x
სოციალური გავლენები

image
ადამიანის სოციალური ბუნებიდან ლოგიკურად გამომდინარეობს რომ ის სოციუმის გავლენას უნდა დაემორჩილოს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ადამიანები ცხოვრობენ ინდივიდუალობის და სოციუმისადმი დამორჩილების ღირებულებებს შორის მუდმივ კონფლიქტში. ინდივიდმა ერთის მხრივ უნდა დაიცვას თავისი ინდივიდუალობა, ამას გარკვეული ღირებულება აქვს მისთვის და მეორეს მხრივ საზოგადოების ნორმებისადმი დაქვემდებარებასაც გარკვეული ღირებულება მიეწერება. ამ კონფლიქტის არსის გარკვევა, მისი გადაწყვეტის გზების ძიება სოციალური ფსიქოლოგიის ერთერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს. მისი გადაწყვეტა კი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად იქნება გაცნობიერებული სოციალური გავლენების ფსიქოლოგიური კანონზომიერებები. როგორ შეიძლება მოვახდინოთ გავლენა სხვებზე? რა უნდა ვიცოდეთ, რომ შევძლოთ შევცვალოთ მათი ქცევები, ატიტუდები და გრძნობები სასურველი მიმართულებით? რა სიტუაციური და პიროვნული მახასიათებლების ცოდნაა საჭირო რათა ეფექტურად გადავწვიტოთ პრობლემები?
ესაა საკითხები რომლებიც სოციალური ფენომენების იმ სფეროში განიხილებიან, რომელიც სოციალური გავლენების სახელწოდებითაა ცნობილი და სოციალური ფსიქოლოგიის კვლევის ძირითად სფეროს წარმოადგენს.
სოციალურ ფსიქოლოგიაში ნაკვლევია და დადგენილია მთელი რიგი პროცესები, რომელთა გამოყენებით შეიძლება გავლენა მოვახდინოთ სხვებზე – შევცვალოთ მათი რწმენები, ატიტუდები და ქცევები, მათ შორის განსაკუთრებით გამოიკვეთა კონფორმიზმი, დამთმობობა და მორჩილება, რომლებიც მეტნაკლებად კარგადაა შესწავლილი.
კონფორმიზმი – როცა ინდივიდი ცვლის თავის ქცევას, რწმენას ან ატიტუდს არსებული სოციალური ნორმების ზეგავლენით. ამრიგად, კონფორმიზმი განიხილება როგორც საშუალება რომლითაც ჯგუფი ან საზოგადოება აყალიბებს თავისი წევრების აქტიობას. ეს ხორციელდება იმ ფორმალური და არაფორმალუ¬რი წესებით, რომლებიც მიუთითებენ თუ რომელია სწორი (მისაღები) ქცევა.
დამთმობობა – წარმოადგენს სოციალური გავლენის უფრო პირდაპირ და პიროვნულ ფორმას. დამთმობობასთან გვაქვს საქ¬მე როცა ინდივიდი ცვლის თავის ქცევას სხვისი მოთხოვნით.
მორჩილება – ხორციელდება სიტუაციაში სადაც ინდივიდი ცვლის თავის ქცევას სხვისი პირდაპირი ბრძანებით. ჩვეულებ¬რივ ინდივიდს რომელიც ბრძანებას იძლევა იგულისხმევა რომ აქვს ძალა დაიმორჩილოს სხვა, რომ მას აქვს ძალაუფლება.

კონფორმიზმი

სოციალური გავლენების კვლევებში კლასიკურ ექსპერიმენტალურ გამოკვლევებადაა ჩათვლილი ს. აშის, მ. შერიფის და ს. მილგრამის ექსპერიმენტები. შერიფის გამოკვლევა ეხება ნორმების ჩამოყალიბების საკითხს, იგი ჯგუფის ინდივიდზე ზეგავლენის კანონზომიერებებს იკვლევს, ხოლო მილგრამი ავტორიტარული მორჩილების ფსიქოლოგიური თავისებურების კვლევას ეხება. ამჟამად შერიფისა და აშის გამოკვლევებს შევაფასებთ, ხოლო მილგრამის ექსპერიმენტებს მორჩილების ფენომენის განხილვისას გავარჩევთ.


ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ კონფორმულობაზე

ჯგუფის შეჭიდულობა და კონფორმულობა. ჯგუფის შეჭიდულობაში იგულისხმება ე.წ. ჩვენ გრძნობა – თუ რამდენად თვლის ინდივიდი ჯგუფს მისთვის ღირებულად – ე.ი. ჯგუფის წევრებს შორის კავშირის ხარისხი – მაგ. ურთიერთ სიმპატიების ხარისხი. ჯგუფის შეჭიდულობა განიხილება როგორც ერთერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ახდენს ერთი ჯგუფი მეტ გავლენას თავის წევრებზე, ვიდრე მეორე ჯგუფი. რაც უფრო დიდია შეჭიდულობის ძალა მით უფრო კონფორმულები არიან ჯგუფის წევრები ჯგუფის ნორმების და მიზნების მიმართ.
ჯგუფის სიდიდე და კონფორმულობა. თითქოსდა ლოგიკური იყო დაშვება, რომ რაც უფრო მეტი რაოდენობა მოქმედებს ერთნაირად, ან ამტკიცებს გარკვეულ მოსაზრებას, მით უფრო დიდი იქნება ალბათობა ჩვენც ისე გავაკეთოთ. მაგრამ ჯგუფის სიდიდესა და კონფორმულობას შორის დამოკიდებულება უფრო რთული აღმოჩნდა. კვლევითი მონაცემები მიუთითებენ, რომ კონფორმულობისაკენ დაწოლა, დამორჩილების ტენდენცია, იზრდება 5 კაციან ჯგუფებამდე, და ამის შემდეგ ჯგუფის ზომის ზრდა ძალიან მცირე დამატებით ეფექტს იძლევა. ამის ერთერთ მიზეზად თვლიან იმას, რომ ჯგუფის სიდიდის ზრდა 5 წევრის ზემოთ, შეიძლება წარმოშობს საიდუმლო გარიგების არსებობის შესახებ ეჭვს. ე.ი. შეიძლება ჯგუფის წევრმა, რომელზეც გავლენას ახდენს ჯგუფი, დაასკვნას, რომ ჯგუფის წევრები არ გამოხატავენ ინდივიდუალურ თვალსაზრისს.
სქესის განსხვავებულობა და კონფორმიზმი. ადრინდელი გამოკვლევები აჩვენებდა, რომ ქალები უფრო კონფორმულები არიან ვიდრე მამაკაცები. ეს მონაცემები გარკვეულწილად ქალებისა და მამაკაცების მახასიათებლების შესახებ გაბატონებული თვალსაზრისის კონსისტენტური იყო (მაგ. რომ მამაკაცები უფრო მტკიცენი არიან და ქალები დამთმობები). 1970 წლებამდე თვალსაზრისი, რომ ქალები უფრო მგრძნობიარენი არიან სოციალური გავლენის მიმართ ვიდრე მამაკაცები ეჭვმიუტანელი ჩანდა. 70-იან წლებში იწყება ასეთი მიდგომის შემოწმება. ახალი კვლევები შეიძლება ითქვას რომ არ ადასტურებდა სქესს შორის რაიმე განსხვავებას კონფორმულობის ტენდენციებში. აღინიშნა, რომ ასეთი შედეგები მიღებული იქნა უფრო დახვეწილი და თანამედროვე დონეზე ჩატარებული კვლევების საფუძველზე. დადგა საკითხი, რატომ იყო ადრინდელ კვლევებში მიღებული განსხვავებული შედეგები? რატომ დასტურდებოდა რომ ქალები უფრო კონფორმულები არიან? როგორც ჩატარებული ექსპერიმენტების ანალიზმა აჩვენა, შედეგები არსებითად განსაზღვრა იმ მასალამ რომელიც კვლევისას იყო გამოყენებული. აღმოჩნდა, რომ დავალება ან ის მასალა, რომელსაც იყენებდნენ კვლევებში უფრო ნაცნობი იყო მამაკაცებისათვის, ვიდრე ქალებისათვის. რადგან ადამიანებს ტენდენცია აქვთ მიყვნენ სხვის გავლენას უფრო მაშინ, როცა ისინი გაურკვეველ სიტუაციაში არიან ვიდრე როცა სიტუაცია გარკვეულია, გასაგებია მონაცემების მიხედვით ქალები რატომ ავლენდნენ კონფორმიზმის უფრო მაღალ დონეს ვიდრე მამაკაცები. რომ ეს ფაქტორი მართლაც პასუხისმგებელია კონფორმულობაში სქესთა შორის განსხვავებულობაზე ადრეულ კვლევებში მიღებულ შედეგებზე, დაადასტურა კვლევებმა. ერთერთ კვლევაში დადგინდა, რომ როცა ქალებისათვის ნაკლებად იყო ცნობილი ის მასალა რომელსაც იყენებდნენ კვლევებში, ისინი მართლაც უფრო ავლენდნენ დამთმობლობას ჯგუფის დაწოლის მიმართ. მაგრამ როცა გამოყენებული მასალა ნაკლებად ნაცნობი იყო მამაკაცებისათვის ვიდრე ქალებისათვის, მაშინ მამაკაცები ავლენდნენ მეტ კონფორმულობას.
ამრიგად, ახალი მონაცემები არ ადასტურებენ მნიშვნელოვან განსხვავებას კონფორმულობაში მამაკაცებსა და ქალებს შორის. ამასთან იმასაც ვარაუდობენ, რომ შესაძლოა შეიცვალა ქალების მიმართ სტერეოტიპები და უახლოესი გამოკვლევები ამიტომ იღებენ განსხვავებულ შედეგებს.

