სხვა როგორ შეიქმნა ეროვნული გვარდია 2017, 31 იანვარი, 18:20 არ ვიცი, საიდან დავიწყო და როგორ მოვუყარო სათქმელს თავი, მაგრამს ეს საქმე მაინც აუცილებლად უნდა გავაკეთო, რადგან 1989 წლიდან დღემდე საქართველოში დატრიალებული ამბების უშუალო მონაწილე ვარ, ამიტომ ჩემზე უკეთესად ამ საქმეს ვერავინ გააკეთებს.
მე არავის დადანაშაულებასა და ქებას არ ვაპირებ. ფაქტებიტ დავადასტურებ იმას, თუ როდის ვინ რას აკეთებდა. ჩემი ვალია, მომავალ თაობას დავუტოვო ჩემი ხელით დაწერილი სიმართლე საქართველოს უახლოესი ისტორიის შესახებ. დავწერ მხოლოდ იმას, რაც ჩემ თვალწინ და ჩემი მონაწილეობით მოხდა და კიდევ იმას, რაც ჩემი ახლო მეგობრებისგან გამიგია. ისეთი მეგობრებისგან, რომელთაც ნამდვილად ვენდობი.
43 წლის გავხდი. 18 წელი სამხედრო სამსახურში გავატარე. სამხედრო სამსახური 1991 წლის 10 მარტს, ეროვნული გვარდიის რიგებში დავიწყე ოფიცრის თანამდებობაზე. იმ დროს ქვეყანას ეროვნული ხელისუფლება მართავდა ზვიად გამსახურდიას მეთაურობით. ქვეყნის ისტორიაში შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას ეყრებოდა საფუძველი და მე, როგორც ამ დიადი საქმის ერთ-ერთ ფუძემდებელს, საამაყოდ მქონდა საქმე. იმ დროს ეროვნულ გვარდიაში სამსახური მართლა საამაყო იყო. ხალხს ჩემი დანახვა უხაროდა, ყველგან დიდი პატივით გვხვდებოდნენ.
1991 წლის 26 აპრილს თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ღვთისა და ერის წინაშე ფიცი დავდეთ, რომ ერთგულად ვემსახურებოდით ჩვენს სამშობლოს და საჭიროების შემთხვევაში სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებდით მტერზე გამარჯვებისთვის.
სამხედრო სამსახური პატარაობიდან მიყვარდა. სულ იმის ოცნებაშ ვიყავი, რომ ჯარში წავსულიყავი. მესტიის რაიონის სოფელ იდლიანში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, ნახევრად დანგრეულ კლუბში ტარდებოდა კინოსეანსები. ჩვენ იმ დროის ბავშვებს, ძალიან გვიყვარდა ომზე ფილმების ნახვა და ერთი სული გვქონდა, როდის მოსაღამოვდებოდა, რომ ფილმის საყურებლად წავსულიყავით. მეორე დღეს სკოლაში სულ წინა საღამოს ნანახ ფილმზე გვქონდა მსჯელობა და კამათი. და მერე გვიწევდა სამასწავლებლოში ყურყუტი და მასწავლებლების ლანძღვის მოსმენა. ახლა, ამ ყოველივეს რომ ვიხსენებ, ვფიქრობ, რა კარგი იყო ის დრო. ვინ იფიქრებდა, რომ რაც ფილმებში ვნახე, იმაზე უარესი მე გადამხდებოდა. ეროვნული გვარდიის ჩამოყალიბება და ქართული ჯარის შექმნის საფუძვლის ჩაყრა ყველასთვის სასიხარულო იყო. 26 მაისს თბილისის სტადიონზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად სამხედრო აღლუმი ჩავატარეთ. სტადიონი სავსე იყო ხალხით და ფეხზე ამდგარი ნახევარი საათი ტაშს გვიკრავდნენ. იმ დროს მართლა ბედნიერი ვიყავი. აღლუმს საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიაც ესწრებოდა მაშინდელი მთავრობის მთელი შემადგენლობით. 