელში აიყვანს და ელაპარაკება. ბავშვი ცდილობს შებრუნდეს მოსაუბრის სახისკენ.  დაბანისას, ჩაცმისას და ხელში აყვანისას საჭიროებს თავის დაჭერას.

თავის მოვლა და დამოუკიდებლობა

 დაბანისა და ჩაცმის პროცესის დროს ახალშობილი თავიდან უმოქმედოდაა, ხოლო შემდეგ ავლენს ემოციებსა და რეაქციებს.



3 თვის ასაკი

პოზა და მსხვილი მოტორული მოძრაობები

 ზურგზე წოლისას უპირატესობას ანიჭებს თავის შუა ხაზზე დაჭერას. კიდურები უფრო მეტად მოქნილია. მოძრაობები უფრო მეტად მოქნილი, უწყვეტი და სიმეტრიულია. ხელის თითები ძირითადად გაშლილი აქვს.  ხელებს კრავს სხეულის შუაში, მკერდის წინ. შეუძლია ფეხების მოხრაც და შეერთებაც.  როდესაც ვეხმარებით წამოჯდომაში, თავი ოდნავ უკან რჩება. შევამჩნევთ, რომ ზურგი შედარებით სწორია წელის მიდამოში. თავი რამდენიმე წამის განმავლობაში გასწორებულია (წამოწეულია ხერხემალთან ერთად).  ვენტრალურ პოზიციაში თავი ტანის გასწვრივაა გაჩერებული. მხრები და თეძოები ჰორიზონტალურ პოზიციაშია.  ჩაცმისა და დაბანის დროს საჭიროებს მხრების დაჭერას.  მუცელზე წოლისას, თავსა და მკერდს მაღლა წევს და ხელებს ეყრდნობა. ამ დროს ხშირად აქტიურად „პორჭყნის“ ზედაპირს, დუნდულები შედარებით ბრტყელია.  ხელში ჭერისას, როდესაც ფეხებს მყარ ზედაპირზე შევახებინებთ, ცდილობს დადგეს ამ ზედაპირზე, მაგრამ მუხლები ეკვეთება.



ვიზუალური პერცეფცია და ნატიფი მოტორიკა

 ყურადღებიანია. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ახლოს მდებარე სახეები. თავს ამოძრავებს წრიულად და უყურებს უფროსის მიერ განხორციელებულ ქცევებს.  თვალს აყოლებს მისგან 15-25 სანტიმეტრით დაშორებულ სათამაშოს. თავს აბრუნებს მარჯვნივ და მარცხნივ, ზემოთ და ქვემოთ ნახევარწრეზე. თვალის დახუჭვის რეფლექსი ნათლადაა გამოხატული.  ზურგზე წოლისას აკვირდება საკუთარი ხელების მოძრაობას და თამაშობს თითებით. შლის და შემდეგ აერთებს ხელებს და ხელის გულებს.  შეუძლია რამდენიმე წუთით მოახდინოს კონცენტრაცია მისგან 15-25 სანტიმეტრით დაშორებულ საგანზე. იშვიათ შემთხვევაში უფრო დიდი ხნითაც.  ახდენს თვალების კონვერგენციას სახის წინ მოძრავი სათამაშოს მიმართ.  ორივე ხელით ეჭიდება საგნებს 16-18 კვირის ასაკიდან.  თუ ხელში დავაჭერინებთ საგანს, უჭირავს ცოტა ხნის მანძილზე, შეიძლება სახის წინ აამოძრაოს. ხანდახან ირტყამს ამ საგანს ნიკაპზე. იშვიათად ამ მოძრაობებს ახორციელებენ 16-18 კვირამდეც.


სმენა

 აბრუნებს თვალებს და თავს ხმის წყაროს მიმართულებით.  შეიძლება შეაბრუნოს თავი ერთი მხრიდან მეორე მხარეს, ხმის წყაროს ძიების პროცესში.  მშვიდდება სათამაშოს ან ზარის წკრიალზე.  ბავშვი მშვიდდება და იღიმება ნაცნობი ხმის გაგონებაზე, სანამ ხმის წყაროს დაინახავს. მაგარამ არა მაშინ, როცა ტირის.  ბავშვები, რომლებსაც სმენის პრობლემები აქვთ, ნაკლები ყურადღებით გამოირჩევიან ნაცნობი ხმებისადმი.



მეტყველება, ენა და კომუნიკაცია

 ტირის მაშინ, როდესაც არაკომფორტულად გრძნობს თავს, ან გაღიზიანებულია.  ხშირად იწყებს წოვას, ან ილოკავს ტუჩებს მაშინ, როდესაც ესმის კვებასთან დაკავშირებული ხმები.  აღენიშნება შფოთვა, როდესაც ახლოვდება რაიმე ტიპის ხმა, იქნება ეს ფეხის ხმა თუ სხვა.  გამოსცემს გარკვეული ტიპის ხმებს მაშინ, როდესაც ესაუბრებიან, ან მაშინ, როდესაც ის მარტოა. ხმის გამოცემას ახლავს ღიმილი, თვალით კონტაქტი და ხელებით ჟესტიკულაცია.  კვების დროს ახორციელებს თვალით კონტაქტს და თვალებით ფიქსაციას მშობელზე ან მზრუნველზე.  დიდი მოლოდინი აღენიშნება საწოვარას ან დედის მკერდის დანახვისას. იღიმება, გამოსცემს ბგერებს, ჟესტიკულირებს ნაცნობი საგნების, ან სიტუაციების დანახვისას.  მხიარულად ერთვება ბანაობის და მოვლის პროცესში. სიამოვნებით პასუხობს კეთილგანწყობილ ქცევას, მხიარულ თამაშებს, ბავშვის ენაზე საუბარს და სიმღერას.





