x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510067
"პროფესიული გადაწვა" - გამომწვევი მიზეზები და დაძლევის სტრატეგიები
image

დღეს ჩვენი საზოგადოება, რომელიც სავსეა დაბრკოლებებით, დაძაბულობებით, სტრესისგარეშე ძნელად თუ წარმოგვიდგენია და ამ სიტყვის მნიშვნელობა ალბათ არავისთვის არარის უცხო.ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემო ხდება ჩვენზე მოქმედებს მიუხედავად იმისა, ვაცნობიერებთ ჩვენ ამას თუ არა. სწორედ ამ გარემოს ზემოქმედებას ვუწოდებთ მუდმივ დაძაბულობას, სტრესს. ჩვენს ყოველდღიურობაში უამრავ სიტუაციას ვაწყდებით, რომელიც მიგვიყვანს სტრესულ მდგომარეობამდე.

ინდივიდის სტრესული მდგომარეობა შეიძლება დაკავშირებული იყოს საკუთარ პროფესიასთან, იმ სამუშაო გარემოსთან, რომელშიც ის იმყოფება, ადამიანებთან ვისთანაც უწევს ურთიერთობა, სამუშაო სივრცეში გატარებულ დროსთან და მთელ რიგ ფაქტორებთან, რომელმაც შეიძლება მომუშავე სტრესულ მდგომარეობამდე და ემოციურ გამოფიტვამდე მიიიყვანოს. ეს პროფესიული გადაწვის სინდრომია- როგორც უცხოურ ლიტერატურაში უწოდებენ, Burn out სინდრომი, მეოცე საუკუნის მიწურულისა და ოცდამეერთე საუკუნის შრომით დაკავებული ადამიანის ყველაზე საშიში და, სტატისტიკას თუ დავეყრდნობით, თითქმის გარდაუვალი პერსპექტივა.

ტერმინი Burn out პრაქტიკაში 1974 წელს დამკვიდრდა ამერიკელი ფსიქიატრის ფრეიდენბერგის მიერ იმ ჯანმრთელი ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობის აღსაწერად, ვისაც მჭიდრო კონტაქტი აქვთ ადამიანებთან პროფესიული დახმარების კუთხით, ეხება სხვის პრობლემებსა და განცდებს, ეხმარება მათ და აგვარებს კონფლიქტურ სიტუაციებს. მუდმივად ემოციურად გადატვირთულ ატმოსფეროში მუშაობასა და სხვისი პრობლემების უნებურად საკუთარი სიძლიერით აღქმას იქამდე მივყავართ, რომ სპეციალისტები გადაჭარბებულ ემოციურ დაძაბულობას განიცდიან და ინტენსიურად ხარჯავენ საკუთარ რესურსებს. შედეგად ადამიანი იფიტება და "გადაიწვება".



რისკ-ჯგუფები


გადაწვა დიდი ქალაქების ავადმყოფობაა, იმის გათვალისწინებით, რომ გარშემო ბევრი ადამიანია, რომელთანაც სურვილის მიუხედავად გვიწევს ურთიერთობა: საცობში, მაღაზიაში, ქუჩაში, ოფისში. ადამიანები, რომელთან უწევთ ბევრი ურთიერთობა საქმიანობის გამო, უფრო მეტად გადაიწვებიან. პროფესიული გადაწვის რისკ- ჯგუფებში არიან გაყიდვის მენეჯერები, კადრების მენეჯერები, პიარმენეჯერები, ფსიქოლოგები; ადამიანები, რომლებიც მუშაობენ განსაკუთრებით მძიმე ავადმყოფებთან, ასევე მუშაობენ სასჯელაღსრულების სისტემაში, ბავშვთა სახლებში, საომარი ქმედებების დროს დაზარალებულებთან და სხვა. პროფესიული გადაწვისაგან არც ხელმძღვანელ პოზიციებზე მომუშავე ადამიანები არიან დაზღვეულნი. როდესაც ხელმძღვანელს აქვს მოთხოვნილება, თავად აკონტროლოს მისდამი დაქვემდებარებული ყველა ადამიანის საქმიანიბა, იგი იოლად მოექცევა პროფესიული გადაწვის რისკის ქვეშ. მსგავსი პრობლემა აქტუალურია დიდი კორპორაციებისთვის, სადაც ნამდვილი ბრძოლა მიმდინარეობს ადგილის, დაწინაურების, ხელფასის, უფროსის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.

რაც შეეხება შემოქმედებით ადამიანებს, დრამატურგები და არტისტები იმდენად ეფლობიან მუშაობაში, რომ ხანდახან საკუთარ გრძნობებს პერსონაჟის გრძნობებში ურევენ. ამანშეიძლება ისინი პროფესიულ გადაწვამდე მიიყვანოს.

ასევე შეიძლება გადაიწვან ადამიანები, რომლებიც სამუშაოს დაკარგვის მუდმივ შიშში ცხოვრობენ, არა აქვთ ხვალინდელი დღის რწმენა. მეორე პოლუსზე არიან ისეთი ადამიანები, ვისაც წარმატების მიღწევა ნებისმიერ ფასად უნდათ, ჰიპერპასუხისმგებლობის გრძნობის მქონენი, პროფესიულ საქმიანობაში ძალიან ღრმად ჩაფლულები და ისინიც, ვისაც პირად და სამსახურეობრივ ცხოვრებას შორის ზღვარის გავლების უნარი არ გააჩნია.