1991 წლის 19 აგვისტომდე ეროვნული გვარდიის რიგები ივსებოდა და ნელ-ნელა ვძლიერდებოდით. იმ დროს უკვე ახალციხის მე-9 ბატალიონში ვმსახურობდი ასმეთაურად. ბატალიონის მეთაური გიგი ფარდაშვილი იყო, შტაბის უფროსი - ნუკრი შალამბერიძე. შუაღამის 2 საათზე ნუკრი შალამბერიძე მოვიდა ჩვენს ბატალიონში, რომელიც ვალეში იდგა, და გვითხრა, სწავლებებზე მივდივართო. თან რამდენიმე ავტობუსი მოიყვანა. ჩვენც ჩავსხედით ბრძანების თანახმად ავტობუსში და გავუდექით გზას. მთელი ღამე ვიარეთ. გამთენიისას კასპის რაიონში. რკონის ხეობაში ამოვყავით თავი. ნელ-ნელა გვარდიის ყველა ბატალიონმა რკონის ხეობაში მოიყარა თავი. მხოლოდ ზუგდიდის ბატალიონი, რომელსაც ლოთი ქობალია მეთაურობდა, არ გამოჩენილა. დავბანაკდით რკონის ხეობაში და ნელ-ნელა დავიწყეთ საველე ცხოვრება. სასმელ-საჭმელი თავზე საყრელად გვქონდა. კარგ ჰაერს ვსუნთქავდით და წყაროს ცივ წყალსაც ვსვამდით. ერთი სიტყვით, მშვენიერი ცხოვრება გვქონდა, მაგრამ საველე სწავლებების ჩატარებისა არაფერი ისმოდა. დრო გადიოდა, ბანაკში თანდათან დაძაბულება იგრძნობოდა, მაგრამ თავიდან ამას ყურადღებას არ ვაქცევდით. ინფორმაცია არსაიდან არ გვქონდა და ბანაკის შემოსასვლელი საიმედოდ იყო ჩაკეტილი. ბანაკს მხოლოდ ერთი მხრიდან ჰქონდა შესასვლელი. ბოლო დროს ხალხის ნაკადმა იმატა, - მოდიოდნენ ჯარისკაცების მშობლები, ახლობლები და მეგობრები. ჩვენი მეთაურობა თენგიზ კიტოვანის ხელმძღვანელობით მშობლების და ჯარისკაცების შეხვედრას კრძალავდა. ამიტომ ბანაკის შესასვლელთან გაძლიერებული დაცვა დააყენეს. ხალხი აღშფოთებული მოიწევდა წინ. ხშირად ხელჩართული ჩხუბიც მომხდარა ბანაკის დამცველ გვარდიელებსა და ხალხს შორის. ჩვენ არაფერი ვიცოდით და ამ დროს თურმე თენგიზ კიტოვანი ამბოხებას გეგმავდა. ამ ინფორმაციამ ჩვენს ბანაკში ნელ-ნელა შემოაღწია. დაძაბულობა დღითი დღე იზრდებოდა. ზოგიერთმა ბანკის დატოვება სცადეს და მათ ჯერ სცემეს, მერე სამხედრო ფორმა გახადეს და ისე გაუშვეს. ამ მეთოდმა არ გაჭრა და წამსვლელთა რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა. თენგიზ კიტოვანმა ეშმაკურობას მიმართა : 28 აგვისტოს, მარიამობის დღეს, მთელი გვარდიის ნაწილები აგვიყვანა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, იქ ცხვარი დაკლეს და ერთ ერთი ბატალიონის მეთაურის პირით ერთგულებაზე ფიცი დაგვადებინა. ამით კი უფრო გართულდა ბანაკში მდგომარეობა. თითქმის ყველა გასაქცევად იყო მზად. თენგიზ კიტოვანმა და სხვა ხელმძღვანელებმა რომ დაინახეს ხალხს ვეღარ იმორჩილებდნენ, გამოაცხადეს, ვისაც უნდა, დარჩეს და ვისაც უნდა, წავიდესო. 1-ელ სექტემბერს ჩვენი მე-9 ბატალიონი წამოვიდა და თბილისში, მთავრობის სახლში ჩავდექით. თავიდან, ცოტა არ იყოს, უნდობლად შეგვხვდნენ ზუგდიდის, სოხუმისა და გულშიფრის ბატალიონების მებრძოლები, მაგრამ ავუხსენით, რომ სწავლებებზე გაგვიყვანეს და სინამდვილეში რა ჰქონდა გულში თენგიზ კიტოვანს, არ ვიცოდით. მთავრობის სახლში დავრჩით იმ ავადსახსენებელ 22 დეკემბრამდე, როცა თბილისის ძმათამკვლელი ომი დაიწყო. რკონში კი თენგიზ კიტოვანთან იყვნენ ტყიბულის, რუსთავისა და შავნაბადის ბატალიონები, მაგრამ ცოტა ხანში ისინიც ჩამოვიდნენ და შავნაბადაზე დაბანაკდნენ. ასე გაიხლიჩა ეროვნული გვარდია. ის ხალხი, რომლებიც რამდენიმე თვის უკან ერთმანეთს ძმობას ვეფიცებოდით, ვიღაცეების ინტრიგების გამო იარაღით ხელში ერთმანეთის პირისპირ ავღმოჩნდით. არადა, თავიდან გვარდიაში ხალხი სულ პატრიოტული განწყობით მოდიოდა. აი, სწორედ ეს პატრიოტული სული ჩაკლეს იმ ავადსახსენებელი ომით, რომელსაც თბილისის ომი ჰქვია. 147 2-ს მოსწონს
|