6 თვის ასაკი

პოზა და მსხვილი მოტორიკა

 ზურგზე წოლისას ხელებს თავისუფლად წევს მაღლა და მკლავებს ამოძრავებს ზემოთ-ქვემოთ მოძრაობით.  ხელებზე ჩაჭიდებისას ცდილობს წამოჯდეს. მხრები ტანთან ახლოს აქვს და ცდილობს ტანის ზემოთ წამოწევას. შეუძლია ჯდომა, თუ აქვს საყრდენი; თავი და ზურგი სწორად უჭირავს. თავს თავისუფლად ატრიალებს მარჯვენა და მარცხენა მხარეს. დამოუკიდებლად ჯდომა შეუძლია 5-დან 9 თვემდე.  შეუძლია დამოუკიდებლად გადაგორდეს მუცლიდან ზურგზე 5-6 თვის ასაკიდან, ხოლო ზურგიდან მუცელზე კი 6-7 თვიდან (Bly 1994).  მუცელზე წოლისას ხელებს ეყრდნობა და ცდილობს მკერდის ზემოთ წამოწევას.  ხელში ჭერისას, როდესაც ფეხებს მყარ ზედაპირზე შევახებინებთ, იწყებს ხტუნვას (აწევს და დაწევს ფეხებს მორიგეობით). აღმოცენებას იწყებს დაცვითი რეფლექსები

ვიზუალური პერცეფცია და ნატიფი მოტირიკა

 ამოძრავებს თავსა და თვალებს სხვადასხვა მიმართულებით. თვალები მოძრაობს უნისონში. ადევნებს თვალს უფროსებისა და სხვა ბავშვების მოძრაობას. ყურადღებას აქცევს 15-30 სანტიმეტრით დაშორებულ პატარა ობიექტებს და სათამაშოებს. ჩნდება სიღრმის აღქმის ნიშნები.  ორივე ხელს შლის ერთდროულად. იყენებს ხელებს ტაცებისა და ჩაბღაუჭებისათის. საგნის წვდომისათვის იყენებს ორივე ხელს, მაგრამ როდესაც მისწვდება, ჰკიდებს მხოლოდ ერთ ხელს. შეუძლია საგნის გადატანა ერთი ხელიდან მეორეში. აგდებს საგანს, როცა მეორეს შესთავაზებ.  როდესაც ბავშვს ხელიდან უვარდება საგანი, უყურებს დაცარიელებულ ადგილს. საგნის მხედველობის ველიდან მოშორების შემთხვევაში ბავშვი ცდილობს ხელებითა და თვალის მოძრაობით მის მოძებნას, ან საერთოდ ივიწყებს მისი არსებობის შესახებ.



სმენა

 მაშინვე აქცევს ყურადღებას ოთახის ბოლოდან გაგონილ ნაცნობ ხმას.  უსმენს ადამიანის ხმას მაშინაც კი, როდესაც ადამიანს ვერ ხედავს.  იყურება იმ მხარეს, საიდანაც მოდის ხმა.



მეტყველება და კომუნიკაცია



 გამოსცემს სხვადასხვა მარტივ მარცვლებს და ტიტინებს, მაგალითად, და-და
და.  იცინის, ღუღუნებს თამაშის დროს და გამოსცემს სხვადასხვა ინტონაციის ხმას. შესაძლოა უცაბედად წამოიყვიროს.  ავლენს ემოციებს მოსმენილი ხმის ტონალობის მიხედვით (სიხარულს, შიშს.)



სოციალური ქცვა და თამაში

 ავლენს პოზიტიურ ემოციებს თამაშის დროს. ენთუზიაზმით ეხმაურება უფროსების მიერ ხშირად წამოწყებულ თამაშს. ავლენს მოლოდინს მაშინ, როდესაც მუსიკის ან რიტმული ფრაზების მოსმენისას ხმა დროებით ჩერდება.  როდესაც მას ვთავაზობთ სათამაშოს, იქნევს სპეციალურად, რათა მან ხმა გამოსცეს, ყურადღებით ათვალიერებს. გადააქვს საგანი ერთი ხელიდან მეორეში.ობიექტებს იდებს პირში, რათა უკეთ შეისწავლოს ისინი. როცა ობიექტის დათვალიერებით არის დაკავებული, შეიძლება ყურადღება არ მიაქციოს მზრუნველის მხრიდან შეთავაზებულ ინტერაქციას.



თავის მოვლა და დამოუკიდებლობა

 მეგობრულად ხვდება უცხოებს, მაგრამ შეიძლება გამოავლინოს მცირედი შფოთვა, თუ უცნობი ძალიან ახლოს ან სწრაფად მიუახლოვდება, თანაც თუ მზრუნველი არ იმყოფება მისი მხედველობის ველში. უცხო ადამიანის შიში იწყება დაახლოებით 7 თვის ასაკიდან.  კვების დროს დედას ხელს ჰკიდებს მკერდზე. საწოვარას წოვისას ცდილობს ბოთლს ჩაებღაუჭოს. შესაძლოა სცადოს ჭიქის გამოყენებაც.  აგემოვნებს ნახევრად მყარ, გლუვ ნივთიერებებს. საჭმელს პირიდან აგდებს ენის მოძრაობით. შეუძლია კოვზიდან ჭამაც.


0
567
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ყველიაშვილი
სალომე ყველიაშვილი
567