კონფორმიზმის საფუძვლები
როგორც ვნახეთ, მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს იმას, განხორციელდება თუ არა კონფორმულობა და თუ რა ხარისხში გამოვლინდება ის. მიუხედავად ვარიაციებისა ერთი რამ ნათელია – კონფორმული ქცევა ჩვეულებრივია. ადამიანების უმრავლესობა კონფორმულია ნორმების მიმართ. დგება საკითხი რატომ?
ცხადია პასუხი არ არის მარტივი. კონფორმულობას ალბათ მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს, მაგრამ მათ შორის განსაკუთრებით მიუთითებენ ადამიანის ორ ბაზისურ მოთხოვნილებაზე: სურვილი მოსწონდეს სხვებს და სურვილი იყოს სწორი (ჟნსკო, 1985)
სურვილი მოსწონდე სხვას – ანუ როგორც მას უწოდებენ ნორმატული გავლენა. კონფორმიზმი, რომელიც ემყარება ადამიანის სურვილს დააკმაყოფილოს სხვების მოლოდინები, როგორც წესი იმიტომ, რომ მოიპოვოს აღიარება. როგორ გამოვიწვიოთ სხვა ინდივიდები, რომ მოვწონდეთ ჩვენ? ალბათ ესაა სოციალური ურთიერთობის ერთერთი მუდმივი საზრუნავი. როგორც მოწონების ფენომენის განხილვისას აღვნიშნეთ, მრავალი სტრატეგია არსებობს საამისოდ. ერთერთი მათგანი იყო მსგავსება. ადამიანები ბავშვობიდან სწავლობენ, რომ დათანხმება ადამიანებისადმი, რომლებიც ჩვენს ირგვლივ არსებობენ, მოიქცე ისე როგორც ისინი აკეთებენ ან მოელიან ჩვენგან, განსაზღვრავს იმას რომ ჩვენ მოვწონდეთ. მშობლები, მასწავლებლები, მეგობრები, ხშირად უცნობებიც გვასაჩუქრებენ პრიზებით და მოწონებით როცა ასეთ მსგავსებას ვამჟღავნებთ. ამდენად, ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რომ კონფორმულები ვართ არის მარტივი: ჩვენ ვსწავლობთ, რომ თუ ასე მოვიქცევით მივიღებთ მოწონებას და აღიარებას სხვებისაგან, რაც ასე ძლიერ გვსურს. კონფორმულობა, რომელიც მომდინარეობს ამ წყაროდან ცნობილია როგორც ნორმატული სოციალური გავლენა, რადგან ის გულისხმობს საკუთარი ქცევის შეცვლას რათა მოერგო სხვების მოლოდინებს, სოციალურ ნორმებს.
სურვილი იყო სწორი – ანუ ინფორმაციული სოციალური გავლენა. მთელი რიგი საკითხების მიმართ ჩვენ არა გვაქვს საშუალება ვიცოდეთ თუ რამდენად სწორი ვართ. მაგ. როგორ შეგვიძლია დავადგინოთ თუ რამდენად ზუსტია ჩვენი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები ან როგორ გადავწყვიტოთ როგორი სახის ტანსაცმელია მოდური და მიმზიდველი? არ არსებობს მუდმივი მოხერხებული ტესტები ან გამზომი ხელსაწყო მათ დასაზუსტებლად. მიუხედავად ამისა ჩვენ ძლიერი სურვილი გვაქვს ვიყოთ სწორი ასეთ საკითხებში. ამ დილემის გადაწყვეტა კი საჭიროა. რათა ვუპასუხოთ ასეთ კითხვებს ან თუნდაც მოვიპოვოთ ინფორმაცია მათ შესახებ, მივმართავთ ხალხს. ჩვენ ვიყენებთ მათ აზრს, მათ აქტიობებს, როგორც სახელმძღვანელოს საკუთარი აზრისა და მოქმედებისათვის. კონფორმულობის ეს მეორე წყარო ცნობილია როგორც ინფორმაციული სოციალური გავლენა და ამავე დროს ის წარმოადგენს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილს. უამრავ სიტუაციაში ჩვენ ვარჩევთ აქტიობას და აზრს რომელიც სხვების აქტობის და აზრების მსგავსია და ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ დარწმუნებული ვიყოთ ჩვენს სისწორეში,
ეს ორი ფაქტორი – ძლიერი სურვილი ვიყოთ მოწონებული (ნორმატული სოციალური გავლენა) და ვიყოთ სწორი (ინფორმაციული სოციალური გავლენა) გვიბიძგებს კონფორმულობა და არა დამოუკიდებლობა იყოს ჩვენი ქცევის სტანდარტული მანერა. სოციალურ იმიჯზე ზრუნვა, შედეგად გვაძლევს ნორმატულ ზეგავლენას, ხოლო სურვილი ვიყოთ სწორი წარმოშობს ინფორმაციულ ზეგავლენას.









0
301
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ყველიაშვილი
სალომე ყველიაშვილი
301