პროფესიული გადაწვის გამომწვევი მიზეზები


პროფესიული გადაწვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია შესრულებული სამუშაოს სრულყოფილებისკენ ლტოლვა. პერფექციონიზმი, ანუ ყოველგვარი სამუშაოს სრულყოფილად შესრულების სურვილი, შრომისმოყვარეობას კლავს. დღეს ნებისმიერი პროფესიის ადამიანს ყველაზე მეტად მოქნილობა და სიახლეებისადმი ღიაობა, ადაპტირებისა და სიახლეთა პრაქტიკაში დანერგვის უნარი მოეთხოვება.

პროფესიული გამოცდილება შეიძლება წარმატების დამაბრკოლებელ ფაქტორადაც იქცეს.ასეა, როდესაც ადამიანს თავისი პროფესიული ცოდნა და გამოცდილება ერთადერთ და შეუცვლელ ჭეშმარიტებად მიაჩნია და ჰგონია, უკვე ყველაფერი ნახა გამოსცადა და თავის პროფესიაში ახალ ვეღარაფერს ისწავლის.

პროფესიული გადაწვისათვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები: მუდმივიდაღლილობის განცდა; ფიზიკური გამოფიტულობის და უენერგიობის შეგრძნება; ძილის დარღვევა, რაც გამოიხატება ან მოჭარბებულ ძილიანობაში ან უძილობაში, ნეგატიური დამოკიდებულება სამუშაოს, კოლეგების, კლიენტების მიმართ; აგრესიული (ავტოაგრესიული) განცდები და განზრახვები, უგუნებობა და მასთან დაკავშირებული ემოციები- ცინიზმი, პესიმიზმი, დეპრესია. დაურწმუნებლობის და უსუსურობის განცდები. ასევე პროფესიული გადაწვის დროს შესაძლოა თავი იჩინოს სხვადასხვა სომატურმა ჩივილებმა: თავის ტკივილი, არტერიული წნევის ცვალებადობა, ტკივილები გულმკერდისა და კუჭის არეში, რაც მეტნაწილად სწორედ პროფესიულ გადაწვას უკავშირდება და არ არის ორგანული დარღვევებით გამოწვეული.

თუ სტრესული სიტუაციიდან 2 თვეზე მეტი გავიდა და სიმპტომების გამოვლენის ინტენსივობა და სიმწვავე არ სუსტდება, მაშინ ადამიანს უკვე პროფესიული დახმარება დასჭირდება.


პროფესიული გადაწვის თავიდან აცილების ეფექტური სტრატეგიები

1. შეიყვარეთ თქვენი საქმე. გააანალიზეთ რა სარგებლობა მოაქვს თქვენთვის სამსახურს:ხელფასი, საზოგადოებრივი პატივისცემა, სამუშაო გარემო, სამუშაო საათები.

2. ნათლად განსაზღვრეთ თქვენი სამომავლო გეგმები, წარმოიდგინეთ, როგორი გინდათ იყოს თქვენი მდგომარეობა ორგანიზაციაში მომავალი სამი წლის განმავლობაში და იმოქმედეთ ამის მისაღწევად.

3. სამსახურისგან თავისუფალ დროს შეეცადეთ დაკავდეთ პროფესიულისგან განსხვავებული რაიმე საქმიანობით - სპორტი, შემოქმედება, რაიმე ჰობი.

4. ეცადეთ გამიჯნოთ სამსახურის სამყარო და პირადი სამყარო.

5. მონოტონურობისა და გადაწვის აცილების საუკეთესო საშუალებაა ზეამოცანის დასახვა და სამუშაოს მიმართ შემოქმედებითი მიდგომა- სიახლის შეტანა, საკუთარი ინიციატივა და ა.შ.

6. სხვადასხვა სახის ტრენინგებში და გასვლით სემინარებში მონაწილეობა კიდევ ერთი საშუალებაა სამუშაოს რუტინისა და გადაწვის გადასალახად.

7. გადაწვის ეფექტის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია შრომის დოზირება. უნდაისწავლოთ თავის დროზე სამუშაოს დასრულება.

8. სტრესის დროს ალკოჰოლის, მედიკამენტის და თამბაქოს გამოყენება მყარ შედეგს არ იძლევა და მხოლოდ ილუზორულ, დრობით შვებას გვაძლევს.

9. გაუზიარეთ თქვენი განცდები კოლეგას, ოჯახის წევრს, გახადეთ ანალიზის საგანი.

10. ხშირად მიმართეთ "ტაიმ-აუტს" (მცირე შესვენებებს მუშაობის პროცესში) - შეეცადეთ გადართოთ ფიქრები სამუშაოსგან განყენებულ საკითხებზე.


0
31
შეფასება არ არის
ავტორი:ანი სიმსივე
ანი სიმსივე
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0